13:17:55     11-11-2011
ლელა ცუცქირიძის წიგნის - „ლილოჭრელის“ პრეზენტაცია
ლელა ცუცქირიძის წიგნის - „ლილოჭრელის“ პრეზენტაცია
12 ნოემბერს, შაბათს, 17 საათზე, ნ.დუმბაძის საბავშვო თეატრის მცირე დარბაზში, გაიმართება ლელა ცუცქირიძის ლექსების კრებულის ”ლილოჭრელის” პრეზენტაცია.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 99/1
დასაწყისი 17:00 საათზე.
ლელა ცუცქირიძე ლიტერატურის მოყვარულთა შორის ცნობილი პოეტია. მას ჩვენი მკითხველი იცნობს პუბლიკაციით „ლელა ცუცქირიძის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)“.
ის წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის “ხვარამზე-2011” პირველი ადგილის მფლობელი. გაიმარჯვა მისმა ლექსმა „დიაფილმი“. წერს ლექსებს, მოთხრობებს, როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. იბეჭდება სხვადასხვა პერიოდიკაში.
დღეს, შეგახსენებთ მის ერთ ლექსს აღნიშნული პუბლიკაციიდან.
ბაქანი
აქ ხარ და არც ხარ.
შენი მინდორი ისეთია,
თითქოს ვაჭრებმა, აღმოსავლეთის ცხელი ქვეყნიდან რომ ბრუნდებოდნენ,
ჩამოისვენეს,
ქიშმირისა და აბრეშუმის ჭრელი თოფები გადაშალეს, გაამზეურეს...
და როგორ გინდა,
აწურულ მხრებზე მოიხვიო ეს სიჭრელე თავსაფარივით,
მივიწყებულ ბაქანზე დადგე.
ხომ ხდება ასეც:
ჩამოიაროს მექანიკურმა მატარებელმა
და ერთადერთ მგზავრს -
ფანჯრისაკენ ზურგშექცეულს,
თავსაფარი დაუქნიო.
მერე რა მოხდა, თუ ვერ შეგამჩნევს,
მშვიდ მგზავრობას მაინც უსურვებ,
მალაქიტის ბალახის სურნელს გაატან საგზლად,
მაგრამ იცი,
აქ ხარ და არც ხარ.
არაა შენი:
არც მინდორი - ქიშმირის და აბრეშუმის ჭრელი თოფები,
არც ბაქანი - მივიწყებული,
არც ბალახი - მალაქიტის...
მექანიკურ მატარებელს კი,
ჯერ კიდევ როდის,
მექანიზმი ჩაუშალე და გააჩერე.
მერე, დიდხანს გიქნევდა ფრთებს უცხო ფრინველი - სემაფორი,
დიდხანს უსტვენდა,
შენი მინდორიც (სემაფორის მწვანე თვალი)
დიდხანს ენთო და მაშინ ჩაქრა,
უსარგებლო ნივთებით და განწყობებით რომ აიწყვე თავი კოლაჟივით,
იქ ჩააწებე,
სადაც მუდამ მტკნარი ტბა იყო -
ძირგახვრეტილი, როგორც სპილენძის ძველი ვარცლი,
ობმოდებული.
...და ერთხელაც, ტბის ფსკერიდან, ისე ახლოს მოვიდა მიწა,
თითქოს ლუპა გაგიკეთეს სათვალის ნაცვლად
და ყველაფერი დაინახე:
რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა,
რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა,
რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა...
არადა, აქ ხარ.
შენთან, სულ ახლოს:
მინდორი, როგორც ქიშმირის და აბრეშუმის ჭრელი თოფები,
ბალახი, როგორც მალაქიტი,
მგზავრი,
ბაქანი,
მექანიკური მატარებელი...
სხვა - არაფერი,
სხვა - არაფერი,
სხვა - არაფერი,
სიმშვიდის გარდა.