09:09:55     16-11-2011
კიბერშეტევებს აშშ რეალური სამხედრო თავდასხმით უპასუხებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში, თანამედროვე მსოფლიოს კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, სულ უფრო პრობლემატური ხდება კიბერშეტევების თემა. როგორც ირკვევა, შტატებში, მთელი რიგი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ომის ამ ფორმას, თუ ეს მოხდება, შესაძლოა, რეალური სამხედრო შეტევებით უპასუხონ. ამის შესახებ პენტაგონის ახალ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის მთავარმა სამხედრო უწყებამ კონგრესში წარსადგენად მოამზადა.
ექსპერტებმა ეს 12-გვერდიანი დოკუმენტი უკვე შეაფასეს, როგორც ვაშინგტონის საკმაოდ თამამი განცხადება, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. უფრო კონკრეტულად, მოხსენებაში ნათქვამია, რომ კიბერსივრცეში შეტევის შემთხვევაში, თუ პასუხი აუცილებელი გახდება, ის იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ სხვა ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში იქნებოდა. „ჩვენ გამოვიყენებთ უფლებას, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებელი ვარიანტები, იქნება ეს დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა. ეს აუცილებელია ჩვენი ერის, მოკავშირეების და პარტნიორების დასაცავად“ - ნათქვამია მოხსენებაში.
თავად პენტაგონის ინტერნეტ-საიტი და კომპიუტერული სისტემები მრავალჯერ გამხდარა ბოროტმოქმედი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი, რაც აშშ-ის მთავარ სამხედრო უწყებას, პერიოდულად, დიდ პრობლემებს უქმნის. ზოგადად კი, ამერიკულ კომპიუტერულ ქსელზე, კერძოდ, მის სამხედრო მრეწველობაზე მიტანილი კიბერიერიშების შედეგად, აშშ-ის ეკონომიკას დაახლოებით ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა. თუმცა, მოხსენებაში, ასევე, ისიცაა ნათქვამი, რომ ძალის გამოყენებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო ყველა სხვა შესაძლებელ, მშვიდობიან საშუალებებს მოსინჯავს... 0