11:42:19     18-11-2011
ლეგენდარული ედიტ პიაფი
მიუხედავად მრავლად გამოცემული ბიოგრაფიისა, მრავალი ფაქტი და მოვლენა ედიტის ცხოვრებაზე, ბურუსით არის მოცული. გადმოცემით, 1915 წლის სუსხიანი დეკემბრის ღამეს, პოლიციელს, რომელიც უბნის პატრულირებას ახდენდა, ყვირილი შემოესმა. ადგილზე მისვლისას, მან მშობიარე ქალი აღმოაჩინა. ახალშობილი დედამ პოლიციელის ლაბადაში შეახვია და ედიტი დაარქვა.
ედიტის დედა უიღბლო მსახიობი ანიტა მაიარი იყო, რომელიც სცენაზე ლინა მარსის ფსევდონიმით გამოდიოდა. მამამისი, ლუი გასიონი კი – ქუჩის აკრობატი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ლუი ფრონტზე მოხალისედ წავიდა. პირველი ორდღიანი შვებულება ფრონტიდან ლუიმ 1915 წელს შვილის სანახავად გამოიყენა.
ორი წლის შემდეგ ლუიმ შეიტყო, რომ ცოლმა მიატოვა, ქალიშვილი კი თავის მშობლებს დაუტოვა. გარემო, რომელშიც პატარა ედიტი იზრდებოდა, საშინელი იყო და ლუიმ ედიტი დედამისთან გადაიყვანა, რომელიც ნორმანდიულ საროსკიპოში მზარეულად მუშაობდა.
ამავე დროს აღმოჩნდა, რომ ედიტი სრულიად ბრმა იყო. სიცოცხლის პირველსავე თვეებში, ედიტს კატარაქტი განუვითარდა, რომელსაც მაიარების მოხუცმა ოჯახმა თავის დროზე ყურადღება არ მიაქცია. როცა გაირკვა, რომ სამედიცინო გზით ბავშვს არაფერი განკურნავდა, ბებიამ ქალაქ ლიზიეში წმინდა ტერეზას საფლავზე წაიყვანა, სადაც ათასობით მლოცველი იკრიბებოდა სრულიად საფრანგეთიდან. 1921 წლის 19 აგვისტოს ისინი საფლავთან მივიდნენ, 25 აგვისტოს ედიტს მხედველობა აღუდგა. იგი ექვსი წლის იყო.
იმავე წელს ედიტი სკოლაში წავიდა, თუმცა თანაკლასელების მშობლები აღშფოთებით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ გოგონა საროსკიპოში ცხოვრობდა და ძალიან მალე მისი სწავლა დასრულდა. მაშინ მამამ ედიტი პარიზში წაიყვანა, სადაც მათ ერთად დაიწყეს მუშაობა – ლუი ქუჩაში სხვადასხვა სირთულის აკრობატულ ნახტომებს ასრულებდა, ედიტი კი მღეროდა. პატარა ედიტი ქუჩაში მღეროდა მანამდე, სანამ იგი კაბარე "ჟუან–ლე–პენში" არ აიყვანეს.
მამაკაცები ედიტის ცხოვრებაში მალე გაჩდნენ – ფაქტობრივად, მამასთან დაშორების მერე. კაბარეში მან გაიცნო ლუი დიუპონი, რომელსაც მალევე ცოლად გაჰყვა, ერთი წლის მერე კი ქალიშვილი მარსელი გააჩინა. თუმცა ლუის არ მოსწონდა, რომ ედიტი ძალიან დიდ დროს უთმობდა სამსახურს და მოსთხოვა,დაეტოვებინა კაბარე. ედიტმა იუარა და წყვილი დაშორდა ერთმანეთს. თავდაპირველად, მარსელი დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ ერთხელაც სახლში დაბრუნებულმა ედიტმა იგი ვერ იპოვა. ლუი დიუპონმა ქალიშვილი თავისთან წაიყვანა, ეგონა რა, რომ ამით დედამისს შეურიგდებოდა. ამ დროს ევროპაში ესპანური გრიპის ეპიდემია იყო, რომელსაც პატარა მარსელიც ვერ გადაურჩა. გოგონა საავადმყოფოში აღმოჩნდა, ედიტი, რომელმაც შვილი პალატაში მოინახულა, ასევე ამ სენით დაავადდა. საუკუნის დასაწყისში ამ ავადმყოფობას მედიკამენტებისა და ცოდნის ნაკლებობის გამო, შეიძლება ითქვას, ვერ კურნავდნენ, და შედეგად ედიტი გამოჯანმრთელდა, მარსელი კი – გარდაიცვალა. ეს ერთადერთი შვილი იყო, ედიტის მთელი ცხოვრების მანძილზე.
1935 წელს, 22 წლის ედიტი ქუჩაში ლუი ლეპლემ შეამჩნია. ლეპლე ელისეს მინდვრებზე მდებარე პრესტიჟული კაბარე „ჟერნისის“ მეპატრონე იყო. მან ედიტს თავის პროგრამაში გამოსვლა შესთავაზა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ლუი ლეპლემ ბევრი რამ ასწავლა ახალგაზრდა მომღერალს: აკომპანიატორთან რეპეტირება, სიმღერის ამორჩევა, არტისტის ჩაცმის თავისებურება, მიმიკისა და ჟესტების მნიშვნელობა. სწორედ ლეპლემ მისცა ედიტს სცენური გვარი – პიაფი, რაც პარიზულ ჟარგონზე „ბეღურას“ ნიშნავს. „ჟერნისის“ აფიშებზე მისი სახელი დაიბეჭდა როგორც „გოგონა ბეღურა“, და პირველივე გამოსვლების წარმატება უდიდესი იყო. 1936 წლის 17 თებერვალს, ედიტ პიაფმა „მედრანოს“ ცირკში მონაწილეობა მიიღო დიდ კონცერტზე, სადაც იგი იმ დროის ისეთ დიდ მომღერლებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც იყვნენ მორის შევალიე, მისტანგეტი, მარი დიუბა. მაგრამ მალე ედიტის კარიერის წარმატებული წინსვლა ტრაგედიამ შეაჩერა: თავში ნასროლი ტყვიისგან ლუი ლეპლე დაიღუპა, და პიაფი ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდა, ვინაიდან გარაცვლილის ანდერძში მისთვის გარკვეული თანხა იყო მითითებული. გაზეთებმა გაამუქეს ეს ისტორია და კიდევ დიდი ხნის მანძილზე მტრულად იყვნენ განწყობილნი მომღერლის მიმართ.
მალე ედიტმა გაიცნო რეიმონ ასო, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მომღერლის მომავალი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის „დიდი პიაფის“ გამოჩენაში. მან ედიტს ასწავლა არამარტო პროფესიული ქცევები, არამედ ფართოდ აუხსნა ეთიკეტისა და ჩასმის თავისებურებები. აიღო რა ედიტის ინდივიდუალურობა საწყისად, რეიმონ ასომ შექმნა „პიაფის სტილი“. მან დაწერა სიმღერები, რომლებიც მხოლოდ ედიტის ხმას მოუხდებოდა: „პარიზი – ხმელთაშუაზღვის სანაპირო“, „ის ცხოვრობდა პიგალის ქუჩაზე“, „ჩემი ლეგიონერი“.
რეიმონმა მიაღწია იმასაც, რომ ედიტმა შეძლო პარიზის სახელგანთქმული მიუზიკ–ჰოლის „АВС“–ის სცენაზე გამოსვლა. ეს უკვე დიდ აღიარებას და წარმატებას ნიშნავდა. ასევე რეიმონის თხოვნით მომღერალმა ფსევდონიმი „გოგონა პიაფი“ შეცვალა „ედიტ პიაფით“. „АВС“ გამოსვლის შემდეგ პრესა წერდა: გუშინ საფრანგეთში, „АВС“–ის სცენაზე, დიდი მომღერალი დაიბადა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ედიტი რეიმონ ასოს დაშორდა. მოგვიანებით მომღერალმა გაიცნო ფრანგი რეჟისორი ჟან კოკტო, რომელმაც შესთავაზა პიესაში „ლამაზი და გულგრილი მამაკაცი“ მონაწილეობა. დადგმას დიდი წარმატება ხვდა წილად. 1940 წელს კინორეჟისორმა ჟორჟ ლაკომბმა გადაწყვიტა პიესის ეკრანიზაცია და 1941 წელს ფილმში „მონმარტრი მდინარე სენაზე“ ედიტმა მთავარი როლი შეასრულა.
ომის დროს ედიტის მშობლები გარდაიცვალნენ. ოკუპაციის პერიოდში პიაფი ხშირად გამოდიოდა რეპერტუარით გერმანიის ტერიტორიაზე ტყვეთა ბანაკებში. ედიტმა თავისი თავი იპოვა და დაეხმარა სხვა დამწყებ მომღერლებს – ივ მონტანს, ანსამბლს „კომპანიონ დე ლა შანსონ“, ედი კონსტანტენს, შარლ აზნავურს და მრავალ სხვას.
ომის შემდგომი პერიოდმა უდიდესი წარმატება მოუტანა. მას აღფთოვანებით უსმენდა ფრანგი გლეხიცა და ინტელიგენციის წარმომადგენელიც, მუშები და ინგლისის დედოფალი.
მიუხედავად მსმენელთა სიყვარულისა, მისი ცხოვრება სულ უფრო მარტოობისკენ მიისწრაფოდა. ედიტი წერდა: პუბლიკა გულში გიკრავს, თავის გულს გიხსნის და მთლიანად გშთანთქავს. შენ ივსები მისი სიყვარულით, ის კი შენით. შემდეგ ჩამქრალ დარბაზში გესმის მიმავალი ნაბიჯების ხმა. ეს ჯერ კიდევ შენი ნაბიჯებია. ჯერ კიდევ კარგად გრძნობ თავს. შემდეგ გადიხარ ქუჩაში და ხვდები, რომ მარტო ხარ.
1952 წელს ედიტი მიყოლებით ორ ავტოკატასტროფაში მოყვა. მოტეხილი ხელისა და ნეკნების ტკივილების შესამსუბუქებლად ექიმები მორფის ნემსებს უკეთებდნენ. ედიტი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული შეიქნა.
1954 წელს ედიტ პიაფმა ჟან მარესთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ისტორიულ ფილმში „მე თუ მომითხრობენ ვერსალის შესახებ“.
1958 წელს ედიტმა დაიწყო „ოლიმპიის“ საკონცერტო დარბაზში გამოსვლა, წარმატება ფანტასტიკური იყო. გამოსვლების დასრულების შემდეგ, მან თერთმეტთვიანი ტურნე მოაწყო აშშ–ში, შემდგომ კი საფრანგეთშიც ჩაატარა კონცერტების სერია. ფიზიკურმა და ემოციურმა დატვირთვებმა მისი ჯანმრთელობა შეარყია, 1961 წელს 46 წლის ასაკში ედიტმა შეიტყო, რომ უკურნებელი სენით იყო ავად – ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს.
1962 წლის 25 სექტემბერს, ეიფელის კოშკიდან მღეროდა სიმღერებს „არა, არაფერს ვნანობ“, „ბრბო“, „მილორდი“, „შენ არ გესმის“, „სიყვარულის უფლება“. მას მთელი პარიზი უსმენდა. მისი ბოლო სასცენო გამოსვლა 1963 წლის 18 მარტს შედგა. დარბაზმა ხუთწუთიანი ოვაცია მოუწყო. სწორედ ამ დროს ის ცუდად გახდა და სცენაზე წაიქცა, რის შემდეგაც ფართო საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.
1963 წლის 11 ოქტომბერს ედიტ პიაფი გარდაიცვალა. პერ ლაშეზის სასაფლაოზე 40 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი, ბევრი ცრემლსაც ვერ იკავებდა, ყვავილებმა კი მთლიანად დაფარა ედიტის უკანასკნელი განსასვენებელი.
0