08:49:51     03-11-2011
„გარდიანის“ ცნობით, ბრიტანეთი ირანზე თავდასხმისთვის ემზადება
მსოფლიო მედიაში, ირანზე სავარაუდო თავდასხმის თემა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება. მაგალითად, გაზეთ „გარდიანის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთი სამხედრო ოპერაციისთვის უკვე ემზადება. „ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები, ადგენენ გეგმებს ისლამურ რესპუბლიკაზე პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში, მოქმედების შესახებ, რაც თეირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამის გააქტიურებით არის გამოწვეული“ - აცხადებს გამოცემა ბრიტანეთის ხელისუფლების ინკოგნიტო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. გეგმა, ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მიერ, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში განხორციელდება.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი თანამოაზრე სახელმწიფოები, უკვე წლებია მიიჩნევენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ატომური იარაღის შესაქმნელადაა მიმართული. ვაშინგტონი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგის ამ მიზანს ხელი ყველანაირად შეუშალოს. თავად ირანი მთელი კატეგორიულობით აცხადებს, რომ ატომური პროგრამა მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის სჭირდება, მაგრამ მსოფლიოს თეირანის ცრემლების არ სჯერა. მცირე ხნის წინ, დასავლური მედიის ნაწილმა ინფორმაციაც კი გაავრცელა, სადაც მედიის იდუმალი წყაროები იტყობინებოდნენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი უკვე აქვს და აშშ-ის ქალაქებს თავდასხმით ემუქრება.
ამჯერად კი, გაზეთი „გარდიანი“ იმასაც იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც სამხედრო ოპერაციის სამოქმედო პროგრამას დეტალებში ამუშავებს. ეს გეგმა, ბუნებრივია, მაშინ ამოქმედდება, თუ შეერთებული შტატები ირანზე საავიაციო დარტყმებს განახორციელებს. წყაროს ინფორმაციით, ბრიტანული გეგმები ეხება ისლამური რესპუბლიკის წყლების სიახლოვეს სამხედრო ხომალდების და წყალქვეშა ნავების განთავსებას, რომელნიც ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკებით“ იქნება აღჭურვილი. ასევე, ივარაუდება ოპერაციაში ავიაციის ჩართვაც. როგორც ირკვევა, ირანში სახმელეთო ოპერაცია გეგმებში არ შედის, მაგრამ სპეცრაზმის გამოყენება ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული ამოცანების შესასრულებლად, არ გამოირიცხება.
გაზეთი, ასევე, იმასაც წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა ურანის გასამდიდრებული ობიექტების გამაგრებულ მიწისქვეშა ბუნკერებში გადატანა დაიწყო. ბუნკერები მთებშია განთავსებული და მდებარეობს ქალაქ ყუმის მახლობელად, ერთ-ერთი სამხედრო ბაზის სიახლოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია, მცირე ხნის წინ, სხვა საინფორმაციო საშუალებებმაც გაავრცელეს. დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ამ მიწისქვეშა სამალავებში, მათი განადგურება სარაკეტო დარტყმებით, შეუძლებელი იქნება.
ამასობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სამხედრო ოპერაციის უახლოეს მომავალში დაწყებისკენ, ისრაელი მოუწოდებს. ებრაელი მაღალჩინოსნები, ოკეანისგაღმელი პარტნიორის მისამართით განცხადებებს აკეთებენ და ირწმუნებიან, რომ სამხედრო მოქმედებების გადადება აღარ შეიძლება, რადგან ხვალ უკვე დაგვიანებული იქნება. თუმცა, ამ საკითხზე თანხმობა თავად ისრაელის უმაღლეს ეშელონებშიც არ არსებობს. აქ არის დაჯგუფება, რომელიც ომის დაწყების პერსპექტივას უარყოფითად აფასებს.
„გარდიანის“ცნობით, დიდი ბრიტანეთის სახელისუფლებო წყაროები ირწმუნებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას არ სურს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიღოს. არჩევნები, როგორც ცნობილია, მომავალი წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს. თუმცა, გაზეთის ინფორმაციითვე, თეთრი სახლის მეთაურმა, შესაძლოა, აზრი შეიცვალოს. „მომავალი წლის გაზაფხული, გადაწყვეტილების მისაღებად, გადამწყვეტი პერიოდი გახდება“, - წერს „გარდიანი“.
0