„ნერვების ომი“ გრძელდება: ირანი ისრაელს რაკეტებით ემუქრება „ნერვების ომი“ გრძელდება: ირანი ისრაელს რაკეტებით ემუქრება />


  12:57:55     28-11-2011

„ნერვების ომი“ გრძელდება: ირანი ისრაელს რაკეტებით ემუქრება

a12775.jpg

თურქეთის შემდეგ, ირანის ისლამური რეჟიმი, ისრაელს დაემუქრა. ოფიციალური თელ–ავივის მიერ გავრცელებული განცხადებების საპასუხოდ, რომ თუ ირანი ბირთვულ პროგრამას გაზაფხულამდე არ შეწყვეტს, ისრაელის სამხედრო–საჰაერო ძალები ირანულ ატომურ ობიექტებს დაბომბავენ, თავის მხრივ, მუქარა თეირანმაც გააავრცელა. ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ თუ ისრაელი სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან, მის წინააღმდეგ 150 ათასი რაკეტა იქნება გაშვებული. ირანის თავდაცვის მინისტრის, აჰმედ ვაჰიდის თქმით, ისრაელი იმსახურებს სასჯელს იმ დანაშაულებისათვის, რომელიც სიონისტებმა პალესტინასა და ლიბიაში ჩაიდინეს.    

ირანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მცირე ხნის წინ, ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის ერთ–ერთმა სამხედრო მრჩეველმა, გენერალმა რაჰიმ საფავიმ განაცხადა, რომ ისრაელში არ მოიძებნება თუნდაც ერთი ხიდი, რომელსაც ირანული რაკეტები ვერ მიწვდება. მისი თქმით, ირანს საამისოდ საკმარისი რაოდენობის შეიარაღება აქვს. გენერალმა ისიც აღნიშნა, რომ თუ ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის დაბომბვას დაიწყებენ, პასუხი ისეთი მასშტაბის იქნება, რომ რეგიონში განთავსებული ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, მის წინააღმდეგ უძლური იქნება. 

დასავლელი ექსპერტების განცხადებით, თეირანი ომის სამ ვარიანტს განიხილავს. პირველი, ეს იქნება ფართომასშტაბიანი ომი, სადაც გამოყენებულ იქნება თავდასხმა როგორც ჰაერიდან, ისე ქვეყანაში სახმელეთო შეჭრა. მეორე – სამეთაურო–საკონტროლი ცენტრების განადგურება და საერთო სიტუაციის დესტაბილიზაცია ირანში, ვიდრე ისლამური რეჟიმი დამარცხებას არ აღიარებს და მესამე, განსაზღვრული სამხედრო ობიექტების განადგურება, რომელსაც აშშ და ისრაელი ერთობლივად განახორციელებენ.   

ირანის ირგვლივ, ვითარება მიმდინარე თვის დასაწყისში კვლავ დაიძაბა. ამ ეტაპზე, საერთაშორისო ფრონტზე, დიდი დიპლომატიურ–პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ისლამური რეჟიმი განსაკუთრებით გააღიზიანა თურქეთის თანხმობამ მის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ. ამას ისრაელის მკვეთრი განცხადებები ირანის წინააღმდეგ და საერთაშორისო ატომური სააგენტოს მოხსენება მოჰყვა, რომელიც თეირანისათვის არასასურველი აღმოჩნდა. ექსპერტები ვითარების ესკალაციას გაზაფხულიდან ვარაუდობენ.    

0

ავტორი: