11:10:10     23-11-2011
ჯონდის „ჯამბაზობა’’ და ქდმ-ს „უზრდელობა’’ პიკს აღწევს

საპარლამენტო ოპოზიციის ურთიერთობა დღითიდღე იძაბება. ახლა უკვე, ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებაც დაიწყეს. განსაკუთრებით, დაძაბულობა პიკს „ქრისტიან-დემოკრატებსა’’ და ოპოზიციონერ დეპუტატს ჯონდი ბაღათურიას შორის აღწევს. ქდმ-ს ლიდერები ბაღათურიას მოუწოდებენ „’ლაზღანდარობას’’ თავი დაანებოს და პოლიტიკური საქმიანობა ჯანსაღ პირობებში გააგრძელოს. „ქართული დასის’’ ლიდერი კი, ქდმ-ს ამ მიმართვას „უზრდელობად’’ აფასებს და იმ შეთანხმებაზე საუბრობს, რომელიც მისი ინფორმაციით, შარშან ზაფხულში მასსა და ქდმ-ს ლიდერებს შორის შედგა. უნდა ითქვას, რომ ბაღათურიას ეს ინფორმაცია არც თუ ისე სარწმუნო ჩანს, რადგან ის აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი საპარლამენტო უმცირესობის დაშლა იყო. თუ მართლაც, ასე, იყო მაშინ, გამოდის, რომ თარგამაძე და მისი გუნდი იმ ტოტის მოჭრას ცდილობდნენ, რომელზეც თავად სხედან, რადგან უმცირესობის ლიდერები თავად არიან. ჩვენს კითხვებს ჯონდი ბაღათურია პასუხობს.
– რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ შესაძლოა, საპარლამენტო უმცირესობა დაიშალოს?
– უმცირესობის დაშლასთან დაკავშირებით, შარშან ზაფხულში „ქრისტიან-დემოკრატების’’ ლიდერებთან გიორგი თარგამაძესთან და ლევან ვეფხვაძესთან შევთანხმდით. თქვეს, რომ უმცირესობას დატოვებდნენ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, რომ უმცირესობა დაეტოვებინათ და ამით ხელისუფლებას გამიჯვნოდნენ. შემდეგ კი, ახალი უმცირესობის შექმნის პერსპექტივა გაჩნდებოდა. ვფიქრობ, ამ საქმეში ხელისუფლება ჩაერია და ახალი უმცირესობის შექმნა არ დაუშვა.
– თარგამაძეს უმცირესობის დაშლა რისთვის სჭირდებოდა, როცა თავად უმცირესობის ლიდერია, ანუ იმ ტოტს ჭრიდა, რომელზეც თავად იჯდა?
– უმცირესობის ლიდერია, მაგრამ ვერაფერს მართავს. პირიქით, მას მართავენ. ჩვენი მიზანი იყო ფსევდო-ოპოზიციური უმცირესობა დაგვეშალა, რადგან მათმა გამოსვლებმა უკვე კომიკური ხასიათი მიიღო და ჩვენ კი, პარლამენტში ახალი რეალობის შექმნა გვსურდა. ჩემი შეთავაზება იყო კომფორტი დაეთმოთ და ამის სანაცვლოდ, პოლიტიკურად წელგამართული ვიქნებოდით. ქდმ-ს პირობის შესრულება რამდენჯერმე მოვთხოვე, მაგრამ ვეღარ გაქაჩეს და ამაზე ლაპარაკს თავი დავანებე.Mმიუხედავად, ქდმ-ს უზრდელობისა, ჩემი სიტყვა ძალაშია და მათ მოვუწოდებ, ფსევდო-ოპოზიციური უმცირესობა დატოვონ და ჩვენს გვერდით დადგნენ, ასეთ შემთხვევაში კი, მათთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ.
– მათ ფსევდო-ოპოზიციას რა მიზეზით უწოდებთ?
– ფსევდო-ოპოზიციაზე მე არ ვლაპარაკობ, ეს ერთხელ, საკმაოდ დამაჯერებლად ერთმა კაცმა თქვა (ივანიშვილს გულისხმობს). მათთვის კი, მე ფსევდო-ოპოზიცია არასოდეს მიწოდებია. თარგამაძესთან და ჩახვაძესთან დაკავშირებით, დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მათ არასოდეს ვაკრიტიკებდი.
– თქვენ ოპოზიციას აქამდე არასოდეს დაპირისპირებიხართ. თუმცა, ბოლო პერიოდში ქდმ-ს მკაცრად გაკრიტიკებას ცდილობთ. პოლიტიკური ქულების დაწერა მას შემდეგ ხომ არ დაიწყეთ, რაც ქდმ-ს ბიძინა ივანიშვილი დაუპირისპირდა?
– აგვისტოში ივანიშვილის პოლიტიაში გამოჩენასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია გქონდათ? ჩვენი ფრაქცია, რომ შეიქმნა რა პოზიციები მოისმინეთ? ვთქვით, რომ ჩვენი მიზანი ფსევდო-ოპოზიციის დაშლა იყო. რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას, ეს დადებითი მოვლენაა. მან ხელისუფლების შეცვლის რეალური შანსები გააჩინა და ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ. უმცირესობასთან დაპირისპირება არ მაქვს, მათ თუ ამდენი ჭკუა არ ჰყოფნით, რომ კომედიანტობას თავი დაანებონ, რაც უნდათ აკეთონ.
– რაც შეეხება თქვენსა და ქდმ-ს შორის შეთანხმებას. ამ კონსულტაციების შესახებ საუბარი მას შემდეგ რატომ დაიწყეთ, რაც ლევან ვეფხვაძემ გითხრათ, რომ თქვენ უმცირესობის რიგებში გასულ წელს არ მიგიღეს?
– ესPპრივატული მოლაპარაკებები იყო და ამის შესახებ არ ვამბობდი, რადგან მათზე უმრავლესობის ზეწოლა გაძლიერდებოდა. ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ რადგან, ეს თემა თავად გახსნეს, მეც საუბარი დავიწყე.
– ქდმ ვარაუდობს, რომ თქვენ სხვა პოლიტიკური ძალის დაკვეთით საუბრობთ და გირჩევენ, რომ“’ლაზღანდარობას’’@ მოეშვათ . . .
– ეს იყო უზრდელობა, რაზეც პასუხი მიიღეს. ასეთ უზრდელობაზე ადამიანი პასუხს სულ მიიღებს.
– ოპოზიციას შორის დაპირისპირება, წამგებიანი არის თუ არა?
– ამიტომ, ფსევდო-ოპოზიციური უმცირესობა უნდა დაიშალოს, რადგან მათ ხელისუფლება ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების იმიტაციისთვის იყენებთ.
0