ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალი მათ ძმებს ედებათ ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალი მათ ძმებს ედებათ />


  14:37:34     08-11-2011

ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალი მათ ძმებს ედებათ

a12131.jpg

10 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლო გახმაურებული მკვლელობის საქმეს განიხილავს. მამუკა მიშელაძე და ვალერიან ბერუაშვილი მიმდინარე წელს, თბილისში, გორკის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემზარავი დანაშაული ძმების შურისძიებას უკავშირდება და შესაბამისად ბრალიც, განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის   მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, გარდაცვლილთა ძმებს –ნიკოლოზ ბერუაშვილსა და მანუჩარ მიშელაძეს ედებათ.

მკვლელობა სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში გახსნეს, საქალაქო სასამართლომ აღნიშნული საქმის განხილვა მიმდინარე წლის ზაფხულში დაასრულა. საქმის მასალების მიხედვით: 2011 წლის თებერვალში მამუკა მიშელაძე თავის მეგობარს - სერგო ღარიბაშვილს დაუკავშირდა და მისი ძმის, მანუჩარ მიშელაძისა და ასევე, მათი საერთო ნაცნობის, ვალერიან ბერუაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დარეგულირება სთხოვა.

ამ მიზნით, 2011 წლის 6 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მამუკა მიშელაძე და ვალერიან ბერუაშვილი ურთიერთობის გასარკვევად სერგო ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ. საუბარს ასევე ესწრებოდნენ ვ. ბერუაშვილის ძმა ნიკოლოზ ბერუაშვილი და მათი მეგობრები: კახა ა., ლევან წ. და დათო ბ.  მამუკა მიშელაძესა და ვალერიან ბერუაშვილს შორის, მშვიდ ვითარებაში დაწყებული  საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათი ხმამაღალი საუბარი მამუკა მიშელაძის ძმამ, მანუჩარ მიშელაძემაც გაიგონა, რომელიც ამ დროისთვის სერგო ღარიბაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. მან ოთახის კარი მოულოდნელად გააღო და  შურისძიების მოტივით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლით, ვალერიან ბერუაშვილს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მანუჩარ მიშელაძე ზემოაღნიშნული იარაღით შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მომხდარს შეესწრო ნიკოლოზ ბერუაშვილი, რომელმაც ასევე შურისძიების მიზნით, გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით, მამუკა მიშელაძეს სახის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნიკოლოზ ბერუაშვილი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან უკანონოდ შეძენილი იარაღით მიიმალა. მოგვიანებით, ნიკოლოზ ბერუაშვილი ბრალის აღიარებით პოლიციაში თავად გამოცხადდა. 

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, ნიკოლოზ ბერუაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა მოწმეთა და დაზარალებულთა  ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ქიმიური, ტრასოლოგიური, ფიზიკო-ტექნიკური, ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო ექსპერიმენტით  და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით, ბრალდებულებს: ნიკოლოზ ბერუაშვილს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ამჟამად ძებნაში მყოფ მანუჩარ მიშელაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

0

ავტორი: