14:05:16     10-11-2011
ფრიდრიხ შილერის „შებურვილი კერპი საისში“
1759 წლის 10 ნოემბერს დაიბადა დიდი გერმანელი პოეტი და დრამატურგი, ფილოსოფოსი, სამხედრო ექიმი, ისტორიკოსი, ხელოვნების თეორეტიკოსი - ფრიდრიხ შილერი (Johann Christoph Friedrich von Schiller).
დიდი პოეტი ქვეყანას მოევლინა ვიურტემბერგის მხარეში, პატარა ქალაქ მარბახში (ნეკარის მარბახში - Marbach am Neckar). აღნიშნული ქალაქი, მდინარეების, ნეკარისა და მურას შესართავთანაა გაშენებული. ნეკარი მდინარე რეინის მარჯვენა შენაკადია.
წარმოშობით ბიურგერთა წრიდან იყო. მამა, იოჰან კასპერ შილერი სამხედრო ექიმი გახლდათ, მსახურობდა ვიურტემბერგის ჰერცოგთან. პოეტი იზრდებოდა მორწმუნე ოჯახში. ოცნებობდა სასულიერო მოღვაწეობაზე.
1768 წელს შეიყვანეს ლათინურ სკოლაში. 1773 წელს მიაბარეს საჰერცოგოს ახალ ჩამოყალიბებულ სამხედრო აკადემიაში. სწავლობდა სამართალს. შემდეგ მედიცინას. სწავლის დასრულების შემდეგ, 1780 წელს დაინიშნა შტუდგარტის სამხედრო ნაწილის ექიმად.
ჭაბუკობიდანვე წერდა პიესებს. 1781 წელს გამოაქვეყნა თავისი სახელგანთქმული დრამა „ყაჩაღები“, რომელმაც სახელი გაუთქვა ახალგაზრდა შემოქმედს. დრამა დაიდგა მანჰაიმში 1782 წლის 13 იანვარს. შილერი ერთი-ორჯერ უკითხავად გაემგზავრა სამხედრო ნაწილიდან და დაესწრო სპექტაკლს. ჰერცოგმა დასაჯა პოეტი, ჰაუბვახტში ჩასვა და უბრძანა მხოლოდ მედიცინის თემაზე ეწერა. 1882 წლის 22 სექტემბერს ახალგაზრდა პოეტი გაიქცა საჰერცოგოდან. მანჰაიმის თეატრისათვის წერა განაგრძობდა, როგორც თეატრის პოეტი, თუმცა მალე შემოსავალი შეუწყვიტეს, კონტრაქტი აღარ დაუდეს... აწუხებდა ცალმხრივი სიყვარულიც...
1785 წელს დიდმა შემოქმედმა დაწერა „სიხარულის ოდა“ (An die Freude), რომელიც მიძღვნილი იყო ადამიანთა ძმობის სიხარულისადმი. ბეთჰოვენმა, 1823 წელს შექმნილ მეცხრე სიმფონიის დასასრულისათვის გამოიყენა ეს ნაწარმოები გუნდის მიერ შესრულებით. დღეს ეს ნაწარმოები ევროპის ჰიმნია.
1785-1787 წლებში დრეზდენში იმყოფებოდა. 1790 წელს შილერმა იქორწინა შარლოტა ფონ ლენგეფელდზე.
1785-1791 წლებში უშვებდა ლიტერატურულ ჟურნალს. წერდა პოეტურ და „ფილოსოფიურ წერილებს“ (1786 წელს გამოსცა კიდეც ეს უკანასკნელი). მუშაობდა ისტორიის საკითხებზე.
1788 წელს შილერმა გაიცნო გოეთე... ამბობენ, თავიდან გოეთე ცივად შეხვდა შილერსო, მაგრამ ფაქტია, რომ შილერი გოეთესათვის უძვირფასესი ადამიანი გახდა - მისი სულიერი მეგობარი, მისი გენიის ჯუფთი. გოეთესათვის შილერის უდროო გარდაცვალება იყო დიდი ტრაგედია, რომლის გამო კარგა ხანს ვერაფერს წერდა, მერე, ცრემლმდინარემ, გენიალური ლექსი მიუძღვნა მეგობარს („შილერის თავისქალის ჭვრეტისას“). სიკვდილის წინ კი შილერი მოელანდა. ალბათ, სხვადასხვა სამყაროებს, ამქვეყნიურს და იმქვეყნიურს, ფიზიკურს და სულიერს არ შეეძლოთ ამ ორი გენიოსის განცალკევება, არც „ქარიშხლისა და შეტევის“ პოეზიაში, არც „გენიოსთა ეპოქაში“, არც მარადიულობაში...
შილერისა და გოეთეს შესახებ და მათ ურთიერთობაზე ჩვენი წერილები იხილეთ პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში: „მეტი სინათლე გოეთესათვის“; „დიადი ლტოლვით გატაცებული“ - ფრიდრიხ შილერი“; „შილერის „სიყვარულის ზეიმი“; „გოეთეს „მიძღვნა“;
„გოეთეს „შილერის თავისქალის ჭვრეტისას“; „გოეთეს დაბადების დღისადმი („მაჰმადის სიმღერა“).
მათ შესახებ საუბარი გვაქვს სხვა წერილებშიც. ასევე გამოვაქვეყნეთ პუბლიკაციები, სადაც ისინი მოხსენიებულია. ამ ორ გენიოსზე საუბარი შემდეგშიც გვექნება და მკითხველს კიდევ გავახარებთ მათი ნაწარმოებებით.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ შილერის შესანიშნავ ბალადას „შებურვილი კერპი საისში“. ნაწარმოები ფილოსოფიურია და მორალისტური. მიზნის მიღწევა არ შეიძლება ძალადობით... ქართულად თარგმნა ხარიტონ ვარდოშვილმა. გამოქვეყნდა 1956 წელს კრებულში „ფრიდრიხ შილერი“. შენიშვნები დაურთო გ. ნადირაძემ. ის წერს:
„ამ ბალადას შილერმა საფუძვლად დაუდო ძველი აღმოსავლური თქმულება ცნობისმოყვარე ჭაბუკზე, რომელიც ცოდნის წყურვილმა მიიყვანა ეგვიპტის ქალაქ საისში. ჭაბუკი ფიქრობდა, რომ აქ, ძველ საღმრთო ქალაქში, ჰიეროჰანტების (მოგვების) დახმარებით ბუნების ყველა საიდუმლოებას მისწვდებოდა. მაგრამ არად ჩააგდო ზნეობრივი მოვალეობა, რომელიც ჰიეროფანტმა განუმარტა მას, და დაიღუპა. ლექსის იდეა ნათლად არის გამოხატული უკანასკნელ ტაეპში: „ვაი მას! იგი ვერასოდეს ვერ გაიხარებს, დანაშაულით ვინც იხილავს ჭეშმარიტებას“, ესე იგი, ჭეშმარიტება უნდა მოიპოვოს ადამიანმა მხოლოდ ზნეობრივი სიწმინდის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბედნიერებას არ მოიტანს“.
შებურვილი კერპი საისში
სწავლის წყურვილით აგზნებული, გატაცებული,
ძველი ეგვიპტის საისისკენ ყრმა ისწრაფოდა,
სურდა ესწავლა მისან-მოგვთა სიბრძნე ფარული.
მახვილი ჭკუით მან ბევრი რამ შეიცნო სწრაფად,
მაგრამ წყურვილი დიდი ცოდნის კვლავ იტაცებდა,
ძლივს აოკებდა აგზნებულ ყრმას ბრძენი მოძღვარი.
„ო, მიპასუხე, - მოგვს მიმართა მღელვარე ვაჟმა, -
რა მაქვს, თუ არ მაქვს ყველაფერი, რაც გულს სწადია?
განა არსებობს საწუთროში მეტი, ნაკლები?
ჭეშმარიტება, ვით გრძნობადი ბედნიერება,
ნუთუ თანხაა ნივთიერი - დიდი ან მცირე,
რომელიც გვაქვს და კვლავ ვისწრაფით მის შესაძენად,
ნუთუ არ არის ის მთლიანი, განუყოფელი?
აბა მოაკლე ჰარმონიას თუნდ ერთი ბგერა,
აბა ჩაუქრე ცისარტყელას თუნდ ერთი ფერი!
დამახინჯდება ხომ ორივე და დაირღვევა
მათი დიადი მთლიანობა და სილამაზე!“
ისინი ამგვარ საუბარით გატაცებულნი
განმარტოებით მდგარ ტაძარში შევიდნენ ფრთხილად,
და ყრმა გაოცდა, როცა ირგვლივ მიმოიხედა:
იხილა კერპი შებურვილი ვეებერთელა,
შეხედა მოძღვარს და მიმართა: „მითხარ, ეგ რაა,
კუთხეში რომ დგას საბურველში გამოხვეული?“
„ჭეშმარიტება!“ - უპასუხა. „როგორ? - შეჰყვირა,-
მე ხომ ვისწრაფი, რომ ვიხილო ჭეშმარიტება,
განა ეს არის, რასაც ვეძებ და თქვენ მიმალავთ?“
„ეგ ღვთის ნებაა, - უპასუხა მოძღვარმა მშვიდად, -
ხამს მომაკვდავმა, - ასე ბრძანებს ყოვლის შემქმნელი, -
იდუმალ ქანდაკს არ ახადოს ეს საბურველი,
ვიდრე თვით მოვხდი! და თუ მაინც ვინმე მკრეხელი
გათავხედდება, ეურჩება განგებას ჩემსას, -
ახდის საბურველს, მას მოელის...“ „სთქვი რა მოელის?“
„იგი იხილავს მარადიულ ჭეშმარიტებას!“
„უცნაურია, საკვირველი მკითხაობაა!
მაშ შენ აროდეს აგიხდია ეს საბურველი?“
„მე? ჭეშმარიტად არასოდეს! და არც მქონია
ამის სურვილი“. „აჰ, ეს ჩემთვის საკვირველია!
ჭეშმარიტებას მაშორებდეს ეს თხელი ფლასი?“
„და ღვთის კანონი! - დაუმატა მოძღვარმა მტკიცედ. –
გახსოვდეს, შვილო, მსუბუქია თუმც საბურველი,
შენი ხელისთვის მისი ახდა არ არის ძნელი,
სინდისისათვის კი მძიმეა, აუტანელი“.
დაბრუნდა სახლში ყრმა მდუმარე, ჩაფიქრებული,
ცოდნის წყურვილმა მთლად დაიპყრო, დაუფრთხო ძილი,
ალმოდებული ტრიალებდა, ვერ ისვენებდა;
შუაღამისას მიატოვა მან სარეცელი
და გაემართა ტაძრისაკენ ჩქარი ნაბიჯით.
მიუახლოვდა ტაძრის სარკმელს, შეავლო თვალი,
ფრთხილად შეაღო და გადახტა დაუყოვნებლივ,
მაღალი ტაძრის შუაგულში შეჩერდა უცებ.
შეიპყრო შიშმა და დაეტყო სახეზე თრთოლა;
ირგვლივ ყველაფერს ჩაჰხვეოდა სიჩუმე მკვდრული,
და მის ყრუ ნაბიჯს ბანს აძლევდა შორიდან მხოლოდ
ბნელ და იდუმალ აკლდამების გამოძახილი;
აწვდილ გუმბათის მინებიდან პირბადრი მთვარე
უხვად აფრქვევდა მოკამკამე სხივების მძივებს.
და ვით ცოცხალი ღმერთის სახე, გასაოცარი,
გაბრწყინვებული მონარნარე შუქთა ციალით,
იდგა ლეჩაქით შებურვილი კერპი მაღალი.
მიუახლოვდა მას ჭაბუკი ნელი ნაბიჯით,
კადნიერ ხელით სურს შეეხოს წმინდა ხატებას.
თრთის და ცახცახებს, ჭირის ოფლი ჩამოსდის ღვარად
და უკან იხევს, უხილავი ძალით ძლეული.
„რა განგიზრახავს, უბედურო? - ჩასძახებს ჭაბუკს
ხმა სინაგანი, სინიდისის ქენჯნით აღძრული: -
შენ ეურჩები, მომაკვდავო, ღმერთის განგებას?
ნუთუ არ გახსოვს მოძღვრის თქმული: „ხამს მომაკვდავმა
ეს საბურველი არ ახადოს, ვიდრე თვით ავხდი!“
მაგრამ იმავე მოგვმა განა არ დაუმატა:
„ვინც ამ საბურველს ახდის, ნახავს ჭეშმარიტებას?“
ყრმა დაიყვირებს მაღალი ხმით: „მსურს დაგინახო!“
„მსურს დაგინახო“, - უპასუხებს გამოძახილი.
და მყის მიიჭრა, ჩამოხადა კერპს საბურველი,
მაგრამ ამ დროს მან რა იხილა, არავინ იცის.
მეორე დღეს კი, უგრძნობელი და ფერმიხდილი,
იზიდას ფერხთქვეშ გაშხლართული შემზარავ სახით
ნახეს მოგვებმა იატაკზე იგი ჭაბუკი,
ეგდო მკვდარივით, შიშის ელდით გაქვავებული;
ცნობიერებაწართმეული ვერ სძრავდა ენას.
და სამუდამოდ გენეშორა მის სულს ხალისი,
სავდამ უდროოდ გაუთხარა სამარე ბნელი.
„ვაი მას, - ასე მიუგებდა, ვინაც ჰკითხავდა,
თუ რა იხილა საბურველში გამოხვეული, -
ვაი მას! იგი ვერასოდეს ვერ გაიხარებს,
დანაშაულით ვინც იხილავს ჭეშმარიტებას!“
1795 წელი
0