კუპელჰალე – გუმბათიანი დარბაზი კუპელჰალე – გუმბათიანი დარბაზი />


  11:05:53     25-11-2011

კუპელჰალე – გუმბათიანი დარბაზი

a12677.jpg

კუპელჰალე, გუმბათიანი დარბაზი გიორგი ჩუბინაშვილის მიერ დამკვიდრებული ტერმინია ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში. ეს არის ეკლესიის ტიპი, რომელშიც გუმბათის საყრდენად კედლის შვერილებია გამოყენებული და არა ბურჯები. ამ ტიპის ოცი ქართული ეკლესიაა შემორჩენილი.

ამჟამად, ამგვარი ტიპის ძეგლების ორი ვარიანტი (რთული და მარტივი) გვხვდება. რთული ვარიანტი წარმოადგენს სტრუქტურას, სადაც მკაფიოდაა გამოხატული სიგრძივი ღერძი, გუმბათის საყრდენი კი ორი შვერილია; მარტივი ვარიანტისათვის კი, სახასიათოა მოკლე გეგმა, სადაც გუმბათი ერთ წყვილ შვერილსა და საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა.

მსგავსი აგებულების ტაძრები სერბეთში, ბულგარეთში, კვიპროსზე და საქართველოშიც გვხვდება, მაგრამ ყველაზე უფრო სახასიათო, ეს ტიპი სომხეთის არქიტექტურისთვის გახდა.

ქართულ ხუროთმოძღვრებაში კუპელჰალეს თემის რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა:

მის ყველაზე ადრეულ მაგალითად დვანის წმინდა გიორგის ეკლესიაა მიჩნეული ქარელის მუნიციპალიტეტში (VIII ს.). დროით შემდგომია ფარნაკი (VIII-IX ს.), სოლომონ-ყალა (X ს-ის I ნახ.) და კლარჯეთის წყაროსთავი (IX ს.) – ტაო-კლარჯეთში, ხოლო ვაჩნაძიანის ყველაწმინდა (IX ს.) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, რომელსაც კუპელჰალეს ქართული ტიპის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ყველა ზემოთ აღნიშნული ნაგებობის თარიღი VIII-IX საუკუნეებში თავსდება და ერთ ჯგუფს ქმნის.

შემდგომ ჯგუფში ერთიანდება X საუკუნის ძეგლები. ეს არის ნაჯახოვოს ეკლესია და ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია. შემდგომ კუპელჰალეს თემის გამოჩენა ქართულ ხუროთმოძღვრებაში XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე დასტურდება ყინწვისის ტაძარში (ქარელის მუნიციპალიტეტი).

XVI-XVII საუკუნეებში, კუპელჰალეს თემა კვლავ ამოტივტივდა და ყინწვისის ტაძრის სხვა მოტივებიც იქნა მოშველიებული. შუა საუკუნეების დამამთავრებელ ეტაპზე, მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მშენებლობა მაინც წარმოებდა და წარმმართველი და ისევ საკულტო ხუროთმოძღვრება იყო. ამ ეპოქას ოდნავ უსწრებს მამაწმინდის ეკლესია კლარჯეთში (XV საუკუნის ბოლო), მაგრამ ძირითადი არქიტექტურული მონაცემებით ის ამ ჯგუფში შედის. დროით შემდგომია თბილისის ჯვარის მამა თბილისში (XVI ს), ღოუბნის ორმოცნი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში (XVI – XVII სს.) და გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია სოფ. გრემში (XVI ს).

XVIII საუკუნეში, ახალი ძალით იფეთქა ამ არქიტექტურული თემით დაინტერესებამ. ამ პერიოდში შექმნილი 7 ძეგლიდან თითოეული ინდივიდუალური კომპოზიციით გამოირჩევა. უადრესია ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია დუშეთის მუნიციპალიტეტში (1717 წ.), შემდეგ მოჰყვება მანავის ღვთისმშობლის ეკლესია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (1794 წ), მაჩხაანის ეკლესია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მელაანის სამება ქ. გურჯაანთან, კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტში და ხელთუბნის სამება გორის მუნიციპალიტეტში(1806 წ.).

სომხური კუპელჰალეებიდან ყველაზე ადრეულია არუჭის ტაძარი (VII ს.), გამორჩეული ტაძრებია პტღნის ტაძარი (მას ზოგი მკვლევარი VII საუკუნით, ხოლო ზოგიერთი – X საუკუნის ახლო ხანებით ათარიღებს), შირაკავანის ტაძარი (X ს.).

X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება ორომოსის წმინდა მინას ტაძარი, ანისის მიჯნაბერდი, ნორატუსის ეკლესია, მარმაშენის, ბაღნაირის ეკლესიები. გვიან შუა საუკუნეებში სომხეთში კუპელჰალეს ტიპისადმი ინტერესი ქრება.

სერბული ტაძრებიდან კუპელჰალეს ჩამოჰგავს სტუდენიცას ღვთისმშობლის ეკლესია (1183–1193), კურშუმლის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (XII ს.), მომდევნო საუკუნეებში აგებული ჟიჩის, სოპოჩის მონასტრის ეკლესიები (XIIIს.), დეჩანის მონასტრის ტაძარი (1327-1335 წწ.).

ბულგარეთში კუპელჰალეს ტიპისაა ასენოვგრადთან, ციხესიმაგრის ტერიტორიაზე აშენებული ასენი II–ის ტაძარი (დაახ.XII-XIII სს.), ქ. ტირნოვოს ეკლესია, რომელიც წმ. დიმიტრის სახელობისაა, ასევე სლოვენის წმ. სოფიო, მიხეილისა და გაბრიელის ეკლესია ნესებირში (XIV ს.).

კვიპროსზეც არსებობს მსგავსი ტიპის ეკლესიები. მათ შორის, შედარებით ადრეულია კონიფუს პანაგეას ეკლესია (XII ს). ასეთი სახის მეორე ნაგებობას – ხორტენის ეკლესიას კი, XIII საუკუნით ათარიღებენ.

0

ავტორი: