12:38:04     28-11-2011
როგორ ყალიბდებოდა ქართული თეატრი...
ქართული თეატრალური ტრადიციების მიუხედავად, საქართველოში არ არსებობდა მუდმივმოქმედი თეატრალური დასი. ქართული საზოგადოების თავშეყრის ადგილები იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, ოჯახური წარმოდგენები, შეკრება-საღამოები. ლიტერატურულ სალონთა შორის ცნობილი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის, მამია გურიელის, მელიტონ ბარათაშვილის, მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონები. ნიადაგი მუდმივმოქმედი თეატრალური დასისათვის უკვე შემზადებული იყო. ამ დროისათვის არსებობდა ოცზე მეტი, როგორც ქართული, ისე ნათარგმნი პიესა.
1850 წელს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დახმარებით მსახიობმა გიორგი ერისთავმა დააარსა ქართული თეატრი. პირველი წარმოდგენა – გიორგი ერისთავის „გაყრა“ თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში გაიმართა 14 იანვარს, ამიტომ ეს დღე ქართული თეატრის დღედ არის მიჩნეული.
გიორგის ერისთავის თეატრმა მხოლოდ ექვს წელს იარსება, მაგრამ მან უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებასა და მშობლიური ენის შენარჩუნებაში.
ქართული პროფესიული თეატრი თბილისში აღდგა 1879 წელს და მალე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ შესანიშნავი მსახიობები: უშანგი ჩხეიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი და სხვა მრავალი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართველ რეჟისორთა სახელები, რომელთა წყალობითაც გაიფურჩქნა ქართული თეატრი: კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი.
ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან ფიქრობდნენ საბავშო თეატრის შექმნას. 1871 წელს დ. შალიკაშვილის სახლში დაიდგა ორი წარმოდგენა ბავშვებისათვის. მიუხედავად მცდელობისა, საბავშვო თეატრი 1928 წლამდე ვერ გაიხსნა. 1928 წლის 16 დეკემბერს კი თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო ქართულმა თეატრმა პირველი მაყურებელი მიიღო. საბავშვო თეატრის წინა საფეხურად სასკოლო თეატრი მიიჩნევა.
წყარო: “საუბრები ხელოვნებაზე"
0