20:16:43     17-11-2011
გამოვიდა ფირდოუსის „შაჰნამე“ ქართულად (თარგმნა ბელა შალვაშვილმა)
ირანული პოეზია ქართველებს ყოველთვის ხიბლავდა, ირანელ ავტორებს ყოველთვის დიდი ინტერესით თარგმნიდნენ ქართველები.
ფირდოუსი განსაკუთრებული მოვლენაა არა მარტო ირანული პოეზიაში, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პოეტია. ფირდოუსის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამოს შესახებ, რომელიც გაიმართა 23 ივნისს, ჩვენ ვაცნობეთ პრესა.გე-ს მკითხველს. საღამოს უმთავრესი პერსონაჟი გახლდათ პოეტი და ირანისტი, „შაჰნამეს“ ქართულად მთარგმნელი ბელა შალვაშვილი. მას ყველა განსაკუთრებულ მადლობას უხდიდა იმ საღამოზე - ირანის საელჩოს ხელმძღვანელები, საღამოს ორაგიზატორები („მარადახალი ქნარი“), ირანისტები და ფიდოუსის პოეზიის თაყვანისმცემლები.
შემდეგ, 7 ივლისს, ჩვენს მკითხველს ვესაუბრეთ ფირდოუსის მთარგმნელის ბელა შალვაშვილის შესახებ. იქვე გამოვაქვეყნეთ მის მიერ თარგმნილი წიგნიდან „მეფე ხოსრევ ფარვიზი“ პატარა ნაწყვეტი. მკითხველს ვაცნობეთ, რომ უნდა გამოსულიყო ბელა შალვაშვილის მიერ თარგმნილი „შაჰნამე“ ერთ წიგნად.
დღეს, ლიტერატურის მოყვარულებს გვინდა სიხარულით ვაცნობოთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა „შაჰნამე“ ქართულად. წიგნში შესულია ბელა შალვაშვილის მიერ დაახლოებით ოთხი ათეული წლის მანზილზე თრგმნილი წიგნები „შაჰნამესი“. ფირდოუსის შემოქმედება საკმაოდ დიდია (105 000 სტრიქონამდე), და ჩემი ინფორმაციით, არც ერთ ერს არ აქვს თარგმნილი თავის ენაზე იმდენი წიგნი ამ დიდი შემოქმედისა, რამდენიც ბელა შალვაშვილმა გვაჩუქა ქართველებს, თავისი დაუღალავი შრომისა და პოეტური ნიჭის წყალობით.
ახალგამოცემულ წიგნში შევიდა „შაჰნამეს“ ეპიზოდები (წიგნები): წიგნის დასაწყისი (სამყაროს, ადამიანისა და ციურ მნათობთა შექმნის ამბები), ქეიუმარსი, უშანგი, თეიმურაზი, ჯემშიდი, ზოჰაქი, ფრიდონი, მანუჩარი, ქეი-ქაუსი, ამბავი სიაუშისა, ამბავი ბეჟანისა და მანიჟესი, ქესრა ანუშირვანის მეფობა, მეფე ხოსრევ ფარვიზი.
წიგნში მკითხველი იხილავს იოსებს გაბაშვილის მინიატურებს.
დღეს, ამ შესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, გთავაზობთ ბელა შალვაშვილის წინასიტყვაობას აღნიშნული წიგნიდან. მასზე უკეთ ვერავინ გვიამბობს, როგორ შეეჭიდა ამ ურთულეს საქმეს.
ბელა შალვაშვილზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება. შემდეგში წარმოგიდგენთ მის შესანიშნავ ლექსებს. ასევე მივუბრუნდებით ხოლმე ფირდოუსს და გამოვაქვეყნებთ ნაწყვეტებს მისი დიდი შემოქმედებიდან.
რამ მიბიძგა „შაჰნამეს“ შევჭიდებოდი...
დიდი ირანელი პოეტი აბულყასემ ფირდოუსი თუსი (X- XI სს.) ვრცელი, საგმირო-სარაინდო ეპოსის (105 ათასამდე სტრიქონისაგან შედგება) „შაჰნამეს“ ანუ მეფეთა წიგნის ავტორია. „შაჰნამე“ მეტ-ნაკლები სიდიდის ორმოცდაათი ეპიზოდის, ანუ წიგნისაგან შედგება. ეს წიგნი, ერთმანეთთან თუმცა მჭიდრო კავშირშია, მაგრამ თითოეული დამოუკიდებელი ნაწარმოებებიცაა. მათ შორის ყურადღებას იქცევს მცირერიცხოვანი რომანული ხასიათის ეპიზოდები. მათში აღწერილია ჭეშმარიტი, წმინდა სიყვარული, ბრძოლა, ვაჟკაცობა, განშორების ცრემლები და ერთურთთან შეყრის საზეიმო ცერემონიები.
„შაჰნამეში“ პოეტურადაა გააზრებული ირანელი ერის ისტორია, მისი სულიერი თუ ფსიქოლოგიური წყობა და, ისევ და ისევ, თქვენს ყურადღებას მივაქცევთ იმ გარემოებას, რომ რაზედაც მოგვითხრობს დიდი ირანელი პოეტი, ეს მონათხრობი მაღალპოეტურ, მხატვრულ სამოსელშია მოქცეული...
ჩემს მიერ თარგმნილი „შაჰნამეს“ წიგნები იბეჭდება საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურისა და ისლამურ ურთიერთობათა ორგანიზაციის წარმომადგენლობის ფინანსური დახმარებით, რისთვისაც, უღრმესი მადლიერების გრძნობა მინდა გამოვხატო მათდამი.
წიგნში ჩართული მინიატურები მხატვარ იოსებს გაბაშვილისაა.
1970 წლის იანვრის ბოლოს, ვახუშტი კოტეტიშვილმა, რომელიც უნივერსიტეტში ჩემი ლექტორი იყო, უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის კაბინეტში დამიბარა. მაშინ უკვე ხუთი წლის დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი. მივედი თუ არა, მითხრა: ალბათ იცი, მსოფლიო ლიტერატურის 80 ტომეული რომ გამოდის ქართულ ენაზე; აქედან ერთი ტომი სპარსულ პოეზიას ეთმობა, სადაც, რასაკვირველია, ფირდოუსი ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ. შენ, როგორც ქალს, რომანტიკული „ბეჟანისა და მანიჟეს ამბავი“ შეგირჩიე სათარგმნელად. აბა, შენ იცი და შენმა ქალობამო. სიტყვა დამთავრებული არც ჰქონდა, რომ შევაგებე, - არ შემიძლია-მეთქი. ვახუშტიმ მითხრა, მე კი არ გეკითხები, გიბრძანებო. რამდენი მიზეზიც დავუსახელე, რის გამოც უარს ვამბობდი თარგმნაზე, ვახუშტი მიმეორებდა: მე კი არ გეკითხები, გიბრძანებო, ამასთანავე, მოსკოვის გამოცემული „შაჰნამეს“ ცხრა ტომეულის მეხუთე ტომი მომაჩეჩა და დაამატა: ათ სექტემბერს, პირველ საათიდან ორამდე, აქვე, კაბინეტში, მოხვალ და თარგმანს მომიტან, ახლა კი წადიო.
აღარ ვიცოდი, რა მეღონა! მიუხედავად იმისა, რომ სპარსული პოეზია გაგიჟებით მიყვარდა, თარგმანზე არც მიფიქრია, არც მეგონა, თუ შევძლებდი. არადა, უკვე მესამე კურსზე, ბატონი დავით კობიძე, კოტე ფაღავა და სხვანი, დაბეჯითებით მიკიჟინებდნენ, „შაჰნამეს“ თარგმნა დაიწყეო. ხშირად მიფიქრია, ჩემი ძვირფასი ლექტორები შეთანხმებულივით ერთსა და იმავეს რატომ მიმეორებენ-მეთქი! ასეა თუ ისე, უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, არაფერი მითარგმნია. მერე და მერე გავაანალიზე: ეტყობა, ჩემი ლექტორების შეძახილი - დაიწყე „შაჰნამეს“ თარგმნაო, ვახუშტის ყურსაც მისწვდა და იმიტომ იყო, ასე მბრძანებლურად რომ მიმეორებდა: „კი არ გეკითხები, გიბრძანებო!“
მაისის ბოლომდე, ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. ივნისისათვის ცოტა ამოვისუნთქე და.. ვახუშტის ბრძანებაც გამახსენდა. დღე და ღამე გავასწორე და 10 სექტემბერს, მისი ბრძანებისამებრ, კაბინეტში გავჩნდი და „ბეჟან-მანიჟეს“ თარგმანი გავუწოდე.
ვახუშტიმ ხმამაღლა დაიწყო კითხვა. ჟამიდან ჟამზე, მოწონების გამომხატველი ღიმილით გადმომხედავდა, ათიოდე ფურცელი რომ წაიკითხა, უცებ კითხვას თავი ანება და მითხრა: ქალბატონო, აკი არ შეგეძლოო, მერე ისევ გააგრძელა კითხვა. მითხრა, ეს მშვენიერი თარგმანია, ახლა წადი, დღეს დაისვენე და ხვალ „მანუჩარი“ დაიწყეო. მეც დავიწყე...
ისე მოხდა, რომ „ირანული პოეზიის„ ტომზე ადრე, სადაც „ბეჟან-მანიჟე“ იბეჭდებოდა, „მანუჩარი“ გამოვიდა ცალკე წიგნად (1976); და ვახუშტი, მისთვის ჩვეული გულითადობით, „შაჰნამეს“ ამ წიგნის გამოსვლას დაუყოვნებლივ მიესალმა.
აი, ნაწყვეტი მისი რეცენზიიდან:
„ჩვენს ხელთ არის „ნაკადულის“ მიერ ცალკე წიგნად გამოცემული ერთ ეპიზოდი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ერთი წიგნი „შაჰნამესი“ „მანუჩეჰრი“. იგი სპარსულიდან თარგმნა ბელა შალვაშვილმა, რომლის ლექსებსაც უკვე იცნობს ქართველი მკითხველი.
ერთი შეხედვით, თითქოს მოულოდნელი იყო, რომ ამ სათუთი ლირიკული ლექსების ავტორი, ეს ტანმორჩილი, ნაზი გოგონა ჯიქურ შეაღებდა „შაჰნამეს“ უზარმაზარი სამყაროს თაღმაღალ ბჭეს და როსტომისებური შემართებით იტვირთავდა ამ ეპოსის თარგმნას. ბარაქალა მის ქალობას! მაგრამ გაბედვასაც გააჩნია! იმედგაუმართლებელ გამბედაობას არასახარბიელო სახელითაც ნათლავენ ხოლმე. ვაჟკაცობა ის არის - გაბედო და ნაყოფიც მოიმკო: სწორედ რომ გამართლებაა ბელა შალვაშვილის ეს თარგმანი. ვისაც თუნდ ერთხელ ჩაუხედავს ფირდოუსის პოემის სპარსულ ტექსტში, ვისაც თვალები ამოჰღამებია მისი ჩამძივებული ბეითების კითხვისა, ის ადვილად გამიგებს, თუ რაოდენ დიდი სირთულე იმალება ამ გენიალური პოეტის თითქოსდა გარეგნული სისადავის მიღმა. განსაკუთრებულია ფირდოუსის ენა, თხრობის ნანერა, ხატოვანი აზროვნება, ბატალური სცენების დინამიკა, თუ ლირიკული წიაღსვლების ფილოსოფიური სიღრმე. ყოველსავე ამას ჩაწვდომა უნდა. მაგრამ ჩასაწვდომად მხოლოდ სურვილი და გულისყური არ კმარა. ჭეშმარიტი პოეტური ნიჭია საჭირო, რომ ამ სიღრმეებს ჩასწვდე, გადმოაქართულო, შენც განიცადო და სხვასაც განაცდევინო სიდიადე ძეგლისა, რომლის პირისპირ ფუჭად დაშვრნენ საუკუნეთა ქარნი ხორშაკნი.
სასიხარულოა, რომ ბელა შალვაშვილმა დაძლია ეს დიდი დაბრკოლებანი, მის თარგმანში იგრძნობა ფირდოუსის დარბაისლური თზრობის მდინარება, რთულ პოეტურ ხატთა სისადავე, ზომიერი ჰიპერბოლიზმი და სიბძნით დაოკებული მგზნებარება.
მთარგმნელისათვის ის უკვე ჭეშმარიტი გამარჯვებაა...“
ვახუშტისეულმა ასეთმა შეფასებამ, რა თქმა უნდა, ფრთები შემასხა, - შემდგომი მთარგმნელობითი მუშაობის გზაზე... თუმცაღა, ჩემს მიერ თარგმნილი „შაჰნამეს“წიგნები მთელი „შაჰნამეს“ მხოლოდ მესამედია, ან - მესამედზე ოდნავ მეტი; თუ არსთა გამრიგე მაცლის და საბოლოო გზაზე მალე არ გამიყენებს, „შაჰნამეს“ თარგმნას კვლავაც გავაგრძელებ...
არ შემიძლია, დიდი მადლიერება არ გამოვხატო ამ წიგნის რედაქტორის - ქალბატონ ლილი ჟორჟოლიანისადმი, რომელმაც მრავალი ყურადსაღები შენიშვნა მომცა ამ წიგნის რედაქტირებისას.
არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი სპარსულის მასწავლებლები: ლეილა თუშიშვილი, რომელმაც სპარსული ანა-ბანა შემასწავლა, მაგალი თოდუა, რომელიც, აგრეთვე, „შაჰნამეს“ მთარგმნელია და, რომელიც, მეორე კურსზე შემოვიდა ჩვენთან და პირველსავე ლექციაზე, დიდის გზნებით, გადამდებად, ზეპირად გვიკითხავდა რუდაქის ლექსს („დრო მხიარულად გაატარე შავთვალა ქალთან“), ბატონი დავით კობიძე, - ოლიმპიური და, იმავე დროს, საოცრად პოეტური, უსაყვარლესი ჯემშიდ გიუნაშვილი, - ცოცხალი ენციკლოპედია, იუმორით, ადამიანობითა და სიკეთით აღსავსე კაცი და, ისევ და ისევ ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც რას აღარ გვასწავლიდა თავის ლექციებზე - ქართულს, რუსულს, სპარსულს, ამ ენებზე შექმნილ პოეზიას და, რაც მთავარია, ადამიანობას... თვითოეულმა მათგანმა რაღაც ძვირფასი ჩამიტოვა სულში...
მინდა, ეს ათასობით თეთრად გათენებული ღამეებისა და მოუსვენარი დღეების შედეგი - ჩემს მიერ თარგმნილი „შაჰნამე“ ღრმა პატივისცემით მივუძღვნა ჩემი ძვირფასი მასწავლებლების დავით კობიძისა და ვახუშტი კოტეტიშვილის ნათელ ხსოვნას, რომელთაც წამაქეზეს, მორალური მხარდაჭერა მაგრძნობინეს და იმ ურთულეს გზაზე, რასაც თარგმანი ჰქვია, საკუთარი თავის რწმენა შემმატეს...
ბელა შალვაშვილი
წიგნის დასაწყისი
ვადიდებ უფალს, ვინ განაგებს სულს და გონებას,
ურომლისოდაც აზრი ჭკუას არ ეფონება.
ვინაც განაგებს ხმელეთსა თუ ძე-კაცის სახელს,
ციურ მნათობებს და თვით ბედსაც ის აძლევს სახეს.
განაგებს იგი არსებობას, მწყრალობს და დარობს,
მისით ვარსკვლაობს ვარსკვლავი და მთვარეცა მთვარობს.
ყველაფრისა და ყოვლის მიღმა ზის უჩინარი,
მაინც ყოველგან იარება, ყველგან შინ არი.
ვინც ეცდებიან შემოქმედის იხილონ ხატი,
ერთობ ამაო აღმოჩნდება წადილი მათი.
ოცნებისთვისაც შორია და მიუწვდომელი
უფლის დანახვა, ფუჭად ცდება ხილვის მდომელი.
შესაძლო არის საფერ სიტყვით ნაბიჯზე მისწვდე,
გონება მაინც ვერა პოვებს გზა-სავალს მისკენ.
ბევრიც იგონოს გონმა ღმერთის საკადრი ქება,
ვერ მოიგონებს, გონი მას გრძნობს, რასაცა ხედავს.
არ მიიღწევა უფლის შესხმა კაცისგან სრულად,
ხამს, ამიტომაც, მის წინ თავი დახაროს სულაც.
მაღალის ხოტბად ხამს აჩვენოს ღონე და ძალა
სულმა და გონმა... თუმც, ეს ძალაც აღჩნდება არად.
არა, მოკვდავო, არცა გულსა, არც გონს და სმენას
არ ძალუძს უფლის საკადრისად გასარჯოს ენა.
ერთიღა გმართებს - ფუჭ საუბარს დაუდე განი, -
დამბადებელის არსებობა იცან და სცანი!
იმედის შუქი და ღმრთის შიში დაგდევდეს მუდამ
და უფლის ნების აღსრულებლად მზად იყო უნდა!
თან.. მიზნად უნდა ისახავდე ცოდნის შეძენას,
სიბრძნის შეძენით ხნე კაცსაც კი სიყრმე ეძლევა.
ფარდას იფარავს, შორით გვიმზერს დამბადებელი, -
ადამის ძისთვის აწ და მარად შეუცნობელი.
0