ედგარ ალან პოს „წითელი სიკვდილის ნიღაბი“ ედგარ ალან პოს „წითელი სიკვდილის ნიღაბი“ />


  14:50:41     07-11-2011

ედგარ ალან პოს „წითელი სიკვდილის ნიღაბი“

a12091.png

დიდი ამერიკელი პოეტის, მწერლისა და კრიტიკოსის ედგარ ალან პოს გარდაცვალების დღეს მივუძღვენით პუბლიკაცია (ამა წლის 7 ოქტომბერს) : „ედგარ პოს გარდაცვალების დღისადმი - „ანაბელ ლის“ ორი ქართული ვარიანტი“.

აღნიშნულ პუბლიკაციაში პრესა.გე-ს მკითხველს გავაცანით ედგარ ალან პოს შესანიშნავი ლექსის „ანაბელ ლის“ ორი ვარიანტი, თარგმნილი ვალერიან გაფრინდაშვილისა და მერაბ მეტრეველის მიერ. რასაც ჩვენ ვაქვეყნებთ, მკითხველი ვერ მოიძიებს ინტერნეტში (ვალერიან გაფრინდაშვილის ნათარგმნს). სწორედ ამიტომ იქმნება პრესა.გე-ს ელექტრონული ბიბლიოთეკა.

მანამდე 13 აგვისტოს პრესა.გე-ს მკითხველებისათვის გამოქვეყნებული იქნა ედგარ პოს შესანიშნავი მოთხრობა „სფინქსი“.

უფრო ადრე, 2 ივნისს გვქონდა გამოქვეყნებული წერილი: „საუბარი ედგარზე“ და ედგარის რამდენიმე ლექსი“, სადაც გავიხსენეთ გალაკტიონის ლექსი „საუბარი ედგარზე“ და ედგარ პოს ლექსის „ოცნების მხარის“ („ელდორადოს“) ორი ვარიანტი, თარგმნილი მერაბ მეტრეველისა და ვაისლ გელეურის მიერ.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული მეგობარია. ჩვენ ხელახლა ვსწავლობთ ამერიკას. ჩვენი ადრინდელი წარმოდგენა ამერიკაზე სულ სხვაგვარი იყო, დაფუძნებული თავისუფლების ოცნებაზე და დიდ ამერიკულ ლიტერატურაზე, კულტურაზე... ამერიკული სულის შესაცნობად, არა ერთხელ მითქვამს, უმთავრესია ამერიკული ლიტერატურის გაცნობა. 

ამერიკულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდ შემოქმედს ედგარ პოს. ედგარ პოზე არა ერთი ჭორი არასასიამოვნო გაავრცელეს მისი გარდაცვალების ჟამს არაკეთილგანწყობილი ადამიანის გამოისობით, მაგრამ ეს ყველაფერი მართალი არ აღმოჩნდა...

ეგდარ პო ყოველთვის პოპულარული იყო საქართველოში. მის ნაწარმოებებს თარგმნიდნენ, მასზე წერდნენ. უძღვნიდნენ ლექსს, მარტო გალაკტიონის ლექსი, რომელიც ვახსენეთ - „საუბარი ედგარზე“ რად ღირს... 

დღეს, ჩვენს მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ედგარ პოს შესანიშნავი მოთხრობა „წითელი სიკვდილის ნიღაბი“.

დიდი შემოქმედზე, ედგარ პოზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება.

წითელი სიკვდილის ნიღაბი

(თარგმნა ზაურ კილაძემ)

დიდხანს ბოგინობდა ქვეყნად „წითელი სიკვდილი“. აქამომდე არც ერთი ჟამიანობა არ ყოფილა ასეთი შემმუსრავი, ასეთი შემზარავი. სისხლი იყო მისი ნიშანი, შესაზარელი სიწითლე სისხლისა. მწვავე ტკივილი, მეყსეული გაბრუება, ხვავრიელი სისხლდენა ყოველი ფორით და აღსასრული. მსხვერპლის სხეულსა და, განსაკუთრებით, სახეს მოდებული წითელი ლაქები იყო ჟამის სამხილი, აგრევე კარის დამხშველი მეგობრის თანალმობისა და შემწეობისთვის. მხოლოდ ნახევარ საათს გასტანდა სალმობის დასაწყისი, მძლავრობა და დასასრული.

მაგრამ მაინც შეუდრეკელი, სვებედნიერი და გონებანათელი იყო უფლისწული პროსპერო. ნახევრად რომ გატიალდა მისი სამფლობელო, კარის მანდილოსანთა და რაინდთაგან ათასი ჯანღონით სავსე, გულმხიარული ამხანაგი მიიხმო და გამოიკეტა ერთ შეუვალ მონასტერში. უფლისწულის უცნაური და მეფური გემოვნებისაბმებრ აეგოთ ეს შენობა. ვრცელი და საკვირველი სრასახლისთვის გარშემოეზღუდათ მაგარი და მაღალი გალავანი რკინის კარიბჭითურთ. შემოვიდნენ და თან შემოიტანეს ქურები და მძიმე უროები. ასე თქვეს: ყველგან დავახშოთ შემოსასვლელ-გასასვლელი. ანაზდეულად სიშლეგე და სასოწარკვეთილება რომ არ შემოიჭრასო. კარებზევე დაადუღეს საკეტები. კარგადაც დაეჭირათ თადარიგი. ჟამიანობის შიში აღარ ექნებოდათ ასეთი წინდახედულობის შემდეგ. თავისთვის თავად ეზრუნა გარექვეყნიერებას. სულ უაზრო იყო ამ დროს მწუხარება და ფიქრი. გასართობი არ შემოაკლდებოდათ უფლისწულის წყალობით - მუშაითები*, მიმოსები, მოცეკვავეები, მუსიკოსები, ლამაზები, ღვინო: ყველაფერი ეს იყო აქ და საშიშროება, „წითელი სიკვდილი“ - გარეთ.

მონასტერში გამოკეტვის დღიდან ილეოდა მეხუთე თუ მეექვსე თვე; და როცა სულ უფრო მძვინვარებდა ჟამი ზღუდეთა მიღმა, უფლისწულმა პროსპერომ ათასი მეგობარი იწვია ბრწყინვალე სამასკარადო სერობაზე.

მართლაც დაუვიწყარი სანახაობა იყო ეს მეჯლისი. მაგრამ ჯერ სანადიმო პალატებზე გიამბობთ, თქვენი ნებართვით. კაცს თვალს მოჭრიდა შვიდი სამეფო დარბაზი. ბევრ სასახლეში ასეთი პალატები სწორი, წაგრძელებული წყობისაა და მთლიანად, თითქმის კედლის პირამდე რომ განიხვნება მათი ორფა კარი, სასახლის მთელი სივრცე გამოჩნდება სრულიად. მაგრამ აქ იყო სულ სხვაგვარად, რაკი bizarre* უყვარდა ჰერცოგს. პალატები ისე უსწოროდ იყო განლაგებული, რომ ცოტასღა დაინახავდა კაცი ერთი თვალის მოვლებით. ოცსა თუ ოცდაათ იარდზე მკვეთრად მოუხვევდა სავალი და ყველა მოსახვევი თავის მხრივ ახალ რასმე მოგვახილვინებდა. დახშულ დერეფანში, მარჯვნივ და მარცხნივ, კედლებს შუა მთელ სიმაღლეზე დაეტანებინათ ფერადშუშებიანი გოტიკური* სარკმელები. მთელი მათი ფეროვნება იცვლებოდა შესაბამისად იმისა, რომელი ფერი სჭარბობდა ამა თუ იმ დარბაზში. ასე, მაგალითად, აღმოსავლეთი მხარის ბოლო პალატი ცისფრად შეეღებათ და სარკმელს სულ ცისფერი გადასდიოდა. მეორი დარბაზი მეწამული იყო ფარდაგიან-ჩუქურთმიანად, მინებიც - მეწამული ფერის. მესამე ბალახისფერს დაემშვენებინა და ასეთივე ფერის ჰქონდა სარკმლები. განათებითაც და მოწყობილობითაც ნარინჯისფეროვანი - მეოთხე. მეხუთე - თეთრი, მეექვსე - იისფერი. მეშვიდე მოერთოთ ჭერიდან და კედლებიდან ჩამოშლილი შავი ხავერდის ფარდებით, რომლებიც კეც-კეცად, მძიმედ გართხმულიყვნენ ამავე ფერისა და მასალის ხალიჩაზე. მხოლოდ ამ პალატში ვერ ნახავდით ფერებისა და მოწყობილობის შეთანასწორებას. სარკმლები მეწამული, ერთიანად სისხლისფერი შუშებით გაეწყოთ. მთელი შენობის აუარება ოქროვარაყიან ავეჯსა და, ასევე ჭერიდან ჩამოშვებულ სამკაულებში არ ჩანდა სანათი ან კანდელი. სხვანაირად ნათდებოდნენ ეს პალატები. გვერდით, დერეფანში, ყველა სარკმლის პირდაპირ დაედგათ სხივმომფინარე ცეცხლოვანი მაყალი, რომლის ბრკიალა შუქს გადაენათებინა ოთახები. მრავლის უმრავლესი ხვავრიელფეროვანი და ფანტასმაგორიული* სახება ასე წარმოიქმნებოდა. მაგრამ მრუმე ფერებიან ფარდებზე სისხლისფერი მინებიდან მიფრქვეული კაშკაშა ნათელი შემზარავად წარმოაჩენდა დასავლეთის, ანუ შავ პალატას, სადაც შლეგისამებრ გამოჩნდებოდა ყოველი სახე და მოქეიფეთაგან მხოლოდ ორიოდეს თუ ეყოფოდა ვაჟკაცობა შემოსასვლელად.

ამ დარბაზში, დასავლეთის კედელთან, იდგა შავი ხის ვეება საათი, ჩაყრუებული, მძიმე-მძიმედ, მონოტორული ხმაურით დაქანაობდა იმისი ქანქარა; წუთის ისარი წრეს შემოივლიდა, საათი დაჰკრავდა და ბრინჯაოს ფილტვი ამოთქვამდა დროს ნათელი, მაღალი, უძირო, მეტად მუსიკალური და ისეთი საოცრად მეტყველი ბგერით, რომ იმავე წამს შეწყვეტდა დაკვრას და გაიტვრინებოდა მისი გამგონე ყველა მუსიკოსი, ვალსის ცეკვას თავს დაანებებდა და მცირე ხნით შეცბუნდებოდა ლხინ-მეჯლისზე მოსული ხალხი. საათი რომ რეკდა, მთლად დარდიმანდსაც მკვდრისფერი დაედებოდა, ხოლო უფრო მხცოვანი და გულდამჯდარი შუბლზე მიიდებდა ხელს - თითქოს რაღაც ოცნებასა და ფიქრში წასულაო. მაგრამ მინელდებოდა ექო საათისა და კისკის-სიცილი ისევ გაისმოდა პალატებში, შეხედავდნენ და გაუღიმებდნენ ერთმანეთს თავისი შფოთიანობითა და უგუნურობით გაოცებული მუსიკოსები, ჩურჩულით ფიცავდნენ, მერმე უფრო მაგრად დავხვდებითო რეკვის ხმას; და შემდგომ სამოცი წუთისა (მფრინავი დროის სამი ათას ექვსას-წამს რომ იტევს) კიდევ დაჰკრავდა საათი და მაინც წეღანდელისამებრ შეჩქვიფებულებს ფიქრები აეშლებოდათ და მოეკიდებოდათ კანკალი.
 
მაგრამ მიუხედავად ამისა, შვება-ლხინს მისცემოდა ბრწყინვალე საზოგადოება. საკვირველი გემოვნების კაცი გახლდათ უფლისწული და მშვენივრად ერკვეოდა ფერებსა და ეფექტებში. კეთილზნეობა სადა მოდისა არაფრად ჩაეგდო. მგზნებარე და გაბედული იყო მისი გეგმა და ბარბაროსული ელვარება მოეღო მის ჩანაფიქრს. გიჟიაო ეს კაცი, იფიქრებდა ზოგიერთი, მაგრამ იმის მეგობართაგან - არავინ. დაუახლოვდებოდით, ნახავდით, მოუსმენდით ამ ადამიანს და დარწმუნდებოდით ამ ეჭვის უსაფუძვლობაში.

დიდი fête*-თვის შვიდივე პალატი მნიშვნელოვანწილად მისი მითითებით გააწყვეს; მისი გემოვნებისამებრ შეარჩიეს ნიღბები. ასე რომ, უცილობელი იყო მათი გროტესკული* ხასიათი. ბრწყინვალე, მრავალფეროვანი, პიკანტური*, ილუზიური* და ბევრი იმდაგვარი რაღაც შექმნეს, შემდეგ „ერნანში“* რომ გვინახავს. ზოგს არაბესკებით* მოქარგული სახელოებ და კალთებგრძელი ტანისამოსი ჩაეცვა. ზოგსაც თითქოს შეშლილის ბოდვა მოესმინოს და მისი მონათხრობით გაეკეთებინოს თავისი ნიღბის სახე. ბევრს წარმოესახა მშვენიერება, ბევრს - ბიწიერება, ბევრს - bizarre*, ბევრს - შემზარაობა და მრავალ გულისამრევ საზიზღროებასაც დაინახავდით. ზღვა ნაირსახოვანი სიზმარეული ჩვენება მართლაც მიდი-მოდიოდა შვიდივე პალატში. ტრიალებდნენ აქეთ და იქით, სრასახლში დაყიალობდნენ და სადაც შევიდოდნენ, იმ პალატის ფერი და იერი დაჰკრავდათ ამ სიზმარეულ სახეებს. თითქოსდა მათ ნაბიჯებს ექოდ ეხმიანებოდა ველური მუსიკა. და აი, შავი ხის საათი დაჰკრავდა ხავერდის კედლებიან პალატში, ყველა გაყუჩდებოდა წამით, ამ სიჩუმეში საათის ზარიღა გაისმოდა. ადგილზევე გახევდებოდა მრავალნაირი სიზმარეული სახე. მაგრამ მინელდებოდა თუ არა წამიერი ექო რეკვისა, ისევ გაჩნდებოდა მხიარული, ოღონდ შეკავებული სიცილი. მთელი ძალით კვლავ დაუკრავდა მუსიკა, გახალისდებოდნენ ნიღბოსნები, კიდევ უფრო მეტი ნეტარებით ცეკვავდნენ და თამაშობდნენ. გავარვარებულიყო შვიდივე მაყალი და მრავალფეროვანი მინით გაწყობილი სარკმლების ნათება მოჰფენოდა ყველას. მაგრამ შვიდთაგან ბოლო დარბაზში არავინ შესულიყო; ღამე ილეოდა; სისხლისფეროვან შუშებში ბრწყინავდა მეწამული ფერის შუქი; სიშავე მელნისფერი ფარდაგებისა უფრო ზარდამცემი გამხდარიყო; სევდა-კაეშანი უფრო იმას მოიცავდა, ვინც მელანისფერ ხალიჩაზე გაივლიდა, საათს ახლოს ჩაუვლიდა და გაიგონებდა მის ყრუ რეკვას, ვიდრე იმას, ვინც აქედან უშორეს პალატში მხიარდლობდა და შორითღა მოესმოდა ეს ხმა.

სხვა პალატებში კი ტევა არ იყო, ფეთქავდა სიცოცხლის ცხოველი გული. უკვე ცასა წვდებოდა ლხინი, როცა შუაღამემ მოატანა და საათმა დაჰკრა. ადრინდელივით ჩაჩუმდა მუსიკა; შეჩერდნენ მოცეკვავეები; შფოთსავსე მდუმარება გამეფდა ირგელივ, საათს თორმეტჯერ უნდა ჩამოეკრა და ამჯერად, შესაძლოა ამიტომ, თანდათან აეშალა ფიქრები მოქეიფეთა შორის ყველაზე გამგებიანებს. იქნებ ასე იმიტომ მოხდა, რომ დაინთქა თუ არა სიჩუმეში ზარის დარტყმის უკანასკნელი ექო, ბევრმა მაშინღა დაინახა ერთი, ჯერ უნახავი ნიღბოსანი. ჩურჩულით უჩვენებდნენ ერთმანეთს ახალმოსულს, ხმაური ატყდა, ჯერ წყრომისა და გაოცების ჩოჩქოლი გაისმა, მერე - შიშის ზარის, შემზარაობისა და ზიზღის.

ამ ფანტასტიკური მორთულობის ხალხში, რაღა თქმა უნდა, ასეთ სენსაციას არ იქმოდა ჩვეულებრივი სახე. მართლაც, ზღვარუდებელი იყო ნაირფეროვნება იმღამინდელი სამასკარადო ჩაცმულობისა. მაგრამ უცნობი ისე მოკაზმულიყო, რომ ჰეროდსაც აჭარბებდა. მეფისწულს კი ჰქონდა მეტად თავისებური შეხედულება დეკორზე*, მაგრამ ამგვარ სტუმრობას არავის მოუწონებდა. მთლად თავფქვილა კაცის გულშიცაა რაღაც სიმი, რომელსაც ვერ შეეხები გულდამშვიდებით. ვინც სიკვდილს პირში შესცინებს, იმას და სულ თავზეხელაღებულსაც აქვს ჩაწნული სულში რაღაც ისეთი, რასაც ვერ გაეხუმრები. დიახაც, მალე ყველამ გაიგო, უცხოს ტანისამოსსა და მიხრა-მოხრაში არ ჩანდა გონებამახვილობა, არცა ზრდილობა. მაღალი, გამხდარ-გამხდარი, ერთიანად სუდარაში გახვეულიყო, პირისახის სრულიად დამმალავი ნიღაბი ისე ჰგავდა ნეშტის ხატებას, რომ თუგინდ სულ ახლოდან შეგეხედათ, მაინც ვერ მიხვდებოდით სიყალბეს. კაცი ყველაფერ ამას მოითმენდა და შეიძლება კიდევაც შეექოთ იგი გახელებულ მოქეიფეებს, მაგრამ ძალზე გადაეჭარბებინა ამ მატრაბაზს* და წითელი სიკვდილი წარმოეჩინა. სისხლს მოერწყა მისი სამოსელი… მისი ფართო შუბლი, მთელი სახე დაელტო მეწამული ფერის შემზარავ შხეფებს.

მოჰკრა თვალი უფლისწულმა ამ მოჩვენებას (თითქოს როლის უკეთ საჩვენებლადო, მოცეკვავვებს უახლოვდებოდა დინჯი, საზეიმო ნაბიჯით) და შიშის თუ ზიზღის კანკალმა მოიცვა ჯერ, მერე კი მთლად წამოანთო მრისხანებამ.

- ვის გაუბედავს? - შეეკითხა იქვე მდგომ კარისკაცებს ხრინწმორეული ხმით, - ვის გაუბედავს ასე უღმერთოდ ჩვენი აბუჩად აგდება? სტაცეთ ხელი და ნიღაბი მოაძრეთ - გვეცოდინება, თუ ვის გადავკიდებთ კისრით ქონგურებიდან ხვალ, დილაადრიანად!

ეს ამბავი მოხდა აღმოსავლეთის, ანუ ცისფერ პალატში. აქ წარმოთქვა ასეთი სიტყვები უფლისწულმა პროსპერომ. ზვიადი და ძალგულოვანი კაცი იყო მეფისწული, მკაფიოდ, ნათლად გაისმა მისი ხმა შვიდივე დარბაზში, მისი ხელის დაქნევისთანავე გაჩუმდა მუსიკა.

ეს ამბავი მოხდა ცისფერ პალატში, უფლისწულის გვერდით იდგა გადაფითრებულ წარჩინებულთა ჯგუფი, მისი ბრძანებისამებრ ხალხმა გაიწია მომხდურისკენ, რომელიც ამ წუთას აქვე იყო და ახლა მზვაობარი, უშფოთველი ნაბიჯით უფრო მოახლოვებოდა მასპინძელს. მაგრამ მსახიობის გიჟურმა თავხედობამ რაღაც ენით უთქძელი შიშის ქარი ჩაუყენა ყველას მუხლებში და ვერავინ დააკარა ხელი, ასე რომ შეუფერხებლივ, სულ ახლოს ჩაუარა უფლისწულს, და თითქოს ერთი ფიქრითო, კაციან-ქალიანად, სუყველა პალატას შუაგულიდან კედლებს მიაწყდა, იმან კი განაგრძო თავისი გზა საზეიმო და მოზომილი ნაბიჯებით, სწორედ ამგვარად შემოვიდა აქ; ცისფერიდან გავიდა მეწამულ პალატში, მეწამულიდან - ბალახისფერში, ბალახისფერიდან - იისფერში, აქედან - თეთრში, შემდეგ - შავფერისაში და ვერავინ გაბედა მისი შეჩერება. და მაშინღა გააშმაგა საკუთარმა წამიერმა უღონობამ უფლისწული პროსპერო. მრისხანებამ და სირცხვილმა თვალი რომ დაუბნელა, ფიცხლივ გაირბინა ექვსივე პალატი, კაცი არავინ მიჰყვა, ყველას გული გადაქანებოდა შიშით. მაღლა შემართა მახვილი მეფისწულმა, თავპირისმტვრევით წამოეწია მიმავალს და როცა მან ხავერდოვანი პალატის უშორეს კუთხეს მიატანა, უცებ მოუბრუნდა, წინ დაუდგა მდევარს. შესაზარელი ყვირილით შავფერ ხალიჩაზე დაუვარდა მოელვარე მახვილი და იქვე უსულოდ დაეცა უფლისწული პროსპერო. სასოწარკვეთილის ვაჟკაცობით მოიკრიბა ღონე ბრბომ, შეცვივდნენ შავ პალატში, ხელი სტაცეს მომხდურს, რომელიც უმოძრაოდ ტანასვეტილი იდგა შავი ხის საათის ჩრდილში; ენით აუწერელი თავზარი დაეცათ - შლეგისამებრ გააფთრებულებმა რომ მოგლიჯეს სუდარა და ნეშტისსახა ნიღაბი და ვერ ნახეს ვინმე ხორციელი.

მიხვდნენ, წითელი სიკვდილი ყოფილიყო თურმე. ბნელი ღამის ქურდივით შემოპარულიყო აქ. ერთიმეორის მიყოლებით ეცემოდხენ მოსეირენი, სისხლის ღვარი დადგა სამხიარულო პალატებში. და ყოველს იქ დაელია სული, სადაც დაცემულიყო. უკანასკნელ მოქეიფესთან ერთად შავი ხის საათიც გაეყარა სიცოცხლეს. დაიშრიტა სინათლე. ყველგან გამეფდა სიბნელე, ხრწნილება და წითელი სიკვდილი.

---

მუშაითი - ჯამბაზი

bizarre - გასაოცარი (ფრანგ.)

fête - მხიარულება, ზეიმი (ფრანგ.)

გოტიკური - [გერმ.Gotik] გოტიკასთან დაკავშირებული [გერმ.Gotik] - ხუროთმოძღვრული სტილი გვიან შუა საუკუნეებში ევროპაში, დამახასიათებელია მაღალ, წვეტიან ნაგებობათა სიმსუბუქე, ისრისებური თაღები, გამჭვირვალე და ფერადი მინის სიუხვე და სხვ.

ფანტასმაგორიული - [ბერძ. phantasma მოჩვენება და agoreoo ვლაპარაკობ] - არარეალური, მოჩვენებითი რამ.

გროტესკული - [ფრანგ.grotesque] მეტისმეტად გაზვიადებული, რეალობისა და ფანტასტიკის, კომიკურისა და ტრაგიკულის კონტრასტზე აგებული.

პიკანტური - [ფრანგ. piquant] - ინტერესის, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი (არაჩვეულებრივი,სენსაციურობით).

ილუზიური - [ფრანგ. illusion ცდომილება] - დამახინჯებულად, მცდარად აღქმული სინამდვილე.

„ერნანი“ - ვიქტორ ჰიუგოს დრამა.

არაბესკები - [ფრანგ. arabesques იტალ. arabesco არაბული] - რთული ორნამენტი, რომელიც შედგება გეომეტრიული ფიგურებისაგან, ფოთლების, ყვავილებისა და მისთანათაგან (ევროპაში შევიდა არაბეთიდან).

დეკორი - მორთულობა

მატრაბაზი - მეტიჩარა, მატრაკვეცა

0

ავტორი: