14:31:47     28-11-2011
უილიამ ბლეიქი - დაბადების დღისადმი
დიდი ინგლისელი პოეტი, მხატვარი, ლითოგრაფი და მოაზროვნე უილიამ ბლეიკი დაიბადა 1757 წლის 28 ნოემბერს ლონდონში.
სკოლაში მხოლოდ ათ წლამდე იყო, მერე კი დედის ხელმძღვანელობით სწავლობდა. მშობლები დისენტერების, - ოფიციალური, ანგლიკანური ეკლესიისგან გამოყოფილი, განცალკევებული, - პროტესტანტული მიმდინარეობის, „ჩეხი ძმების“ ანუ „მორავის ეკლესიის“ წევრები იყვნენ, ჰუსისტური მოძრაობიდან. მათ ძალიან მორწმუნე ოჯახი ჰქონდათ.
ბავშვობიდან უყვარდა ხატვა, აკეთებდა ასლებს ძველბერძნული სიუჟეტის ნახატებიდან. აკვირდებოდა რაფაელს, მიქელანჯელოს, დიურერს. მშობლები განიცდიდნენ, რომ ვერ ასწავლეს სკოლაში და ყველაფერი გააკეთეს, რათა შვილს ესწავლა ხატვა, რაც ასე უყვარდა. მიაბარეს ხატვის მასწავლებელს. სიყმაწვილიდანვე გატაცებული იყო პოეზიით.
1772 წელს უილიამი 7 წლით მიაბარეს გრავიურის ოსტატს, ჯეიმს ბესაიერს. 1778 წელს მოეწყო ხელოვნების სამეფო აკადემიაში. 1782 წელს იქორწინა ქეთრინ ბუშერზე. შვილები არ ჰყოლიათ. მეუღლე ეხმარებოდა გრავირებაში და ერთგულად მეგობრობდა ნიჭიერ შემოქმედს.
უილიამ ბლეიქის ლექსების პირველი კრებული გამოვიდა 1783 წელს. თავის წიგნების თვითონ უკეთებდა გრავიურას, როგორც ლექსების, ისე ნახატებსისათვის.
1783 წელს გარდაეცვალა მამა. მან და მისმა ძმამ, რობერტმა გახსნეს ტიპოგრაფია. გატაცებული იყო რევოლუციური იდეებით, რომელიც საფრანგეთიდან აღწევდა დიდ ბრიტანეთში. თუმცა, იაკობინელთა მიერ მოწყობილმა ტერორმა გული გაუტეხა პოეტს. ეს მის პოეზიაშიც აისახა.
პოეტი და მხატვარი უილიამ ბლეიქი გარდაიცვალა 1827 წლის 12 აგვისტოს. ამ დროს მუშაობდა „ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრაციებზე. ძალიან კარგ ხასიათზე ყოფილა და მშვიდად შეხვერია სიკვდილს. მისი საფლავის მდებარეობა დღეისათვის უცნობია. უილიამ ბლეიქი სიცოცხლეში ვერ ეღირსა აღიარებას. თუმცა მომავალმა თაობებმა არ დაუკარგეს ნიჭი და დამსახურება. პრერაფაელიტებმა დააფასეს შესანიშნავი შემოქმედი.
დღეს, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გთავაზობთ უილიამ ბლეიქის ლექსს - „ვეფხვი“, რომელიც თარგმნა გია ჯოხაძემ.
ვეფხვი
(თარგმნა გია ჯოხაძემ)
ვეფხვო, შენს ტანზე უთვალავი ელვარებს ხალი
და ღამეც იწვის, ამ ნათების მთვარედ შემკვრელი...
რა გრძნეულ ხელით, რა უკვდავი შევლებით თვალის,
ამ საზარელი სიმეტრიის ვინ არს შემქნელი?
რომელ შორეულ სიღრმეებში ან რომელ ცაში
აინთო ცეცხლი შენი მზერის, შმაგის და მწველის...
რომელმა ძალამ გააჭენა ქარიშხლის რაში
ან ამ ცეცხლისთვის ვინ გაბედა შევლება ხელის?
რომელმა მხარმა, რა მისნურმა ხელოვანობამ
შეძლო დაგრეხა შენი მკერდის მტკიცე მყესების?
სულშთაბერილმა გულმა როდის იწყო გალობა,
ადამიანის ხელმა ჰქმნა თუ ბრჭყალმა მხეცების?
რომელმა ურომ გაფრქვევინა თვალთაგან ელვა?
რამ გამოგაწრთო ჯაჭვმა? ბრძმედმა? ძნელია ახსნა,
შენი შეგდება გრდემლზე ვისმა გაბედა ხელმა
ან ვინ იტვირთა სასიკვდილო საკინძის გახსნა?
ვარსკვლავთა გუნდმა როს დაშრეტა თვალთა ინება,
ედემის კიდეს დაესვენა მაშვრალი მკვლავი,
თუ გაეღიმა, როს იხილა თავის ქმნილება?
იმანვე შეგქმნა, მოუვლინა ვინც სოფელს კრავი?
ვეფხვო, შენს ტანზე უთვალავი ელვარებს ხალი
და ღამეც იწვის, ამ ნათების მთვარედ შემკვრელი...
რა გრძნეულ ხელით, რა უკვდავი შევლებით თვალის,
ამ საზარელი სიმეტრიის ვინ არს შემქნელი?