13:18:02     05-11-2011
ისაია ბერლინი - ჰერდერის ეროვნებათა იდეის, ნაციონალიზმისა და ქართველი პოეტების შესახებ
ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი, ლიტარატორი, ლიტერატურისა და ფილოსოფიის მთარგმნელი, როგორც უწოდებენ - იდეათა ისტორიკოსი, განმანათლებლობის, რომანტიზმის, სოციალიზმისა და ნაციონალიზმის მკვლევარი ისაია ბერლინი გარდაიცვალა 1997 წლის 5 ნოემბერს ოქსფორდში, დიდი ბრიტანეთში.
ისაია ბერლინი დაიბადა 1909 წლის 6 ივნისს რიგაში, ტყით მოვაჭრის, მენდელ ბერლინისა და მარია ვოლჩონოკის შეძლებული ებრაულ ოჯახში. ბავშვობა გაატარა რიგასა და პეტროგრადში. 1917 წელს შეესწრო ბოლშევიკურ გადატრიალებას პეტროგრადში და ჩამოუყალიბდა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მარქსიზმისადმი.
1921 წელს ბერლინების ოჯახი რუსეთიდან დიდი ბრიტანეთში გადასახლდა, სადაც ისაია ბერლინმა დაასრულა ოქსპორდის უნივერსიტეტის Corpus Christi-ს კერძო კოლეჯი პოლიტიკური ეკონომიკის და ფილოსოფიის სპეციალობით.
ოქსფორდის უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული მისი მთელი ცხოვრება. ასწავლიდა ყველა წმიდათა სახელობის კოლეჯში, იყო ვოლფსონის კოლეჯის პრეზიდენტი. 1974-1978 წლებში ისაია ბერლინი გახლდათ დიდი ბრიტანეთის აკადემიის პრეზიდენტი... 1957 წელს მიენიჭა რაინდის წოდება, 1971 წელს დააჯილდოვეს დიდი ბრიტანეთის ორდენით -„დამსახურებისათვის“...
ისაია ბერლინმა კარგად იცოდა რუსული ენა. მსოფლიო ომის დროს მუშაობდა საბჭოთა კავშირში დიდი ბრიტანეთის საელჩოში. დაახლოვებული იყო რუს პოეტებთან, ანა ახმატოვასთან და ბორის პასტერნაკთან. წერილები აქვს მიძღვნილი ივანე ტურგენევისადმი, ლევ ტოლსტოისადმი და სხვა. როგორც ჩანს, ამავე დროს გაეცნო ქართულ ლიტერატურას, თარგმნილს რუსულ ენაზე. წინამდებარე ინტერვიუში ჩანს, რომ ის კარგად იცნობდა და აფასებდა პაოლო იაშვილის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის შემოქმედებას, კარგად იცოდა „ვეფხისტყაოსანის“ მნიშვნელობა.
ისაია ბერლინი თანამედროვე ლიბერალური სამყაროსთვის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვინმე ბევრ რამეში არ ეთანხმებოდეს მის ნააზრევს. ყოველ შემთხვევაში, ის წარმოაჩენდა პრობლემებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ერთმნიშვნელოვნად გადაჭრილი არ არის. თუნდაც იგივე ლიბერალიზმში.
დღეს, პრესა.გე-ს ვთავაზობთ მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან ნაწყვეტს.ინტერვიუ ისაია ბერლინთან სახელწოდებით: „ნაციონალიზმის ორი კონცეფცია: ერთი ინტერვიუ ისაია ბერლინთან“ ჩაიწერა ნათან გარდელსმა 1991 წლის ზაფხულის ბოლოს პორტოფინოში, იტალიაში. იმავე წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნდა “The New York Review of Books”-ში. ინგლისურიდან თარგმნა ვაჟა გიგაშვილმა. ქართულ პრესაში გამოქვეყნდა 1993 წელს - გაზეთი „მამული“ # 32 (107).
ინტერვიუ ძალიან საინტერესოა და ამიტომ შევინახე, დღეს მინდა პრესა.გე-ს მკითხველებს შევთავაზო ნაწყვეტი ამ ინტერვიუდან, სადაც ის გველაპარაკება დიდი გერმანელი მოაზროვნისა და პოეტის იოჰან გოტფრიდ ჰერდერის ეროვნებათა იდეის შესახებ გვესაუბრება, სადაც ასევე ჩვენს სათაყვაყვანებელ პოეტებზე და ქართულ ნაციონალიზმზე ლაპარაკობს.
ნაწყვეტი ისაია ბერლინის ინტერვიუდან:
„ისაია ბერლინი: - ...“სავსებით სხვა ამბავია არააგრესიული ნაციონალიზმი, ამ იდეის საწყისს XVIII საუკუნის გერმანელ პოეტსა და ფილოსოფოს იოჰან გოტფრიდ ჰერდერთან მივაკვლიე.
ჰერდერმა ფაქტიურად გამოიგონა „კუთვნილების“ იდეა. იგი თვლიდა, რომ რამდენადაც ადამიანები საჭიროებენ საჭმლის მოპოვებას, თავდაცვას, გადაადგილების უსაფრთხოებას, ამდენად ისინი მიისწრაფიან გაერთიანებისაკენ, თავისი თავის „მიკუთვნებისაკენ“ რომელიმე დაჯგუფებისადმი.
ამ „მიკუთვნების“ დაკარგვის ისინი თავს გრძნობენ განწირულად. ნოსტალგია, როგორც ჰერდერი ამბობს, უმაღლესია ტკივილთა შორის. ადამიანად ყოფნა გულისხმობს თავშეფარებულობის, „მიკუთვნების“ გრნობას. შეგრძნებას იმისას, რომ გაგაჩნია შენებურად, შენს წესსა და ყაიდაზე მოწყობილი სახლი-თავშესაფარი.
ჰერდერის მიხედვით, ყოველ ჯგუფს გააჩნია თავისი საკუთარი Volksgeist ან Nationalgeist - ჩვეულებათა, თუ ცხოვრების წესთა სისტემა. მოქცევის, აღქმისა და ინტერპრეტაციის წესები და სტილი განსაკუთრებულ, შეუცვლელ ფასეულობას წარმოადგენს, რადგან იგი მათი საკუთარია.
მთელი კულტურული ცხოვრება ყალიბდება თავისებურ ტრადიციათა ნაკადის ფარგლებში. ეს ნაკადი მომდინარეობს კოლექტიური ისტორიული გამოცდილებიდან და ამ გამოცდილებას იზიარებენ მხოლოდ ამ ჯგუფის წევრები.
ასე, მაგალითად, გარეშე პირს არ ძალუძს სრულად შეიგრძნოს სკანდინავიური საგები, თუ საკუთრად არ გამოუცდია უხეში მეზღვაურების თავზეხელაღებული ბრძოლა ჩრდილოეთის ზღვის საშინელ ქარიშხლებთან.
ჰერდერის იდეა ეროვნებათა შესახებ ღრმად არააგრესიულია. ყველაფერი, რასაც ის მოითხოვს, ეს კულტურული თვითდამკვიდრებაა. იგი უარყოფს ერთი ერის მეორესთან უპირატესობას. ის, ვინც ამას ქადაგებს, სიყალბეს სჩადის. ჰერდერს სწამს ნაციონალური კულტურებისა. მისი აზრით, მათ ყველას გააჩნიათ უნარი მშვიდობიანი ურთიერთგაჟონვისა, ზემოქმედებისა. ყოველი კულტურა თანაბარ ფასეულობას წარმოადგენს და თავის ადგილს იმსახურებს მზისქვეშეთში. ჰერდერი ისტორიის ბოროტმოქმედებად თვლის დიდ დამპყრობლებს - ალექსანდრე მაკედონელს, ცეზარსა და სხვათ - რომლებიც თრგუნავდნენ ან ანადგურებდნენ დაპყრობილ ხალხთა ადგილობრივ, ბუნებრივ კულტურებს. მისი აზრით, მხოლოდ ის წარმოადგენს ჭეშმარიტ ფასეულობას, რაც უნიკალურია. ამიტომაა, რომ იგი ყველგან წინ აღუდგება ფრანგულ უნივერსალიზმს. მისთვის უეჭველია რამდენიმე დაუძველებელი ჭეშმარიტება: დრო, ადგილი და სოციალური ცხოვრება - რომელსაც შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება ეწოდოს - ესაა ყველაფერი.
ნათან გარდელსი: - ჰერდერის Volksgeist-ი შემდეგში მესამე რაიხად გადაიქცა. დღეს კი სერბული Volksgeist-ი ებრძვის ხორვატთა Volksgeist-ს. სომხებისა - აზერბაიჯანელებს, დაძაბულობაა ქართველებსა და რუსებს, უკრაინელებსა და რუსებს შორის. რანაირად ხდება, რა იწვევს კულტურული თვითდამკვიდრების მისწრაფების ნაციონალისტურ აგრესიაში ტრანსფორმაციას?
ისაია ბერლინი: - მე ერთგან ვწერდი, რომ ჩახშობილი Volksgeist მოგვაგონებს მოღუნულ ტოტს, რომელიც, რაც უფრო მძლავრადაა დაღუნული, მით უფრო გააფთრებით ურტყამს გასწორებისას. ნაციონალიზმი, ყოველ შემთხვევაში დასავლეთში, დაწოლის, დათრგუნვის შედეგად მიღებული ჭრილობებისაგან შეიქმნა. ასეთ ვრცელ, ღია ჭრილობებად მოჩანან დღეს აღმოსავლეთი ევროპა და ყოფილი საბჭოეთის იმპერია. წლების განმავლობაში ჩაგვრასა და დამცირებას აუცილებლად მოჰყვება ძალადობის კონტრრეაქცია - ნაციონალური სიამაყის აფეთქება - აგრესიული თვითდამტკიცება განთავისუფლებადი ერებისა და მათი ლიდერებისაგან.
თუმცა მე გერმანელი ისტორიკოსებისაგან უფლებამოსილი არ გახლავართ ამის სამტკიცებლად, მაგრამ მჯერა, რომ ლუი XIV პრინციპულურად პასუხისმგებელია XVII საუკუნეში გერმანული ნაციონალიზმის აღზევებაზე. მაშინ, როცა დანარჩენი ევროპა - იტალია, ინგლისი, ესპანეთი, ნიდერლანდები და უპირველეს ყოვლისა საფრანგეთი - რენესანსის საოცრებას განიცდიდა, როგორც ხელოვნებაში, ასევე პოლიტიკურ და სამხედრო ძლიერებაში, გერმანია, დიურერის, გრიუნევალდისა და ალტდორფერის საუკუნის შემდეგ უკან მოჩანჩალედ გადაიქცა. ჩამოყალიბდა ქედმაღლური დამოკიდებულება გერმანელებისადმი. ფრანგები მათ ზემოდან უყურებდნენ, როგორც პროვინციალებს, პრიმიტიულებს, ცოტა კომიკურ ლუდისმსმელ ტეტიებს, წიგნიერთ, მაგრამ უნიჭოებს.
თავიდან ბუნებრივად დაიწყო მიბაძვა ფრანგებისადმი, როგორც აღიარებული მაღალი ნიშნულის მიღწევის მცდელობა, მაგრამ მოგვიანებით, როგორც ყოველთვის, ამას რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთი ღვთისმოსავი მოძღვარი სვამდა კითხვას: „... რატომ უნდა ვბაძავდეთ უცხოელებს?... დე, ფრანგებს ჰქონდეთ თვალისმომჭრელი სამაფო კარი, სალონები, პოეტები, მხატვრები, ბრწყინვალე კლერიკალები და სამხედროები...“
1670 წლიდან ეს ღვთივმოსავურ-ნაციონალური მოძრაობა თავის გზას დაადგა. ეს იყო სულიერი მოძრაობა, რომელშიაც კანტი, ჰერდერი, ჰეიმანი, აღმოსავლეთ პრუსიელი ბრძენები ამოიზარდნენ.
გერმანელების კიდევ უფრო ღრმა დამცირებათ - ნაპოლეონის ომებიდან ვერსალის ზავამდე - შესაბამისი შედეგები უფრო აშკარა და თვალსაჩინოა.
. . .
დღევანდელ დღეს ქართველები, სომხები და სხვანიც, ცდილობენ თავიანთი ჩაძირული, რუსული იმპერიის ბუმბერაზი ძალით გათელილი წარსული დაიბრუნონ. სტალინის მიერ რეპრესირებული სომხური და ქართული ლიტერატურა გადარჩა. ისააკიანი და იაშვილი ღვთითდაჯილდოებული პოეტებია. პასტერნაკის მიერ თარგმნილი ვაჟა ფშაველა და ტაბიძე საოცარი საკითხავია. აღსანიშნავია, რომ 1939 წელს, რიბენტროპის სტალინთან სტუმრობისას, ამ უკანასკნელმა ის XII საუკუნის ქართული ეპოსის, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გერმანული თარგმანით დაასაჩუქრა. ვინ იცნობს დასავლეთში ამ ძველ შედევრს?
ადრე თუ გვიან, შეუკავებელი ძალით იწყება საპასუხო რეაქცია. ხალხი იღლება დაფურთხებული ყოფისაგან. უპირატესი ნაციის, უპირატესი კლასის, თუ უპირატესი, ვინც გინდა იყოს, იმისი მბრძანებლობისაგან. ადრე თუ გვიან, სვამენ ნაციონალისტურ კითხვას: „რატომ უნდა ვმოჩილებდეთ ჩვენ მათ?..“ , „საიდანა აქვთ ეს უფლებები მათ?..“, „რატომ არ შეგვიძლია ჩვენ თვითონ?..“
0