განდეგილის (დომინიკა ერისთავი-მდივანის) “არა, არ ვსტირი“ განდეგილის (დომინიკა ერისთავი-მდივანის) “არა, არ ვსტირი“ />


  13:17:25     09-11-2011

განდეგილის (დომინიკა ერისთავი-მდივანის) “არა, არ ვსტირი“

a12160.jpg

1864 წლის 28 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს) დაიბადა ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი-მდივანი.

დაიბადა სოფელ სალომინაოში. 1893 წელს, მისი პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ „ივერიაში“ დაბეჭდა ილიამ და მისი ავტორი მუდმივ თანამშრომლად მიიწვია. ის გახლდათ პირველი კორექტორი ქალი. „ივერიაში“ გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი“, მერე მოთხრობები „გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“ და სხვა. აღიარება მოუტანა პატრიოტულმა მოთხრობამ „მარინე“ (1897).

გარდა „ივერიისა“ თანამშრომლობდა  „ცნობის ფურცელში“, „სახალხო ფურცელში“, „კვალში“, „ფასკუნჯში“ და სხვა.

განდეგილმა დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი"), რომელიც გამოქვეყნდა "სახალხო ფურცელში" (1926, # 478); მან ერთ-ერთმა პირველმა დაარსა ქალთა ორგანიზაცია - "ქართველ ქალთა საზოგადოება", რომლის თაოსნობითაც გაიხსნა სალონი-საჩაიე "ძმური ნუგეში" (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომში მონაწილეებს, ფრონტზე მყოფთ). სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლები და პოეტები.

განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების კრებული გამოქვეყნდა 1910, ლექსების კრებული - 1918.

წერდა ლირიკულ და პატრიოტულ ლექსებს. მას თარგმნილი აქვს ჰაინეს, რილეევის, გორკის, ტურგენევის, კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვათა ნაწარმოებები. განდეგილმა ასევე თარგმნა გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", რომლის ნაწყვეტები იბეჭდებოდა „კვალში"(1898-1899). ცალკე წიგნად გამოვიდა 1902 წელს, წიგნის რედაქტორი იყო ილია. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაშიც. მან დაწერა და თარგმნა და არა ერთი საბავშვო მოთხრობა.

განდეგილი (დომინიკა ერისთავი) გარდაიცვალა 1929 წლის 29 იანვარს, თბილისში. დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ განდეგილის ლექსს „არა, არ ვსტირი“.

არა, არ ვსტირი...

არა, არ ვსტირი - ცრემლები
სულით მდაბალთა წესია -
არ ვსტირი, თუმცა მწარე ხვედრს
საჩემოდ დაუკვესია.
ქედს არ მოვუდრეკ შავ-ბედსა!
რაკი მტრად შემომესია,
მებრძოლოს, რადგან საჩემოდ
მახვილი გაულესია.
არც ვილხენ, გული სალხენად
არა მაქვს აძგერებული:
შუა გამიტყდა ჩანგური,
სატრფოსთვის აჟღერებული.
მტერმა მომტაცა კეკლუცი,
მორცხვი და მოკრძალებული,
გულით წრფელი და სულით კი
ზეცამდე ამაღლებული.
იმედმა ზურგი მიჩვენა,
უკუღმა დამატრიალა,
ცრემლთ-სისხლის ჟანგმა შესწყვიტა
სიმთა ხმა ნაზად წკრიალა.
ცამ მხარი მისცა ჩემს მტერსა,
საზარლად დაიგრიალა,
მეხი გასტყორცნა სასტიკი,
ქვეყანა შეაწრიალა.
კერპი დამიმხო, ემბლემა
ქვესკნელში ჩამიფრიალა,
ხმალი მიჩვენა ელვისა,
ღრუბლებში გაასრიალა;
ზღვა ააღელვა, ხმელეთი
გენიად ააბრიალა,
მაგრამ ვერ დამცა სულითა,
ყოფაც მან გაუტიალა...
არა, არ ვსტირი - ცრემლები
სულით დაცემულთ წესია -
ვსდუმ, მაგრამ ზოგჯერ დუმილი
მოთქმაზე უარესია.

30 ქრისტეშ. 1894 წ.
(“მოამბე“, 1895 წ., # V)

0

ავტორი: