13:48:44     15-11-2011
18 წლის გიორგი ლალიაშვილის მკვლელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22 წლის ლევან ნინუას, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად 18 წლის გიორგი ლალიაშვილის განზრახ მკვლელობა ედებოდა.
დანაშაული მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ღამეს, ბათუმში მოხდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით: ,,არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ლევან ნინუა, თავის მეგობრებთან ერთად, მანქანით მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაადგილდებოდა, რა დროსაც საგზაო შემთხვევა მოუვიდა და გიორგი ეჯიბაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევას ნინუასა და ეჯიბაშვილის მეგობრებს შორის კონფლიქტი მოჰყვა, რომლის დროსაც ლევან ნინუამ დანის გამოყენებით გულმკერდის არეში დაჭრა გიორგი ეჯიბაშვილის მეგობარი გიორგი ლალიაშვილი. დაჭრილი და მისი მეგობრები გაიქცნენ. ლალიაშვილი მიყენებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დამნაშავე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქართველოს სს კოდექსით, ლევან ნინუას მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებსა და ბრალდებულის მიერ მიცემულ აღიარებით ჩვენებაზე დაყრდნობით, ლევან ნინუას მიმართ შერაცხული ბრალი დადასტურებულად ცნო და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.’’
0