14:27:32     28-11-2011
ალექსანდრე ბლოკის „კლეოპატრა“ (თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა)
1880 წლის 16 (ახალი სტილით 28) ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა დიდი რუსი პოეტი ალექსანდრე ბლოკი (Алекса́ндр Блок).
პოეტის მამა, ალექსანდრე ბლოკი იყო ვარშავის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. დედა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის, ცნობილი ბოტანიკოსის ანდრეი ბეკეტოვის ასული გახლდათ, უცხოური ლიტერატურის მთარგმნელი.
მშობლები დაშორდნენ და 1889 წელს დედა მეორედ გათხოვდა გვარდიის ოფიცერზე. იმავე წელს მიაბარეს გიმნაზიაში. 1898 წელს დაასრულა სწავლა გიმნაზიაში და ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაასრულა 1906 წელს.
1903 წელს იქორწინა ლუბოვ მენდელეევაზე, მენდელეევის პერიოდულობის სისტემის ავტორის, ცნობილი მეცნიერის დიმიტრი მენდელეევის ქალიშვილზე. ძალიან უყვარდა თავისი ცოლი. ის გახლდათ მისი მუზა, მაგრამ ხანდახან სხვა ქალებითაც იყო გატაცებული.
1909 წელს ცოლ-ქმარს ბავშვი გარდაეცვალათ. იმავე წელს გარდაიცვალა პოეტის მამაც. მეუღლესთან ერთად იტალიაში გაემგზავრა, რათა დაევიწყებინა ტრაგედია და გული გადაეყოლიებინა. 1911 წელს იმოგზაურა საფრანგეთში, თუმცა არ მოეწონა ფრანგები, განსაკუთრებით ბრეტონელები. 1913 წელს ისევ გაემგზავრა საფრანგეთში, ექიმების რჩევით.
1917 წელს რუსეთის იმპერია შეიცვალა და იქცა ბოლშევიკურ იმპერიად. 1920 წელს გარდაეცვალა მამინაცვალი და პოეტმა დედა თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად.
ბოლშევიკურ რუსეთში პოეტ ალექსანდრე ბლოკს გაუჭირდა მატერიალურად და სულიერად. შერყეული ჰქონდა ჯანმრთელობა. აწუხებდა ასთმა და C ვიტამინის ნაკლებობა, ასევე მძიმე ნერვიული აშლილობა. მისთვის აუცილებელი იყო მკურნალობა სანატორიუმში, ფინეთში, მაგრამ ლენინის, კამენევისა და ტრიცკის გადაწყვეტილებით პოეტი არ გაუშვეს სამკურნალოდ, მიუხედავად იმისა, რომ ლუნაჩარსკი და მაქსიმ გორკი რეკომენდაციას აძლევდნენ (უნდა გავიხსენოთ, რომ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონი და მისი ოჯახი მაქსიმ გორკის დახმარებით გაემგზავრნენ საფრანგეთში და ასე გადარჩნენ).
1921 წლის 7 აგვისტოს დიდი პოეტი გარდაიცვალა, პეტროგრადში.
ლექსებს წერდა ხუთი წლის ასაკიდან. სიყმაწვილეში ქმნიდა ხელნაწერ ჟურნალებს. 16 წლიდან გატაცებული იყო თეატრით.
ალექსანდრე ბლოკის პოეზია სიმბოლისტურია, განსაკუთრებით მისი შემოქმედების პირველ ნაწილში. სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო რეალიზმისა და ნატურალიზმის მობეზრების, მიუღებლობისა და უარყოფისა დასავლურ სამყაროს შემოქმედებაში. ის პოზიტივიზმისგან სრულიად განსხვავებული მოვლენაა. სიმბოლოზმისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახეების სიმბოლოებით შეცვლა, ირეალური წარმოსახვითი სახე-ხატები, ზრუნვა სიტყვაზე და მუსიკალურობაზე. სიმბოლიზმი გაურბოდა რეალობას და სამაგიეროდ ძალიან ლირიკული პოეზია მოგვცა. სიმბოლიზმი იშვა XIX საუკუნის დასასრულს საფრანგეთში. საფრანგეთში მისი წარმომადგენლები იყვნენ შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და სხვა. როგორც მიაჩნიათ ლიტერატურის მკვლევარებს, თავიდან სიმბოლისტური მოძრაობა შარლ ბოდლერის კრებულში “ბოროტების ყვავულები” გამოვლინდა. სიმბოლიზმის ესთეტიკა, განსაკუთრებით, განავითარეს სტეფან მალარმემ და პოლ ვერლანმა 1860-70-იან წლებში.
სიმბოლისტები იყვნენ: ბელგიაში - ემილ ვერჰარნი, მორის მეტერლინკი. გერმანიაში - გერჰარტ ჰაუპტმანი, შტეფან გეორგე; ინგლისში - ოსკარ უაილდი, ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი, ავსტრიაში - რაინერ მარია რილკე; რუსეთში - ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი და სხვა.
ქართველ სიმბოლისტებს უყვარდათ ალექსანდრე ბლოკი. დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ალექსნდრე ბლოკის ლექსს „კლეოპატრა“, რომელიც თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა. ეს ლექსი ალექსანდრე ბლოკმა დაწერა 1907 წლის 16 დეკემბერს.
კლეოპატრა
(თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა)
ერთი, მეორე, მესამე წელი
პანოპტიკუმი ღიაა მკრთალი.
მივდივართ, როგორც ბრბო გაუზრდელი,
კუბოში გვიცდის ჩვენ დედოფალი.
ის ასვენია მინის კუბოში,
არც ცოცხალია ის და არც მკვდარი,
დაუღალავათ გაისმის ბრბოში
მასზედ სიტყვები შეუსადარი.
ის გაწოლილა ზანტი, გვიანი,
რო დაიძინოს მარადი ძილით.
გველი ბოროტი და შხამიანი
მას გულს უწოვის უხმო წივილით.
მეც სამარცხვინო და მოცახცახე,
თვალების ქვევით ლურჯი რკალებით
მოვედი - დინჯი პროფილი ვნახე,
ვუცქერ სანთელის ტანს მოკრძალებით.
შენ გეტმასნება ცქერა ყოველი.
ხარ საოცნებო, ყალბი ზმანება
და ვით სიმღერა დაუთოველი
მესმის დაფერფლილ ტუჩთა ბრძანება:
- შემოსეთ ვარდით ჩემი ობლობა.
ავია ჟამთა კორიანტელი.
ეგვიპტეს ვსცანი მე დედოფლობა,
ახლა ვარ მტვერი, მიწა, სანთელი.
- მე ეგვიპტეში, გვირგვინოსანო,
ვიყავი მხოლოდ მონა ურვილი
ახლა კი, როგორც მგოსანთ მგოსანი
მეფურ დიდებით ვარ აღჭურვილი.
ახლა თუ ხედავ, რომ შენი ტრფობით
იწვის რუსეთი, ვით რომი შორი,
მე და ცეზარი აწეულ გრძნობით
დროთა წინაშე ვიქნებით სწორი.
მას ჩემი ქება, ალბათ, აწუხებს.
ოდნავათ მისი კანკალებს გული.
ქსოვილის თრთოლვით ის მიპასუხებს,
ნელი სიტყვებით ვარ განგმირული:
- ვქმნიდი ოდესმე სასტიკ გრიგალებს,
ახლა კი, ახლა ყველაზე მწვავეთ,
მე ავაცრემლებ ლოთ მგოსნის თვალებს
და მოვგვრი სიცილს ზარხოშ მეძავებს.
0