ჯონ მილტონი: „დაცემულ მნახო - აღმადგინე და გამამხნევე“... ჯონ მილტონი: „დაცემულ მნახო - აღმადგინე და გამამხნევე“... />


  12:19:47     08-11-2011

ჯონ მილტონი: „დაცემულ მნახო - აღმადგინე და გამამხნევე“...

a12124.jpg

1674 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა დიდი ინგლისელი პოეტი, პოლიტიკოსი და მოაზროვნე ჯონ მილტონი (John Milton).

პრესა.გე-ს მკითხველებისათვის ჯონ მილტონის შესახებ გამოქვეყნებული გვქონდა წერილი: „ჯონ მილტონის "დაკარგული სამოთხის" საფასური“ (27 აპრილი 2011). თუ მკითხველი დაინტერესდება, იმ პუბლიკაციაში საინტერესო ფაქტებს იპოვის მილტონის ცხოვრებიდან, რომელიც ეხება „დაკარგულ სამოთხეს” და სხვა.

ინგლისში მონარქიის აღდგენის მერე ქრომველის მიმდევრისათვის, მისი სახელმწიფო მდივნისთვის ცხოვრება ძალიან გართულდა. პირადი უბედურებაც დაერთო, დიდი პოეტი დაბრმავდა. თუმცა შემოქმედებითი მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. დიდ პოეტს „დაკარგული სამოთხე“, რომელსაც 7 წელი წერდა თურმე, 1665 წელს დაუსრულებია. ამ დროს უკვე ბრმა იყო. 

მილტონი თავგამოდებული დამცველი იყო რესპუბლიკური იდეალებისა. ქრომველმა კი უღალატა იდეალებს და სამხედრო დიქტატურა დაამყარა. მილტონი მაინც დარჩა მასთან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონვე აფრთხილებდა ქრომველს ერთ-ერთ ტრაქტატში: „შენ, ვისაც ამდენი საშიშროებისათვის გაგისწორებია თვალი თავისუფლებისათვის ბრძოლის დროს, თვითონვე არ გამოიჩინო ძალმომრეობა, არც სხვებს გაათელინო ფეხქვეშ ეს თავისუფლება!“

თუმცა, ჯონ მილტონი არ ჩამოშორდა ქრომველს, არც მის შვილს. ამას ზოგი მკვლევარი იმით ხსნის, რომ ის უფრო უარესს ვითარებას ელოდა თუ როიალისტები გაიმარჯვებდნენ და მონარქია აღდგებოდა ინგლისში. ამიტომ, ათწლიანი სამოქალაქო ომის მერე, პოლიტიკურ დაპირისპირებაში ის ქრომველის დესპოტიზმს ნაკლებ ბოროტებად მიიჩნევდა.

ეს თვალსაზრისი მართალი უნდა ჩანდეს, როდესაც ქრომველი გარდაიცვალა, პოეტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ დამტირებელი ლექსების შექმნაში, ჯონ მილტონს, კი უდიდეს პოეტს, არაფერი დაუწერია...

მისი სიბერის წლები მწარე იყო, სიბრმავე, სიღარიბე, იმედთა მსხვრება... თუმცა შრომაში ჰპოვებდა შვებას. 

თავის ნაწარმოებებს რომელიმე მეგობარს კარნახობდა. მესამე ცოლი მდივნად ვერ გამოადგებოდა, გაუნათლებელი ყოფილა, თუმცა ქმარს კარგად უვლიდა.  ზაფხულობით დილის ოთხ საათზე დგებოდა, ზამთრობით ხუთზე. ადგომისთანავე ვინმე ებრაული ბიბლიის ერთ თავს წაუკითხავდა. შემდეგ საუზმობდა და მუშაობდა სადილამდე. მერე მსუბუქად წაივარჯიშებდა და ორღანზე უკრავდა, ალბათ ნაღველს იქარვებდა და მუსიკითა და სიმღერით ძალებს იკრებდა. მერე ისევ მუშაობდა ექვს საათამდე. სამუშაოს მერე, თუ ვინმე ესტუმრებოდა, სიხარულით ესაუბრებოდა. მსუბუქი ვახშმის მერე ჩიბუხს გააბოლებდა , წყალს დალევდა და ცხრა საათზე იძინებდა. ასე შექმნილა მისი „დაკარგული სამოთხე“, „დაბრუნებული სამოთხე“ და „სამსონი“.

მისი ნაწარმოებები დიდ ხანს მიაჩნდათ რელიგიურ თხზულებებად, მერე კი დაასკვნეს, რომ ალეგორიული ქმნილებები იყო და ავტორის თანამედროვე ეპოქას ასახავდა, მის იდეებს თუ იდეალებს, იდეათა მსხვრევას თუ შეცდომებს, თუ იმედებს... 

 

დღეს, ჩვენს მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ჯონ მილტონის გენიალური „დაკარგული სამოთხიდან“ პატარა ნაწყვეტი:

„უპირველესად შენ მოგმართავ, წმინდაო სულო,

ვისაც ტაძრებზე უფრო გხიბლავს გული სპეტაკი;

შენ შთამაგონე, კარგად უწყი შენ ყველაფერი:

დასაბამითვე, ამ უძირო, ფართო უფსკრულზე

მტრედივით გქონდა გადაშლილი ძლიერი ფრთები

და გამოჩეკე ქვეყანაზე ყველა სულდგმული;

თუ ბნელი იყოს ჩემში რამე - შუქი მოჰფინე,

დაცემულ მნახო - აღმადგინე და გამამხნევე,

მომეცი ძალა, ამ სიმღერის სიმაღლეს მივწვდე

შეძლება მომეც, დავამტკიცო განგების მადლი

და ღმერთის გზები, კურთხეული, ვაჩვენო კაცთა“...

(თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ)

0

ავტორი: