12:17:10     19-11-2011
ნურ ედ-დინ აბდ-ორ-რაჰმან ჯამი (გარდაცვალების დღისადმი)
1494 წელს (შესაძლოა 17 ნოემბერს) გარდაიცვალა, როგორც უწოდებენ, სპარსული კლასიკური პოეზიის უკანასკნელი წარმომადგენელი, დიდი პოეტი ნურ ედ-დინ აბდ-ორ-რაჰმან ჯამი.
მან დატოვა შვიdი დიდებული პოემა, ლირიკული ლექსების სამი დივანი, პროზაული ნაწარმოებები და სამეცნიერო ტრაქტატები.
დიდი პოეტი დაიბადა 1414 წლის 18 აგვისტოს ნიშაბურთან ახლოს, ქალაქ ჯამში, ღვთისმეტყველის ოჯახში. სწავლობდა სამარყანდში მედრესეში.
ნურ ედ-დინ აბდ-ორ-რაჰმან ჯამი იყო სუფიური მიმდინარეობის , „ნაყშბანდიეს“ წარმომადგენელი (მისი დამაარსებლის ბეჰა ედ-დინ მოჰამედ ნაყშბანდის სახელის მიხედვით).
მათი მოძღვრება, სუფიზმის სხვა მიმდინარეობებისაგან განსხვავებით, ცხოვრებისაგან განდგომის მაგიერ, ხალხთან სიახლოვეს, მათი ხვედრის გაზიარებას, მათ დახმარებას ქადაგებდა. ჰერათში, ხორასნანში ამ მოძრაობას ნურ ედ-დინ აბდ-ორ-რაჰმან ჯამი ხელმძღვანელობდა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ეხმარებოდა ხალხს, რითიც შეეძლო, მათ შორის, რა თქმა უნდა, თავისი შემოქმედებითაც ემსახურებოდა ადამიანებს. პოეტი ძალიან პოპულარული იყო იმდროინდელ აღმოსავლეთში.
პოეტი და ფილოსოფოსი არ ეპუებოდა თვით სულთნებაც კი. თვითონ კი ცხოვრობდა უბრალო სახლში, უბრალო ადამიანივით...
სოცოცხლეშივე აღიარებული იყო თავისი დროის უდიდეს პოეტად მთელ მაჰმადიანურ სამყაროში.
* * *
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
ჰე, მერიქიფევ, მომაწოდე ის დიდი ჯამი,
ჩემს არსებას რომ განმაშორებს, თუნდ ერთი წამით,
ჩემში რომ დაშლის თიხისა და წყლის შენაერთებს,
აღმამაღლებს და უზენაეს სულთ შემაერთებს.
მოდი, მუტრიბო, ააკვნბესე შენი ლერწამი,
ის ხმა მასმინე, რომლისთვისაც მიწყივ ვეწამე,
რომ ამ მდაბალი ბუნაგიდან გამოვმზეურდე,
და დავრდომილი მას შევურდე და ავმზეუდე!
* * *
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
ჰე, მერიქიფევ, ანთებული ღვინის ფიალით
გარდამავიწყე ამა ქვეყნის ორომტრიალი.
შენ ამ ზვირთებში სიმტკიცე და ძალი მომანდე,
რომ სამშვიდობოს გავიყვანო ჩემი ხომალდი.
მოდი, მუტრიბო, ჩანგს ჩამოჰკარ ბროლის თითები
და ის გლახაკი მოიხსენე ქება-დიდებით.
ვინც ღამეები ცხოვრებისა ცის ქვეშ ათენა,
მაგრამ სამეფო გვირგვინი კი ფეხით გათელა.
* * *
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
ჰე, მერიქიფევ, ნუ მოგვაკლებ შენს გრძნეულ ჯამებს,
რომელნიც ნათელ დღედ გვიქცევენ ამ წყეულ ღამეს
და ამქვეყნიურ სიმრუდეში თვალს აგვიხელენ,
მაცდუნებელთა ხრიკებსა და გზას გაგვიმხელენ.
მოდი, მუტრიბო, ვით მკურნალი, ხედავ, ვინთებით?
და თითქოს მაჯას გვისინჯავდეს ფრთხილი თითებით,
ისე შეახე ჩანგის სიმებს მთრთოლვარე ხელი,
რომ გულს, დასერილს, დაუამო ჭრილობა მწველი.