08:56:49     11-11-2011
აშშ რუსეთის ჩრდილოეთით სამხედრო ფლოტს განათავსებს?
რუსი ჩინოვნიკები პანიკაში არიან. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დიმიტრი რაგოზინი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი სამხედრო ხომალდების ჩრდილოეთის ზღვაში განლაგებას გეგმავს. რაგოზინისვე ინფორმაციით, ხომალდები აღჭურვილია რაკეტებით და სხვადასხვა შეიარაღებით ბორტზე. სამხედრო გემები, სავარაუდოდ, ჩრდილოეთის, ბალტიის და ბარენცის ზღვებში განთავსდება.
რუსი ჩინოვნიკის თქმით, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის საზღვრებთან ფორმირდება სამხედრო პოტენციალი, რომლის ფორმალურ მიზეზად აშშ ევროპის დაცვას ასახელებს, სამხრეთის რიგი ქვეყნებიდან ბალისტიკური რაკეტებით შეტევის შემთხვევაში. კრემლს და მის ემისრებს კი ეჭვი აქვთ, რომ გემების რეგიონში სავარაუდო განთავსების მიზეზი სულ სხვაა.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ნატოში რუსეთის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს მიზეზს საიმისოდ, თუ რატომ უნდა მოუყაროს თავი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ სამხედრო გემებს ჩრდილოეთის ზღვებში. რაგოზინის განცხადებით, „ევროპის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს, არანაირად არ შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტები ჩრდილოეთის ზღვამდე მიაწვდინონ. რეგიონში აშშ-სთვის ერთადერთი საშიშროება რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალებია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამერიკული ფლოტის ჩრდილოეთის ზღვებში განთავსება, რუსეთის ბირთვული პოტენციალის ნეიტრალიზაციის მცდელობა იქნება“, - აცხადებს შეშფოთებული ჩინოვნიკი.
როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, საინფორმაციო საშუალება შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანს დაუკავშირდა და რუსების ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, თუმცა, თავდაცვის სამინისტრომაც და სახელმწიფო დეპარტამენტმაც კრემლის ისტერიკებზე კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს.
რუსები, როგორც ჩანს, ამ პერსპექტივამ მეტად შეაშინა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თვით პუტინი გამოვიდა და განაცხადა, რომ რუსეთი, თავის მხრივ, ჩრდილოეთის ზღვებში საკუთარ სამხედრო დაჯგუფებებს გააძლიერებს. რუსმა ექსპერტებმა და ჩინოვნიკებმა კი, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატების სამხედრო გეგმები, რუსეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მათ სურთ, ჩვენ ბალტიის, ბარენცის და სხვა ზღვები წაგვართვან - ირწმუნებიან რუსულ გენშტაბში...
0