გიორგი ლეონიძე - „პლატონ იოსელიანი“ გიორგი ლეონიძე - „პლატონ იოსელიანი“ />


  12:39:30     26-11-2011

გიორგი ლეონიძე - „პლატონ იოსელიანი“

a12721.jpg

15 (ახალი სტილით 27) ნოემბერი შეიძლება ითქვას, რომ პლატონ იოსელიანის დღეა. დაიბადა 1809 წლის 15 ნოემბერს და გარდაიცვალა 1875 წლის 15 ნოემბერს (როგორც ვთქვით, მაშინდელი 15 ნოემბერი ახალის სტილით 27 ნოემბერია).

ეს ფაქტის მიუთითებს, რომ პლატონ იოსელიან განსაკუთრებული ადამიანი იყო. შეიძლება ითქვას, ის მისტიკური პიროვნება გახლდათ, სულიერად დიდი საქართველოს შვილი. დაახლოებით ამგვარად ხედავს ჩვენი დიდი პოეტი და იდეოლოგი, გიორგი ლეონიძე პლატონ იოსელიანს: 

„აი, მე ნათლად მაქვს წარმოდგენილი, თუ ვით ისმის დუდუკის ტკბილი ხმა არაგვ-ალაზნის ველებზე, თუ ვით ისმის უზრუნველი ”მრავალჟამიერი” − ეს ”სულთა თანა” საქართველოსი. ხოლო ამავე დროს სევდით მოცული პლატონი წარსულის ნანგრევებზე, თუ ვით დასტირის თვითოეულ ქვას, როგორ შესჩივის მათ სულით ობლობას, რადგანაც მას ტოლი არ ჰყავს, რადგან ის ფრაგმენტია ციდან ჩამოტეხილი“...

ქართველი ისტორიკოსი, ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი და გამომცემელი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე, პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი დაიბადა, როგორც ვთქვით, 1809 წლის 15 ნოემბერს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მეთორმეტის ყოფილი კარის მოძღვრის ოჯახში.

1835 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. მუშაობდა ტფილისის სემინარიაში ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად. 1845-1856 წლებში იყო რედაქტორი რუსული გაზეთისა „ზაკავკაზსკი ვესტნიკ“, რომელიც ტფილისში გამოდიოდა. ამ გაზეთში აქვეყნებდა თავის გამოკლვლევებს.

1849 წელს იმოგზაურა საბერძნეთში, მოინახულა ძველი ქართული მწიგნობრობის კერა ათონის ივერთა მონასტერი. შეისწავლიდა ქართული კულტურის ძეგლებს. პლატონ იოსელიანი გახლდათ ათენის არქეოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი. კორესპოდენნციებს უგზავნიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას. თანამშრომლობდა ცნობილ ორიენტალისტთან და  ქართველოლოგთან, მარი ბროსესთან. გამოაქვეყნა ათეულობით ნაშრომი ქართველოლოგიის საკითხებზე.

მან გამოსცა ჩახრუხაძის „თამარიანი“ (1838), იოანე შავთელის „აბდულმესიანი“ (1938), იოსებ ტფილელის "დიდმოურავიანი" (1851), ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლა" (1852), ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობა" (1853), არჩილ II-ის „თეიმურაზიანი" (1853) და სხვა. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა გიორგი ერისთავის "გაყრა".

პლატონ იოსელიანი აგროვებდა ფოლკლორულ მასალას. იგი ითვლება გამოცანების პირველ ჩამწერად. შეადგინა კრებულები "გამოცანანი ქართულნი" (1835) და "ანდაზები და გამოცანები" (1939).

პლატონ იოსელიანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფონდი 142 საარქივო საქმეს შეიცავს. 

როგორც ვთქვით, პლატონ იოსელიანი გარდაიცვალა 1875 წლის 15 ნოემბერს, თავის დაბადების დღეზე. 

დღეს, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ გიორგი ლეონიძის ესეს „პლატონ იოსელიანი“, რომელიც 1915 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება” (№ 47).

პლატონ იოსელიანი

როდესაც გატაცებით ვკითხულობ სტრაბონის წარმტაც სტრიქონებს, როდესაც ვუკვირდები ჰეროდოტეს და ტაციტის დარბაისლურ კილოს − მაგონდება ამ დროს იოსელიანის ”შავი წიგნიც” − წიგნი წითელი ასოებით.

არ ვიცი რად ვარ ასეთი თავხედი, როდესაც ოქროს ხანის მწერლებს შევუდარე „ბახუსის ხანის” მწერალი, როდესაც ოლიმპის თამაშზე „დადაფნულ” ელლინთ გვერდით ამოვუყენე ”ვიღაც” იოსელიანი, მხოლოდ წყევით დაგვირგვინებული თვისტომთა მიერ.

არ, ვიცი, არა! ხოლო ახლა კი ისე მწყურიან მისი სტრიქონები, მისი ვნებით სავსე პათოსი, რომ მისი დაწაფება მირჩევნია ყველაფერს.

ხან, ვით მწირი მეუდაბნოელი − საღვთო სიტყვათა წარმომთქმელი, ხან ვით სარდალი, შორს გამწვრეტელი, ხან ვით მგოსანი ჰანნგად და კითხვად გადაქცეული − მიდგება თვალწინ.

და ასე თვალწინ მიდგება ის ადამიანი, რომელიც სწერდა იმ წყეულ წუთებში, როცა საქართველოს კუბოს დასტიროდა მხოლოდ ველური ზურნა.

არა, მას ვერ წარმოვიდგენ საქართველოში! არა, მე ის ელლინად მიმაჩნია პერიკლოსის ხანაში, მისი ელლინობა ამოვიკითხე მის სევდიან სახეზე, მის ასკეტურ ცხოვრებაში…

არა, იგი ქართველი არ არის, თასით ხელში, ბაღდადშემოხვეული რაინდი მე-30-ე წლებისა.

აი, მე ნათლად მაქვს წარმოდგენილი, თუ ვით ისმის დუდუკის ტკბილი ხმა არაგვ-ალაზნის ველებზე, თუ ვით ისმის უზრუნველი ”მრავალჟამიერი” − ეს ”სულთა თანა” საქართველოსი. ხოლო ამავე დროს სევდით მოცული პლატონი წარსულის ნანგრევებზე, თუ ვით დასტირის თვითოეულ ქვას, როგორ შესჩივის მათ სულით ობლობას, რადგანაც მას ტოლი არ ჰყავს, რადგან ის ფრაგმენტია ციდან ჩამოტეხილი.

მისი ძახილი ამაოა, ვით შორეული კვნესა ნიკოსი, ამავე წყვდიადით მოცულ ღამეში.

იგი უყივის წარსულის რაინდთ და ვერ ისმენს მათგან გამოძახილს − ეს მარტოობის სევდა გადააქვს ცეცხლის სტრიქონებში.

და მთელს ისტორიას ივერიისას, თუ გინდ მხიარულ კაბადონებსაც, იგი მოსავს სევდის საბურველით. ოჰ როგორ მენანება, რომ არ იყო იგი თამარის ხანაში, მაშინ ხომ სხივებით შემოსავდა თავის სტრიქონებს.

…. და ვკითხულობ მის ”შავ წიგნს” და თვალწინ მიჰქრიან საუკუნენი, მიჰქრიან რაინდნი და მეფენი ისტორიისა და თვითეულს მათგანს პლატონი სდებს მსჯავრს და ისტუმრებს მარადისობის წიაღში.

წყდება წიგნი და თვითაც ებარება სევდიან ქაოსს, რათა სხვამაც დასდოს მსჯავრი მის მოწყენილ სახეს, მის ცეცხლეულ სტრიქონებს.

გოგლა ლეონიძე

ჟურნალი ”თეატრი და ცხოვრება”, 1915, № 47

0

ავტორი: