მურმან ლებანიძის დაბადების დღისადმი მურმან ლებანიძის დაბადების დღისადმი />


  15:08:54     14-11-2011

მურმან ლებანიძის დაბადების დღისადმი

a12287.jpg

1922 წლის 14 ნოემბერს დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი მურმან ლებანიძე.

დაიბადა დაბა აღსტაფაში, აზერბაიჯანში, სილოვან ლებანიძის ოჯახში. 1940 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო წავიდა ომში. იბრძოდა კავკასიისა და ყუბანის ფრონტებზე. 1943 წელს მძიმედ დაიჭრა და თბილისში დაბრუნდა. 1945 წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში, რომელიც 1948 წელს დაასრულა. 1948 წელს დაქორწინდა ელენე ჭავჭავაძეზე.

1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო გაზეთების რედაქციებში. მოღვაწეობდა საქართველოს ბეჭდვითი კომიტეტის მთავარ რედაქტორად. 1975-1978 წლებში იყო ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, მერე თავმჯდომარის მოადგილე (1978-1994), 1994 წლიდან თავმჯდომარე. გახლდათ შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი.

მურმან ლებანიძის ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოქვეყნდა.

ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მან თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ნიმუშები, რადიარდ კიპლინგის, რობერტ ბერნსის ლექსები. შექმნა რუსული კლასიკური პოეზიის მიკროანთოლოგია (კრებული „უკვდავი ყვავილები“, 1971).

მურმან ლებანიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩეხურ ენებზე.

იგი დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“, ღირსების ორდენებით. მიღებული ჰქონდა შოთა რუსთაველის, გალაკტიონისა და სახელმწიფო პრემიები. 1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

მურმან ლებანიძე გარდაიცვალა 2002 წლის 17 აგვისტოს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

* * *

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია...
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის?!“- ბებერ გულში ლახვრად მაჩნია...
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

* * *
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ქრის,
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა _
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.

* * *
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...

* * *
კაცური კაცის ცხოვრება, -
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, -
ხელახლა აიწონება,
ხელახლა - სუყველაფერი!

მედროვის ყალბი დიდება, -
მკვახედ და მკუხედ ნამღერი, -
ხელახლა გაიჩითება,
ხელახლა სუყველაფერი!

გაზაფხულს წყალი დიდდება -
იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება -
ხელახლა წაიკითხება,
ხელახლა -
სუყველაფერი!

0

ავტორი: