11:06:15     21-11-2011
ირანმა სამხედრო სწავლებები დაიწყო, აშშ და ისრაელი კი გაზაფხულს ელოდებიან...
როგორც ცნობილია, დასავლეთმა ირანს „გამოსასწორებელი“ ვადა გაზაფხულამდე მისცა. შეერთებულმა შტატებმა ისლამურ რეჟიმს განუცხადა, რომ თუ ამ დრომდე ბირთვული პროგრამა არ შეჩერდება, ვაშინგტონი ისრაელს აღარ შეაკავებს. საპასუხოდ, თეირანმა ავღანეთის საზღვრის მახლობლად, სამხედრო სწავლება დაიწყო. ირანული მედიის ინფორმაციით, სწავლებაზე მოწმდება სამხედრო ქვედანაყოფების მზადყოფნა, მოწინააღმდეგის მოულოდნელი თავდასხმის დროს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წრთვნა 800 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მანევრებს „ისლამური რევოლუციის გუშაგების“ ბრიგადის გენერალი, ფარზად ისმაილი ხელმძღვანელობს. როგორც ირკვევა, სწავლება რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მასში მონაწილეობას საბრძოლო, სადაზვერვო და ოპერატიული დანაყოფები მიიღებენ.
როგორც ცნობილია, ირანის წინააღმდეგ რეზოლუცია საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტომაც მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაცია თეირანს მოლაპარაკებებში ჩართვას და სადავო პრობლემების გადაჭრის საკითხებში აქტიურობას მოუწოდებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამამ, გარდა წამოყენებული ულტიმატუმისა, შტატებში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ირანი ამისათვის პასუხს აუცილებლად აგებს.
დასავლური პრესა სვამს კითხვას: რატომ უნდა დაიბომბოს ირანი? პასუხები ამ კითხვაზე უკვე წლების განმავლობაში საკმარისად გაცემულია... ეს არის სახელმწიფო, სადაც საზოგადოებას მოუწოდებენ, მიბაძონ აიათოლა ალი ხამენეის, რომელიც არ უსმენს მუსიკას. სადაც სასამართლოს შეუძლია, 43 წლის ქალს სასიკვდილო განაჩენი (ქვებით ჩაქოლვა) გამოუტანოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქმარს უღალატა. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებმა, შესაძლოა, რეგიონში სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ზოგი ექსპერტი უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ არის საშიშროება, დაბომბვა საერთოდაც მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს.
რაც შეეხება მიმდინარე სამხედრო სწავლებებს, თეირანი, ჩვეულებისამებრ, ირწმუნება, რომ მანევრები სხვა ქვეყნების წინაშე ძალის დემონსტრირებას არ ისახავს მიზნად და არც არავის უქმნის საფრთხეს, ვინაიდან, ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დოქტრინა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დაცვაზეა ორიენტირებული. თუმცა, ყველსათვის ნათელია, რომ სამხედრო ძალების ეს საჯარო გამოფენა ირანს სწორედ საამისოდ დასჭირდა... რეგიონი გაზაფხულსა და მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდება...
0