ანდრე ჟიდი და საბჭოთა კავშირი ანდრე ჟიდი და საბჭოთა კავშირი />


  14:34:55     22-11-2011

ანდრე ჟიდი და საბჭოთა კავშირი

a12578.jpg

1869 წლის 22 ნოემბერს, პარიზში, დაიბადა დიდი ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში - ანდრე ჟიდი (André Gide).

ანდრე პოლ გიიომ ჟიდი დაიბადა იურისტის ოჯახში. თავისი პირველი წიგნი „ანდრე ვალტერის ლექსები“ გამოაქვეყნა 1887 წელს. ამას მოჰყვა „ანდრე ვალტერის რვეულები“ (1891) და სხვა. ის იყო ერთ-ერთი დამაარსებელი ლიტერატურული ჟურნალისა „Nouvelle Revue Française“, სადაც ქვეყნდებოდა მისი კრიტიკული წერილები.

სიმბოლიზმთან ახლოს მდგომი მწერალი გატაცებული იყო ნიცშესეული ძლიერი ადამიანით, გამოირჩეოდა ანარქისტული იდეებით და ხშირად ამორალური ქმედებებით თუ განწყობებით. ეს მის შემოქმედებაშიც აისახა. 1924 წელს დიდი სკანდალი გამოიწვია მისმა სექსუალურმა ორიენტაციამ. კრიტიკულად იყო განწყობილი კაპიტალიზმის მიმართ. იყო ანტიბურჟუაზიული შეგნების ადამიანი. 1920-იან წლებში რამდენიმეჯერ იმოგზაურა აფრიკაში. გამოდიოდა ანტიკოლონიალისტური მოწოდებებით.

1930-იან წლებში მიემხრო ანტიფაშისტურ ლიტერატურულ მოძრაობას. ამ პერიოდში  ფაშისტები უკვე იტალიას მართავდნენ, ნაცისტები სულ-უფრო და უფრო პოპულარულები ხდებოდნენ გერმანიაში. სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი მოძრაობები ყალიბდებოდა.

ანდრე ჟიდი გაიტაცა სოციალისტურმა იდეებმა. 1935 წელს, იყო მონაწილე ანტიფაშისტი მწერლების კონგრესისა, რომელიც პარიზში ჩატარდა. 

ანდრე ჟიდი ხშირად გამოდიოდა საბჭოთა კავშირის მხარდამჭერი განცხადებებით. ანდრე ჟიდი ხშირად გამოდიოდა საბჭოთა კავშირის მხარდამჭერი განცხადებებით. საბჭოეთში გამოიცა მისი ნაწარმოებების კრებული და სხვა წიგნები. 1936 წელს უკანასკნელად იმოგზაურა საბჭოთა კავშირში. საპატიო ყარაულშიც კი იდგა მაქსიმ გორკის დაკრძალვაზე. თუმცა, კარგად რომ დააკვირდა, შეამჩნია საბჭოეთის საშინელი სახე. 

იმავე წლის ბოლოს საფრანგეთში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა წიგნი „სსრკ-დან დაბრუნება“ („Retour de l’URSS“). წიგნში ფრანგი სოციალისტი მწერალი მკაცრად აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს, მის ხელმძღვანელობას, ვინაიდან საბჭოეთში თავისუფალი აზრი არ ჭაჭანებდა და ლიტერატურა, ხელოვნების სხვა ჟანრები და საერთოდ საზოგადოების ცხოვრება მკაცრი კონტროლის წნეხში იყო მოქცეული. ანდრე ჟიდის აზრით საბჭოელი ადამიანი საშიშ ადამიანად ყალიბდებოდა. მართალია, მწერალი თბილად მოიხსენიებდა უბრალო ხალხს, მოსწონდა საბჭოთა კავშირში გაშლილი მშენებლობები და სხვა, მაგრამ, მთლიანად წიგნი ძალიან ანტისაბჭოური გამოვიდა. წიგნის შინაარს ანდრე ჟიდი გამოქვეყნებამდე საიდუმლოდ ინახავდა.

საბჭოთა ხელმძღვანელებისათვის, როგორც ამბობენ, ამ წიგნის გამოსვლა, მოულოდნელად ბომბის აფეთქების მსგავსი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მისი წიგნი გაარჩიეს გაზეთ „პრავდის“ ფურცლებზე, რა აღარ უწოდეს... 

ანდრე ჟიდის სახელი შეიტანეს შავ სიაში. მისი წიგნები აიკრძალა საბჭოთა კავშირში. მასზე საუბარიც აკრძალული იყო რამდენიმე ათეული წელი. ანდრე ჟიდის წიგნი ზოგიერთმა მწერალმაც დაგმო დასავლეთში, მათზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.   

მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში, ემიგრაციაში წავიდა, ტუნისში. 

1947 წელს მიანიჭეს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია. „ღრმა და მხატვრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებისათვის, რომლებშიც ადამიანური პრობლემები გადმოცემულია ჭეშმარიტების უშიშარი სიყვარულით და უღრმესი ფსიქოლოგიური წვდომებით“.

ანდრე ჟიდი გარდაიცვალა 1951 წლის 19 თებერვალს, პარიზში.

0

ავტორი: