სამხედრო ინჟინერი - ბორის რჩეულოვი სამხედრო ინჟინერი - ბორის რჩეულოვი />


  10:15:52     19-11-2011

სამხედრო ინჟინერი - ბორის რჩეულოვი

a12473.jpg

ვიდეო მაგნიტური ჩამწერი სისტემა პირველად 1924 წლის 15 სექტემბერს იქნა დაპატენტებული ფიზიკოსის ბორის ალექსანდრეს ძე რჩეულოვის მიერ. 1922 წელს ბორის რჩეულოვმა გამოიგონა მოძრავ რკინის ლენტზე ჩაწერის სისტემა თავისი გადასახვევი კოჭით. ამ მოწყობილობის საშუალებით  შესაძლებელი გახდა ვიზუალური და ხმოვანი სიგნალების აღწარმოება და მრავალ მიმღებზე ერთდროული მიღება.

მისი სხვა მნიშვნელოვანი გამოგონებებია – ელექტროლიტური კონდენსატორი, კანიფოლით შევსებული სარჩილავი მავთული, სამხედრო დანიშნულების ელექტრონული მოწყობილობები და ტელევიზიისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები.

ბორის რჩეულოვი (რჩეული) დაიბადა 1899 წლის 10 აგვისტოს ტიფლისში,   1- ლი კავკასიური სასანგრე ბატალიონის შტაბს-კაპიტან ალექსანდრე გრიგოლის ძე რჩეულოვის ოჯახში. მისი ნათლია იყო ფეოდორ შალიაპინი. ბორის რჩეულოვი სწავლობდა პეტერბურგის ალექსანდრეს სახელობის კადეტთა კორპუსში, შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. მოგვიანებით რჩეულოვი გაემგზავრა ინგლისში, სადაც მუშაობდა ვიდეო-მაგნიტურ ჩამწერ ხელსაწყოზე. მან იქვე დააპატენტა ეს უნიკალური გამოგონება. 1927 წელს ბორის რჩეულოვს უარი უთხრეს ვიზის გაგრძელებაზე და იგი დაბრუნდა ყოფილ საბჭოთა კავშირში.

ბორის რჩეულოვი გარდაიცვალა ლენინგრადში ბლოკადის დროს. უკანასკნელი ცნობა გამომგონებლის  პირადი საქმიდან: "გაცემულია III რანგის  სამხედრო ინჟინერზე ბორის ალექსანდრეს ძე რჩეულოვზე მასზედ, რომ იგი 1942 წლის 5 თებერვლიდან სამკურნალოდ  იმყოფებოდა სამხედრო ჰოსპიტალში N 1014, სადაც 1942 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა”.

Sakpatenti.org.ge

0

ავტორი: