ილიას დაბადების დღისადმი („ყვარლის მთებს“) ილიას დაბადების დღისადმი („ყვარლის მთებს“) />


  12:21:54     08-11-2011

ილიას დაბადების დღისადმი („ყვარლის მთებს“)

a12125.jpg

1837 წლის 27 ოქტომბერს (ახალი სტილით 8 ნოემბერს) ყვარელში დაიბადა ილია ჭავჭავაძე.

ილია ჭავჭავაძის მამა, გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძე ნაოფიცრალი იყო.  დედა, მარიამ ქრისტეფორეს ასული ბებურიშვილი (ქალიშვილობაში მაგდანე), ნაკითხი და ოჯახისათვის თავდადებული ქალი გახლდათ. ქართული ლიტერატურის კარგი მცოდნე. ილის გვიამბობს „დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლილი თითქმის ყველა ლექსი და ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი და ან ხელნაწერი. საღამობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს. წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარსს და მეორე დღეს საღამოზედ გვკითხავდა, აბა ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუიამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით“.

1848 წელს, 10 წლის ილიას დედა გარდაეცვალა. მამა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხელმოკლე იყო, ყოველნაირად ცდილობდა თავისი სამი ვაჟისა და ორი ქალიშვილისათვის კარგი განათლება მიეცა.. მაშინ თავადთა შორის მოდაში იყო სამხედრო კარიერა. გრიგოლ ჭავჭავაძემ შვილები სამოქალაქო სასწავლებლებში მიაბარა. ამასთან, შვილებს დიდ პატრიოტებად ზრდიდა: „ყველას უყვარს შვილებო თავისი ქვეყანა და როცა უჭირს, ძნელია კაცმა უმტყუნოს და თავი არ გამოიმეტოსო“.

გრიგოლ ჭავჭავაზეც ადრე გარდაიცვალა, 41 წლისა, 1852 წელს...

მისი შვილები მართლაც პატრიოტები აღმოჩნდნენ... 1854 წელს წინანდლიდან ლეკებმა გაიტაცეს ხალხი, მდევართა შორის იყო ილიას უფროსი ძმა კონსტანტინე, რომელიც ქართველების მტრებთან შეტაკების დროს დაიღუპა..

დაობლებული ბავშვების მოვლა-პატრონობა ქვრივმა მამიდამ, მაკრინემ ითავა. მან მზრუნველობა არ მოაკლო თავის ძმიშვილებს. .

პატარა ილია ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ყოფილა. გულჩათხრობილი, მშვიდი და მოსიყვარულე.

1860 წელს კიდევ ერთი უბედურება დაატყდათ თავს, გარდაიცვალა ილის მეორე ძმაც - თეიმურაზი.

რვა წლისა სოფლის მთავარდიაკვანს მიაბარეს სასწავლებლად: „მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიამბობდა მდაბიურად და ბავშვებისათვის ადვილად გასაგები ენით, უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიას, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია,  ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად“.

11 წლისა ილია მამამ თბილისში ჩამოიყვანა და ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში, რაევსკი-ჰაკეს პანსიონში მიაბარა. შემდეგ სწავლობდა ტფილისის გიმნაზიაში.

მამის გარდაცვალებამ და ხელმოკლეობამ ხელი ვერ შეუშალა ილიას სწავლაში, მამიდაც ეხმარებოდა. დაამთავრა გიმნაზია და 1857 წელს გაემგზავრა პეტერბურგში, უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად.

უცხოეთიდან კიდევ უფრო განსწავლული, სამშობლოს მონატრებული და მშობელი ხალხის ბედნიერებისათვის მებრძოლი უნდა დაბრუნებულიყო...

გამგზავრების წინ „ყვარლის მთებს“ დაწერა...

ყვარლის მთებს

სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...
იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,
იგი არ იყო ძვრა გულისა მფრთხალი და მხდალი.
მე თრთოლვით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლეს
და შევნატროდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;
სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავდნენ შიშით სრბოლასა.
სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლვასა,
სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,
თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, —
იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ყრმობის სიმარტივითა,
ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.
ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა,
ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.
როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
ვითარ მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი,
ვითა ფოთოლი — ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმოწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი.
როს ყმაწვილური მწუხარება ჩემს ყმაწვილურს გულს
სჩაგრავდა ხოლმე, თქვენ-წინ ვღვრიდი ჩემ ცრემლთ ნაკადულს,
თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...
და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა
ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..

რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემ ყმაწვილ ყრმობის,
და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,
მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა
და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!
ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,
ყოველი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს...
აგერ თქვენც ჰქრებით თანდათანა... თქვენსა მწვერვალსა
ძლივს ვარჩევ... წუთიც!.. მხოლოდღა ვსჭვრეტ ციაგსა ცასა.
ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს
და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..
თქვენნი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას
აღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..

მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...
უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,
და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული.

1857 წ.

0

ავტორი: