პოეზიის საღამო „გათიშე მეორე ნახევარი" პოეზიის საღამო „გათიშე მეორე ნახევარი" /> "/> " />


  14:35:47     22-11-2011

პოეზიის საღამო „გათიშე მეორე ნახევარი"

a12579.jpg

პოეზიის საღამო „გათიშე მეორე ნახევარი"

24 ნოემბერს, ხუთშაბათს, 17 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
წითელ დარბაზში გაიმართება პოეზიის საღამო.

ლექსებს წაიკითხავენ:

ბექა ახალაია
გიორგი ლაცაბიძე
მინდია გოგოჭური (იოჰან ხევსური)
ირაკლი ბერია
ნუკრი ბერეთელი
დიმიტრი ბახუტაშვილი

დასაწყისი 17:00 საათზე

დასწრება თვისუფალია.

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ პოეზიის საღამოს მონაწილეთა თითო ლექსს.

ნუკრი ბერეთელი:

* * *

ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე:
“დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე”...
- ვაი, თქვენს პატრონს! - ვეტყვი, -
თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,
მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ კლდე-სოფელს ვუკმევ.
------------------------------------------------
ჰოდა, ქარია. (ვტელეპატობ!) ქარია, თქორი,
ცა ჩამოსულა თურმე ფეხად შუკებში წუხელ.
- ჩემს კრუხ-წიწილას დაეცაო ეზოში ქორი! -
სწუხს დედაჩემი და მეზობლებს სატკივარს უმხელს.

მოსძალებია ღობისძირებს ეკალი უხვად,
დგას უხელჯოხო მოხუცივით ოცი წლის ვაზი,
ამ ჭურებს სტუმრის მოჭიშკრება სხვაგვარად უყვართ...
მეძუძურ ხბოებს წამწამები პეპლებად აზით.

კიტრა ვაშლების აყვავება მიყვარდა როგორ!
ვარდისფერებში გამოეყო ალუბალს კიჭი.
გაღმა სოფელში გათხოვდაო მეზობლის გოგო...
საგურამოსთან დამარცხდაო მეზობლის ბიჭი...

ჟანგიან სახნისს დაჰკარგვია ფოლადის გამა,
ყრუ მყუდროება აკაკუნებს გულგამშრალ კარზე.
- არ მომასწრებო, აწი, ცოლ-შვილს? - წყაროსთან, მამამ
და, ბრგე ჩაფივით, მწუხარება შეიდგა მხარზე...

ცრის. ციცრის კვერცხებს აგროვებენ ბავშვები. გაღმა
მიტანტალებენ... (აღდგომაა ორიოდ დღეში.)
- ეჰ, წუხელ ბოვში მესიზმრა და... დარეკოს ახლა!... -
ზის დედა კართან და წიწილებს აპურებს პეშვში...

მაინც სოფელზე მსურს დავწერო!..

ბექა ახალაია:

პიპა

პიპა, მომგვარე ჩემი წითური ცხენი,
აღმოსავლეთთან უნდა მივასწრო დილას,
პიპა აბჯარი...შემოვისხამ და ვშვენი...
სადღაც ბაყაყი ღამის სიჩუმეს კილავს…

პიპა, ნერვები აღარ შემომრჩა ციდა,
პიპა, უფალი ცოდვებს მიშენს და ვყვირი,
პიპა, მიდი და გადმოაბრძანე ციდან,
პიპა, მიშველე...ნუ დაგიღია პირი!

პიპა, მშვილდი და პიპა, ისარი, ჩქარა,
ნახე, ბილიკზე მიიპარება შველი,
თვალიდან ცრემლის გადმომივიდა ფარა,
პიპა, ესროლე...პიპა, ვერაფერს ვშველი.

პიპა, თრიაქი... ცაში აგველდა ბოლი,
სადღაც მიცურავს ჩემი სახლი და ოზე,
პიპა, რატომ ხარ, პიპა, დევების ტოლი?!
დაპატარავდი, დაპატარავდი დროზე.

პიპა, შემინდე, პიპა, ცოდვების რიგი,
პიპა, საქმენი შემომათალე ავი,
პიპა, ქარაფში გადამხტარაო იგი,
პიპა, დალპაო, პიპა, მოჭრილი მკლავი.

პიპა, საფეთქელს, პიპა, ცრემლები მინავს,
პიპა, ნამდვილად, პიპა, ჭკუიდან შემშლი,
მიდი უღმერთოვ, დამალევინე ღვინო,
სანამ წვალებით ჩაგაკვდებოდე ხელში!

გიორგი ლაცაბიძე:

როგორც

1.
მე როგორც ერთი პირმღიმარი, მშველელი ბიჭი
მამასთან ერთად მიწას ვბარავ, ვამაგრებ სარებს.
მოცლილობისას ბურთს ვთამაშობ, ოფლიან ბეჭებს
ქარს ვუშვერ და თუ ღრუბელს ვხედავ ჩვენს საწვიმარზე,
მივდივარ, სახლში ფრთხილად შემყავს თეთრი ბაჭია.

საღამოხანს კი დედა მიხმობს: - იაკობ შვილო,
სანთელს მაწვდის და ვიმეორებთ: „ღმერთო გვიშველე“.

2.
მე როგორც ერთი გარდასული... მოხუცი დედა
გამოეკიდა გზას სახლიდან სასაფლაომდე.
ტბა გამოვდექი, გუბემდე რომ უეცრად დადის.
მიტოვებული უარაფრო, უხმო სოფელი.

ყოველ ღამით კი ქარში ვდგავარ ძველი შინელით
მშვიდობა ღმერთო! აგვარიდე ომი. გვიშველე!

3.
 
მე როგორც ერთი მოტეხილი უფლის მსახური,
თეთრწვერა მწყემსი ჩემი მრევლის. ნეტარ არიან
უფალო შვილნი კეთროვანნი და უსახურნი,
შემოგვეშველე ამ ავდარში, თქეშში, ქარიან
ამინდში, ღმერთო, შენი კალთა წამოგვახურე.

დიდება შენდა აგვარიდე ღმერთო შიმშილი
დიდება შენდა, მოგვიხილე, ღმერთო გვიშველე.

4.
მე როგორც, ერთი ზნეკეთილი მწყემსი ღრუბლების,
მწყემსი ველების, მწყემსი ცხვრების, თანაც რა მარტო
შემორჩენილი ამ მაღალ მთას, უხმო, უთქმელი.
ბალახს ვაგროვებ, ვემზადები ამ დროს საავდროდ,
მზისგულზე ჩემი ნაგაზი კი მშვიდად ამთქნარებს

და ჩვენკენ იცის თბილი წვიმა - როგორც მირონი
სურნელოვანი, სახეზე რომ მშვიდად გედება.
შავი ღრუბლები დასავლეთით მირონინებენ.
მე ვამბობ წვიმა გადაიღებს ამის შედეგად
დარჩება ნარი, დაწინწკლული მწვანე კონიო.

მევსება გული სველი მიწით, მთების ნაშალით.
ნუ დამიყენებ სამგლე ამინდს, ღმერთო მიშველე!

5.
მე ვარ ავდარი, მე ვარ წვიმა. მე ვარ ცრემლები,
მე ვარ მშვიდობა, მე ვარ ომი. ყველა ქმნილება.
მე ვარ ბრძენიც და მე ვარ ხშირად ცრუთა ამალაც
სინანული ვარ და გამთბარი თქვენი გულები.

მე როგორც ღმერთი....

მინდია გოგოჭური (იოჰან ხევსური):

* * *

მამავ, მიწის ფერი გადევს,
მამავ, გადევს მიწა...

ერთი-ორი ფიცარით და
ერთი-ორი მეტრით -
ქვევით ხარ და
ნაცრისფერ თვალს,
ალბათ გიჭამს მახრა,
ალბათ კანიც გაგიშავდა,
ალბათ კიდეც გახდი.

მამავ, მიწის ფერი გადევს,
მამავ, გადევს მიწა...

მუხის ხესთან ხომ დაგმარხე,
შემოდგომით ფოთლებს
ქარი დამცხრალ მკერდზე გაყრის,
ქარი გაფენს საბანს -
ეხლა მალე თოვლი მოვა,
მოვა, მალე თოვლი.

მამავ, მიწის ფერი გადევს,
მამავ, გადევს მიწა...

დიმიტრი ბახუტაშვილი:

ოდიშურ ოდაში

კოლხეთის დაბლობია, წვიმა და სარეცელი,
მზე (ვამბობ) მომაკვდავი ბავშვია, აპატიეთ...
ამ ჰაერს ძველებურად ლექსებზე ავეცერი,
ამ სახლში პაპაჩემის ნაქონი ნაბადია,
ცა უფრო სისხლიანი გუგებით იმზირება,
კოლხეთის დაბლობია, წვიმა და სარეცელი.

კოპწია, პაწაწინა, მეგრული ოდებია,
კოლხური საღამოა, კოლხურად მონისლული,
მგზავრები ლიანდაგებს შრიალით შორდებიან,
ტეხურამ კულულები რიონში მოისროლა.
სახლის წინ ხელუხლები და ლორთქო ბალახია,
კოლხური საღამოა, კოლხურად მონისლული.

ზიხარ და სამყაროსთან გინდება შერიგება,
უმზეო საღამოა, ცისფერი აივანი.
ვაი, ნანა-მეთქი... ვამბობ და ვერ იგებენ,
ბავშვობა... დედაჩემი... დე, ხელში ამიყვანე...
საღამო ცერზე აჭრილ სიმინდებს წამოეგო,
უმზეო კადრებია, ცისფერი აივანი.

ირაკლი ბერია:

მემ

დავშენდეთ, წამოდით წვიმებზე დავშენდეთ
და მერე შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
იცით?! რომ აპრილის მოგართვით ავშანი
მემ, ასე უბრალოდ და თქვენ კი თაკილობთ.
გუბეებს ჩახედეთ, მიხილავთ ცილინდრით,
ან კიდევ მოვწყდები ღამეებს წიწვიდან,
დრო გადის მხოლოდ და წამების ცილის დრო...
იქნებდა როგორმე ზეციდან მიწვდიდეთ
სხივს. მერე წავიდეთ, წვიმებზე დავშენდეთ
და მერე, შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
მემ, იცით?! აპრილის მოგართვით ავშანი,
სიყვარულს დაგპირდით, თუმცა თქვენ თაკილობთ...

0

ავტორი: