19:10:25     22-11-2011
მამის მკვლელს ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო ვარკეთილში მომხდარი, გახმაურებული მკვლელობის საქმეს განიხილავს. 33 წლის ზურაბ ცირეკიძემ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, საკუთარი მამა მოკლა. მკვლელობაზე არანაკლებ შემზარავია მკვლელობის მიზეზი, რომელსაც ის წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ასახელებს.
ცირეკიძე აცხადებს, რომ მამამისს, 58 წლის არტემ ცირეკიძეს, მის პირველ ცოლთან ჰქონდა რომანი, რის გამოც, მეგობართან ერთად, მისი მკვლელობა დაგეგმა. ნაწყვეტი ზურაბ ცირეკიძის ჩვენებიდან: ,,ეჭვიანობის ნიადაგზე, ანუ ვიცოდი 100 პროცენტიანი, რომ მამაჩემი ჩემს მეუღლესთან დადიოდა. არაერთხელ გაფრთხილებული მყავდა და კიდევ განაგრძობდა სიარულს, ხმები მოდიოდა, ნახულობდნენ, და გადავწყვიტე შური მეძიებინა. ალექსანდრე გიგოლაშვილი უნდა დამხმარებოდა. ამოვედით, წინასწარ ნაჯახი ავიღე ,,კუხნიდან’’, შევინახე ტელევიზორის უკან, ,,შნური’’ იყო ვიცოდი, რომ აქ იყო ყოველთვის ტელევიზორის დამაგრძელებელი, შემოვედით. მე პირველი შემოვედი. მამაჩემი იჯდა ოთახში და უყურებდა ტელევიზორს. ხმაზე კარების გამოვიდა, რომ გამოვიდა და ოთახში რომ შემოვიდა, ეს ,,შნური’’ კისერზე წავუჭირე, რომ ვერ დავახრჩე და ვერ მოვერიე, მერე ავიღე ნაჯახი, რომელიც წინასწარ მქონდა გამზადებული და ორჯერ ჩავარტყი თავში, შემდეგ უკვე გავედით ბინიდან.’’
ზურაბ ცირეკიძემ ცული, რომლითაც საკუთარი მამა მოკლა, ორთაჭალაში, რესტორან ,,კრწანისის’’ მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვარში გადააგდო. ნივთმტკიცება კი მოიცილა, მაგრამ შს სამინისტრომ დანაშაული გახსნა და ზურაბ ცირეკიძესთან ერთად, მისი მეგობარი, ალექსანდრე გიგოლაშვილიც დააკავა. ცირეკიძეს ბრალი განზრახ მკველობაში, ხოლო ალექსანდრე გიგოლაშვილს, რომელსაც იმ დროისთვის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, დანაშაულის შუტყობინებლობაში ედება.
ნაწყვეტი ალექსანდე გიგოლაშვილის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან: ,,მოვედით ლოტკინიდან, გავაჩერეთ მანქანა, გადმოვედით მანქანიდან და მითხრა წამო, ამომყევიო. გზაში იძახდა, უნდა მოვკლაო, რომ ავყევი, ავედით კიბეებზე, მივუახლოვდით კარებს, გააღო კარი. შეყევი მე მაგას, სახლში რომ შემოვედით მამამისი დივანზე იჯდა, მერე წყლის დასალევად გავიდა ლოჯიაში, ამასობაში, აქ იდო თეთრი კაბელი, აიღო კაბელი ზურაბ ცირეკიძემ, მიუახლოვდა მამამისს, რომ კისერზე შემოეხვია, დაეხრჩო, რომ არ გამოუვიდა – მამამისმა ხელი კრა, ზურამ აიღო ნაჯახი, რომელიც აქ იდო და მოახდინა რამდენიმე დარტყმა თავში, მამამისი დავარდა დაბლა. მე მივუახლოვდი, ზურა მე გავედი მეთქი, ზურა ცერეკიძემ მითხრა, კარგი გადიო. მე წავედი, მოვუარე, ჩერეზ ლოჯი ჩავედი დაბლა. ზურა ცერეკიძემ – დამელოდეო, ჩამოვალო. აიღო, აკრიფა ცული და ხელთათმანები, ჩამოვიდა დაბლა. დავჯექით ჩვენ მანქანაში და ,,კრწანისი’’ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვართან გადააგდო ზურა ცერეკიძემ პარკი.’’
აღსანიშნავია, რომ ცირეკიძის ბრალდება, თითქოსდა ყოფილ მამამთილთან რომანი ჰქონდა, კატეგორიულად უარყო ცირეკიძის ყოფილმა მეუღლემ და აღნიშნა, რომ მამამისი მათ სახლში მხოლოდ შვილიშვილის სანახავად მიდიოდა და ეკონომიურადაც ეხმარებოდა.
0