11:17:53     11-11-2011
ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის და თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაიას მიმართვა
ბატონო მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონებო და ბატონებო, მაქვს პატივი გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საზეიმო ცერემონიაზე მივესალმო ავღანეთიდან დაბრუნებულ 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს.
მრავალი წელია საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო საქმეში, რათა ავღანეთი აღარ გახდეს ტერორისტებისა და ექსტრემისტების თავშესაფარი.
დაახლოებით ათასი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსახურობს ავღანეთში დღეს და ამას ისინი ძალიან მაღალ დონეზე აკეთებენ. თქვენ, 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა თქვენი მისია ბრწყინვალედ შეასრულეთ.
თქვენი ვალდებულებები ჰელმანდის პროვინციაში განსაკუთრებით რთული იყო, თუმცა თქვენ ამ გამოწვევას ღირსეულად გაართვით თავი და დიდი სიმამაცე გამოიჩინეთ.
თქვენით არამარტო თქვენი ბატალიონი და თქვენი ბრიგადა, არამედ მთელი ქვეყანა უნდა ამაყობდეს.
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მისი ვალდებულების შესახებ კვლავაც შეიტანოს წვლილი ჩვენს საერთო საქმეში. როგორც კი ეს კონტინგენტი ავღანეთში გაემგზავრება, საქართველო ნატო-ს არაწევრი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა გახდება. ისეთი ქვეყნისათვის რომლის მოსახლეობა მხოლოდ 4.5 მილიონია ეს წვლილი ძალიან მაღალია. ეს არის ის წვლილი, რომლისთვისაც ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ძალიან მადლიერია.
ჩვენ ახლა ავღანეთის ოპერაციის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დავძლიეთ პიკი ამბოხებულთა აქტივობების და ავღანური მხარისათვის უსაფრთხოების მდგომარეობაზე პასუხიმგებლობის გადაბარების პროცესი 2014 წლის ბოლოს დასრულდება. და თქვენ ამ პროგრესის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეთ. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის გვერდით დგომას გარდამავალ პერიოდშიც და მის შემდგომაც.
ჩვენ კვლავ დავეხმარებით ავღანელ ხალხს შექმნან სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი გახდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო კვლავ შეიტანს საკუთარ წვლილს ჩვენს საერთო საქმეში.
ავღანეთი არის ძალიან მძიმე მისია ყველა ჩვენი ქვეყნისათვის და სამხედროებისათვის. ის ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციია ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისათვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის.
თქვენი სამსახური ავღანეთში ასევე მნიშვნელოვანია სხვა თვალსაზრისითაც. ამის მეშვეობით საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა უკეთ მომზადებულია რათა ნატოს ქვეყნებთან ერთად სხვა მისიებშიც მიიღოს მონაწილეობა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესისათვის.
თქვენი მონაწილეობით ამ ოპერაციაში თქვენ ეხმარებით არამარტოა ავღანეთს ფეხზე დადგომაში, არამედ ეხმარებით საქართველოს კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ში გაწევრიანების მიზანს. ეს კიდევ ერთი საფუძველია გეამაყებოდეთ თქვენი მიღწევები.
კიდევ ერთხელ ნება მომეცით 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წვლილისათვის იმ პროგრესში რასაც ავღანეთში, ჩვენს საერთო საქმეში მივაღწიეთ.
ნება მომეცით ჩემი გამოსვლა დავასრულო იმ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი პატივის მიგებით, რომლებმაც ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად ყველაზე ძვირფასი გაიღეს.
ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ და ვიქნებით კიდეც, რომ მათ მსხვერპლი ამაოდ არ გაუღიათ.
ბატონო გენერალურო მდივანო,
მაქვს პატივი თქვენ და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებს მოგესალმოთ საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.
დღეს თქვენ შესაძლებლობა გაქვთ პირადად შეხვდეთ იმ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.
ვფიქრობ, ჩვენს ჯარისკაცებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მისიაში და პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.ამასთან ერთად ისინი საკმაოდ დიდ გამოცდილებას იღებენ, რითაც აძლიერებენ საქართველოს შეარაღებულ ძალებს.
ჩვენ უკვე განვახორციელეთ მეოთხე როტაცია ამერიკის სარდლობის ქვეშ და ამჟამად, რიგით მეხუთე ბატალიონი გადის გადასროლისწინა წვრთნას. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს ჩვენ კიდევ ერთი ბატალიონით ვზრდით ჩვენს კონტრიბუციას ISAF-ის მისიაში.
ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციაში მონაწილეობის პარალელურად, ჩვენ გვიწევს ძალიან რთულ უსაფრთხოების გარემოში მოქმედება, რაც ორმაგ ძალისხევას მოითხოვს - ერთის მხრივ, გავაგრძელოთ აგვისტოს ომის შედეგად მიღებული ზიანის აღდგენა, ხოლო მეორეს მხრივ, თავდაცვის შემდგომი ტრანსფორმაცია.
სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა საქართველოს მზადყოფნისა იყოს ალიანსის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი.
mod.gov.ge
0