პოლ ელუარის „ლექსის განუწყვეტლობა“ პოლ ელუარის „ლექსის განუწყვეტლობა“ />


  15:57:29     18-11-2011

პოლ ელუარის „ლექსის განუწყვეტლობა“

a12454.jpg

1952 წლის 18 ნოემბერს პარიზში, გულის შეტევით გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი პოეტი პოლ ელუარი (Paul Éluard), ნამდვილი სახელი ეჟენ ემილ პოლ გრენდელი (Eugène Émile Paul Grindel).

იგი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ფრანგული ავანგარდიზმისა, დადაიზმისა და სიურრეალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი. დაჯილდოებული იყო მშვიდობის მსოფლიო პრემიით. მის ლექსებზე არა ერთ კომპოზიტორს დაუწერია მუსიკა.

მომავალი პოეტი დაიბადა 1895 წლის 14 დეკემბერს სენ-დენში. 1912 წელს აღმოაჩნდა ჭლექი, რის გამოც იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა. სამკურნალოდ წავიდა შვეიცარიაში.

შვეიცარიაში, კლავადელის პანსიონში გაიცნო ელენა დიაკონოვა, რომელსაც გალა დაარქვა. გალა გახდა მისი მუზა. 1917 წელს მათ იქორწინეს. შეეძინათ ქალიშვილი სესილი.

1918 წელს გაიცნო ჟან პოლანი. პოლანს ის ძალიან მოეწონა და გააცნო ანდრე ბრეტონი და ლუი არაგონი, მათი გავლენით სიურრეალისტურ მოძრაობაში ჩაერთო.

1921 წელს ცოლ ქმარი ეწვივნენ გერმანიში მხატვარ მაქს ერნესტს. გალა გახდა მაქსის საყვარელი, თუმცა, პოლის ცოლი ისევ იყო. მხატვარი გადავიდა საცხოვრებლად ელუარის სახლში.

1926 წელს სხვა სიურრეალისტებთან ერთად შევიდა კომუნისტურ პარტიაში, თუმცა 1933 წელს ანტისაბჭოთა განცხადებების გამო გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან.

1926 წელს მოულოდნელად გაემგზავრა სამოგზაუროდ, მეორე დღეს მისი წიგნი უნდა გამოსულიყო. მხოლოდ მამას დაუტოვა გამოსათხოვარი წერილი. გალას და მეგობრებს ეგონათ თავი მოიკლა. ალჟირიდან წერილი გაუგზავნა გალას, რომელიც მასთან ერთად გაემგზავრა სამოგზაუროდ. მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეს შვიდი თვე.

1929 წელს პოეტმა გაიცნო ახალგაზრდა მხატვარი სალვადორ დალი. შემდეგ ცოლსაც გააცნო. გალას და სალვადორს უმალ შეუყვარდათ ერთმანეთი... გალა 1930 წელს საბოლოოდ გადავიდა დალისთან, 1932 წელს გახდა კიდეც მისი ცოლი. სალვადორ დალიმ დახატა პოლ ელუარის პორტრეტი და განაცხადა: „ვგრძნობ პასუხისმგებლობას უკვდავყო პოეტის სახე, რომლის ოლიმპიდან ერთ-ერთი მუზა მოვიტაცეო“.

1934 წელს პოეტი მეორედ დაქორწინდა, პაბლო პიკასოსა და მენ რეის მოდელთან – გერმანელ აკრობატ ქალთან, ნუშთან (მარია ბენცი). 

მეორე მსოფლიო ომის დროს ელუარი წინააღმდეგობის ფრონტის მონაწილე იყო. მის პოემას - „თავისუფლება“, ფრანგი პარტიზანების გასამხნევებლად, დამპყრობელი ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, თვითმფრინავიდან ყრიდნენ მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე. 1942 წელს კვლავ მიიღეს კომუნისტურ პარტიაში.

ომის შემდეგ გარდაეცვალა მეუღლე. მოგზაურობდა მთელს მსოფლიოში და მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო კონფერენციებში. 1951 წელს მესამედ იქორწინა დომენი ლემორზე...

იმ წელსვე გამოსცა თავისი უკანასკნელი (სიცოცხლეში გამოსული) კრებული: „კოკორი“.

როგორც აღვნიშნეთ, პოლ ელუარი გარდაიცვალა 1952 წლის 18 ნოემბერს. დღეს, გთავაზობთ წავიკითხოთ მისი ლექსი: „ლექსის განუწყვეტლობა“.

ლექსის განუწყვეტლობა

(თარგმნა გიგი გეგეჭკორმა)

მე ვსწავლობ ღიმილს ამ თვალებით და ამ თითებით

აი ბალახმა გაიღვიძე განთიადისას

გასწორდა ღერო უეცრად ჯოგის მოახლოება რომ დაინახა

თავისუფლებით აივსო მკერდი და გუშინდელი

შიმშილობა გადაგვავიწყდა

გადაგვავიწყდა სიმძიმილი

ქალი გადაიქცა მოზიარედ

გაშმაგებული და უმწეო სიყვარულისა

ყურს უგდებს იგი სიცოცხლის სუნთქვას

დუმილის მწვანე კუნძულებზე

ქვითინის გრიგალს

მე ვსწავლობ ღიმილს ამ თვალებით და ამ თითებით

მე მხოლოდ მისი ანარეკლი ვარ

მაგრამ რა არის რა არის-მეთქი ეს გრძნობები

უსათუთესი

ან როდის მიხვდნენ ჩემს სიმშვიდეს რომ გაუფრთხილდნენ

რომ გაუფრთხილდნენ ნამის სიწმინდეს

თხუნელას ბეწვზე უმსუბუქესი

მზე ამოვიდა

და ცისკიდურს დაბალ შუბლზე ნაზად ემთხვია

ბოლოს გათავდა გრძელი ღამე

ჩამოიგლიჯა შავი ნიღაბი

რკინის ჯაჭვი გადაიქლიბა

იშლება კვირტი

ჩემი თვალების და თითების

გაგრძელება არის ღიმილი

ცას მოეკიდა განთიადზე

ცეცხლი ჩვენი სიჭაბუკისა

0

ავტორი: