10:41:27     17-11-2011
აშშ ჩინეთის სიახლოვეს სამხედრო ძალების რაოდენობას ზრდის
ავსტრალიაში ბარაკ ობამას პირველი ოფიციალური ვიზიტი, სამხედრო შეთანხმებით დასრულდა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანაში, შტატები საკუთარი საზღვაო ქვეითების რაოდენობას, 250–დან 2500–მდე გაზრდის, ხოლო ამერიკულ სამხედრო ვერტმფრენებს ავსტრალიის სამხედრო–საჰაერო ძალების ბაზების გამოყენების უფლება მიეცემათ.
ეს გადაწყვეტილება ექსპერტებმა, მაშინათვე, რეგიონში ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების ზრდას დაუკავშირეს. სპეციალისტების აზრით, ვაშინგტონი ამგვარად ცდილობს სიტუაციის დაბალანსებას. როგორც ჩანს, ობამას და პენტაგონს იმედი აქვთ, რომ ამერიკულ–ავსტრალიური სამხედრო ბაზები, პეკინის მზარდ გავლენას ფრთებს მნიშვნელოვნად შეაკვეცავს.
სამხედრო ძალების განთავსების ამ ახალმა გეგმამ, პეკინის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, რომელმაც მსგავს ნაბიჯს „სრულიად უსარგებლო“ უწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრალიაში ამერიკული სამხედრო ძალების განთავსება არ პასუხობს რეგიონის ქვეყნების ინტერესებს.
თუმცა, სწორედ ამ რეგიონში, ვაშინგტონს გაცილებით უფრო სოლიდური რაოდენობის სამხედრო ძალები ჰყავს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ამიტომ თავად ამერიკელები ავსტრალიაში ჯარების განთავსებას, გარკვეულ სიმბოლურ ჟესტად უფრო მიიჩნევენ.
როგორც დასავლური პრესა წერს, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი სამხედრო ქსელი მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა, უკანასკნელ ხანს, პენტაგონი სამხედრო ძალებს ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად ამცირებს და მათ, ძირითადად, აზია–წყნარი ოკეანიის რეგიონში აჯგუფებს.
როგორც თავად პრეზიდენტმა ობამამ განცხადა, ამ რეგიონს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის განსაკუთრებულად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ აქ მოვედით, რათა დავრჩეთ“ – განაცხადა ობამამ. ხოლო, თავის მხრივ, ავსტრალიის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამერიკული ჯარების მათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსება, რეგიონში სტაბილურობის გარანტი იქნება.
0