14:49:10     07-11-2011
გალაკტიონი - „ოჰ, ეს მოწყენა, მოწყენა!“
გალაკტიონის პირადი წერილები, თითოეული მათგანი უამრავი საინტერესოს მთხრობელია. ჩვენი ლიტერატურის ისტორიისათვის ძალიან ძვირფასია მისი წერილები. თითო წერილი მთელი ისტორიაა მისი, მისი სიყვარულის, ქალაქის, ქართული კულტურული ცხოვრების...
1914 წლის ოქტომბერში გალაკტიონი ოლია ოკუჯავას წერდა: „ოლოლ! როგორაა საქმეები? შენი უკანასკნელი წერილი მივიღე. იმწამსვე მსურდა წერილის მოწერა, მაგრამ მყუდრო, საამისოდ განწყობილი დრო და ადგილი ვერ ვიშოვე. მე ისევ ძველ ბინაზე ვარ... სხვა, საღამო მაქვს... არ ვიცი, როგორ ჩაიცვლის. თუ კარგად ჩაიარა, ხომ ძაღლი არ დაჰყეფს ჩემს ბედს! კარგა ხნით უზრუნველყოფილი ვიქნები. თუ არა და, მდგომარეობა ძველებური იქნება, რაც გამეხერხება, ვიტრიალებ, მინდა რამე გაკეთდეს... აქ შინაარსიანი და მშვენიერი ცხოვრება მოეწყობა მალე. შედგა ამხანაგობა შალვა დადიანის რეჟისორობით, რომელიც წარმოდგენების მართვას დაიწყებს. მალე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიც მოხდება, შეიძლება მოეწყოს სალიტერატურო წრის საქმე, ჟურნალის საქმე. ყველა ამაზე შეიძლება იმუშაოს კაცმა და სრულიადაც მოწყენა არ იგრძნოს, ოჰ, ეს მოწყენა, მოწყენა! სხვათაშორის ქალაქის სამკითხველომ ბევრი ახალი წიგნი მიიღო: მერეჟკოვსკის, ბალმონტის, ბრიუსოვის, ვიაჩესლავ ივანოვის, ალ. ბლოკის და სხვების... ჩამოდი, უსათუოდ ჩამოდი, ძალიან გთხოვთ. შენი მატერიალური პირობები ეხლა არც ისე ცუდია, რომ ჭიათურაში დარჩენა ღირდეს, ეს ჩემი ღრმა რწმენაა“.
წინამდებარე წერილში კარგად ჩანს, როგორი ფინანსური გაჭირვება ჰქონდა პოეტს, საქართველოს მომავალ გენოისს. თუ საღამო ჩატარდებოდა, შეიძლება შემოსავალი მიეღო, რომელიც რაღაც პერიოდი ეყოფოდა... ოლია მასთან ერთად არ ყოფნას ვერ ახერხებს...
ქუთაისში ლიტერატურული ცხოვრება გრძელდება. გრძელდება პოლიტიკური ცხოვრებას, სათათბიროს არჩევნები. სათათბიროში წარგზავნილებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ქართველები. რუსეთის სათათბირო ქართული მართალი სიტყვის გახმაურების საშუალება იყო. გალაკტიონი გახარებულია, რომ ახალი წიგნები მიიღო ბიბლიოთეკამ. შეიძლება მოწყენას სძლიოს...
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ გალაკტიონის რამდენიმე ლექსი, სრულიად სხვადასხვა ხასიათისა. გალაკტიონზე, მის წერილებზე და განუმეორებელ პოეზიაზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება.
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! -
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!
მომენატრა მზე, სინათლის მფენი;
მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.
მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა,
შენი ძველი მეგობარი მიცან.
მიცქირე თვალში
მიცქირე თვალში,
შენ დადუმდი?
იგრძენი განა?
იყავი ჩუმად
და ბინდიან
თვალში მიყურე.
ნურაფერს მეტყვი,
მე არ მინდა
არავის ნანა.
მიცქირე თვალში,
ო, ჩემს თვალში
საშინელება
იგრძენი განა?!
ჩვენ, პოეტები საქართველოსი
გულში იმავე გრძნობით ბრუნდება
და მოლოდინი დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება
დედამიწაზე კიდევ სამუმი.
აჰ, ქიმიური ომების წყება
სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.
ახალი ლპობა ჰოსპიტალების,
ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.
იქ, ტრანშეების ლაბირინთებში,
ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი...
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,
ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,
და გიგანტური მუხლუხო-ტანკი,
შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,
პროჟექტორებმა ჰაერში იგრძნეს
აეროების კორიანტელი.
წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად
ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,
ხევიდან ხევზე გადიგრიალებს
ხევიდან ხევის გამოძახილი.
გააფთრებული ომის გენია,
ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,
გადეფარება მეწამულ ზეცას,
რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.
იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა
აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გადმოანგრიოს მტკვარის ხეობა
და ასაკლებად მოადგეს თბილისს.
ვართ პოეტები საქართველოსი,
რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
ჩვენ ახლავ ვიცით, სად დადგებიან
კლოდელი, ჟამმი, სიუარესი...
დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..
განახლდა გული
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,
რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...
გზა დამიცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბედს კი მაინც არ შევურიგდები!
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები!
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ.
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე,
გზა დამიცალე, შავო ბურუსო.
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!