11:54:51     10-11-2011
ნატო მოსკოვს ათვინიერებს: ალიანსის წარმომადგენლები რუს სამხედროებს ლექციებს უტარებენ
რუსულ არმიას ახალ სიურპრიზებს უმზადებენ. გარდა იმისა, რომ ოფიცრებს უკვე დააკისრეს ვალდებულება, რომ მათ სპორტული ნორმატივები უნდა ჩააბარონ, ახლა ინგლისური ენის სწავლაც მოსთხოვეს. როგორც რუსული მედია წერს, გენერლებს შერცხვათ, რომ რუს კაპიტნებსა და მაიორებს, ენობრივი ბარიერის გამო, ნატოელ კოლეგებთან საუბარი არ შეუძლიათ. მოთხოვნა საკმაოდ მკაცრია და უცხო ენის გარეშე კარიერული წინსვლაც შეუძლებელი ხდება.
თავდაცვის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა ვადა, - სამხედროებმა უცხოელი კოლეგების ენა 4 თვეში უნდა ისწავლონ. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მეთაურებს თავისი ხელქვეითების გონებრივ შსაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ და რუსი სამხედრო ენას არათუ 4 თვეში, შესაძლოა, ერთ წელიწადშიც ვერ ისწავლის.
სწავლება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება და კურსი სამხედრო სასწავლებლებში ჩატარდება. ხოლო იმ რაიონებში, სადაც ასეთი სასწავლებელი არ არსებობს, რუსი ჯარისკაცები ჩვეულებრივ სკოლებში ივლიან და გაკვეთილების შემდეგ დაეუფლებიან უცხო ენას.
უკვე განსწავლულ სამხედროებს, გამოცდას სპეციალური კომისია ჩაუტარებს. ამის აუცილებლობა რუსეთის გენშტაბმა მას შემდეგ დაინახა, რაც ფაქტის წინაშე დადგა - ნატო-ს თუ სხვა ქვეყნებთან ერთობლივი სწავლებების დროს, სამხედროებს ერთი ბრიგადა თარჯიმნები დაჰყვებოდნენ თან.
თანაც, მართალია, უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთისთვის პოტენციურ საფრთხედ განიხილავს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნატო-ს ოფიცრები რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში უკვე ლექციებსაც ატარებენ. მაგალითად, სექტემბრის ბოლოს, ისინი სპეციალურად მიიწვიეს მოსკოვში, რათა სამხედრო მეთაურთათვის „მასტერ-კლასები“ ჩაეტარებინათ. თავდაცვის სამინისტრო კმაყოფილებას ვერ მალავდა, რომ რუს გენერლებსა და პოლკოვნიკებს საშუალება მიეცათ ალიანსის მიერ ავღანეთსა და ერაყში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების დეტალები იმ ადამიანებისგან შეეტყოთ, რომლებმაც პირადად დაგეგმეს და ორგანიზება გაუკეთეს ამ ოპერაციებს.
ამასთან, ნატოელ სტუმრებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, როგორც ირკვევა, პირველად არ მასპინძლობდა. მოსკოვში შარშანაც იმყოფებოდა ალიანსის 40-კაციანი წარმომადგენლობა, რომელიც ბრიტანელ გენერალ ჯონ მაკკოლის ხელმძღვანელობით ჩაფრინდა მოსკოვში და რუსი სამხედროებისათვის ლექციები ჩაატარა.
0