გიიომ აპოლინერის „მონპარნასი „ გიიომ აპოლინერის „მონპარნასი „ />


  13:18:59     09-11-2011

გიიომ აპოლინერის „მონპარნასი „

a12161.jpg

1918 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა დიდი ფრანგი პოეტი, მწერალი გიიომ აპოლინერი (Guillaume Apollinaire). მისი ნამდვილი სახელია ვილჰელმ ალბერტ აპოლინარის დე ვაზ-კოსტროვიცკი (Wilhelm Albert Vladimir Apollinaris de Wąż-Kostrowitcki).

გიიომ აპოლინერმა შემოიტანა კალიგრამები. კალიგრამა არის ლექსი,  რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ტექსტის სიუჟეტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ მისი საპირისპიროცაა. სიტყვა კალიგრამა  შეიქმნა ორი ტერმინის - "კალიგრაფია" და "იდეოგრამა" - შერწყმით. აპოლინერმა კალიგრამა განავითარა თავის შემოქმედებაში. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ნიშნავს "ლამაზ ნაწერს": ბერძნული ზედსართავი kali (ლამაზი) და არსებითი სახელი gramma (წერილობითი ნიშანი). ხშირად ამ ფორმას გრაფიკულ პოეზიადაც მოიხსენიებენ.

აპოლინერის შემოქმედებამ გავლენა იქონია თითქმის ყველა ავანგარდისტულ მიმდინარეობაზე მაშინდელ ევროპაში, ამბობენ, რომ მანვე დაუდო საფუძველი სიურრეალიზმს („ტირეზიას კერტები“, 1917), რომლის მანიფესტიც ანდრე ბრეტონმა გამოაქვეყნა 1924 წელს.

მომავალი პოეტი დაიბადა რომში, ისევე, როგორც მისი ძმა ალბერტი. დედა, ანჟელიკა კოსტროვიცკა პოლონელი არისტოკრატი, შლიახტიჩი გახლდათ. მამა იტალიურ-შვეიცარული წარმოშობის არისტოკრატი, ფრანჩესკო ფლუჯი დ’ასპერმოტი უნდა ყოფილიყო. ის პოეტის დაბადებიდან მალე გაუჩინარებულა.

ბავშვობა იტალიაში გაატარა. სწავლობდა მონაკოში, მერე კანში და ნიცაში. 1899 წელს გადასახლდნენ პარიზში.

კოსტროვიცკიმ ლიტერატურულ ფსევდონიმად აირჩია თავისი ორი სახელის ფრანგული ვარიანტები - გიიომ (ვილჰელმ) აპოლინერი (აპოლინარი). 1910 წლიდან პუბლიცისტიკას მიმართა, წერდა თანამედროვე მხატვრობაზე. 1912-1913 წლებში იყო რედაქტორი ჟურნალისა „სუარე დე პარი“. მეგობრობდა პიკასოსთან, ანრი რუსოსთან, ანდრე ბრეტონთან, მარკ შაგალთან და სხვებთან. 1907 წელს გაიცნო მხატვარი მარი ლორანსონი, რომელიც მერე მის საყვარელი გახდა. 1911 წელს გახდა პუტოს ჯგუფის წევრი, რომელიც კუბისტური მოძრაობის განშტოებას წარმოადგენდა. 1911 წლის 7 სექტემბერს გიიომ აპოლინერი პოლიციამ დააკავა მონა ლიზას მოპარვის ბრალდებით, თუმცა მალე გაათავისუფლეს.

მისი პირველი რომანი 1907 წელს გამოქვეყნდა. მისი ლექსებით კი მკითხველები გაოცებული დარჩნენ, ვინაიდან სასვენ ნიშნებს არ ხმარობდა. სრულიად ახალი იყო მისი კალიგრამები... 1910 წლიდან მის გაშემო შემოიკრიბა პოეტ-სიურრეალისტთა ჯგუფი (ანდრე ბრეტონი, ფილიპ სუპო, ლუი არაგონი, ჟან კოკტო). ტერმინი სიურრეალიზმიც მას ეკუთვნის.

1914 წელს საფრანგეთის არმიის მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საფრანგეთის მოქალაქე. სანგრებშიც წერდა. 1915 წელს გიიომ აპოლინერი დაქორწინდა მადლენ პაჟეზე. საფრანგეთის მოქალაქე გახდა 1917 წლის 9 მარტს... თუმცა მანამდე, 1916 წლის 17 მარტს, საფრანგეთისთვის ბრძოლაში დიდი პოეტი თავში დაიჭრა ყუმბარის აფეთქების შედეგად. ამ დროს ტრანშეაში ლექსს კითხულობდა, თურმე... 10 მაისამდე სამხედრო ლაზარეთში მკურნალობდა. გაუკეთეს თავის ქალის ოპერაცია. ამის მერეც არ შეუწყვეტია შემოქმედებითი საქმიანობა.

იმ დროს, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მსოფლიოში გავრცელდა გრიპის ეპიდემია, „ესპანური გრიპი“, რომლისგანაც გარდაიცვალა 50-100 მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში. ესპანურმა გრიპმა იმსხვერპლა დიდი ფრანგი პოეტი გიიომ აპოლინერიც. ის დაკრძალეს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, პარიზში.
პოეტის საფლავის ქვა-მონუმენტი შესრულებულია პიკასოს მიერ, რომელიც დაფინანსდა მატისისა და პიკასოს ორი ნამუშევრის აუქციონზე გაყიდვით 1924 წელს.

მონპარნასი

(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

სასტუმროს კარი მწვანეა და ხისაა მაგრამ
აღარასოდეს არ ამწვანდება
სად გავდგი ფესვი ან სად არის ჩემი ნაყოფი
სასტუმროს კართან დგას ანგელოსი და ზნეობის
პროსპექტს არიგებს
ასე არასდროს არ უბრძოლიათ ჯერ დასაცავად
უმანკოების
იქნებ დამითმოთ სამუდამოდ ერთი ოთახი რომ აქირავებთ
მხოლოდ დროებით

წვერებიანო ანგელოსო სინამდვილეში
ლირიკოსი ხართ გერმანელი თქვენ ხართ პოეტი
რომელსაც სურს რომ გაეცნოს პარიზს და არ უნახავს
ჯერ არაფერი
და იცის ისე დახაზულია რომ არის თითქმის დანაშაული
ფეხი დაადგას იმის ქვაფენილს
იგი ოცნებობს გაატაროს კვირა დღე გარშში

ჰაერი ისე დახუთულია მხრებზე გაწვება მძიმე სვეტივით
თქვენ ხართ პოეტი ქერათმიანი ცოტა სულელი
მაგრამ კეთილი
თქვენი თვალები ვით ბუშტები სავსე ჰაერით
დაუბმელია და აწყვეტილი
და ალაბედზე მიიწევს ზევით

0

ავტორი: