13:46:46     02-11-2011
ვანო ბარათაშვილის ლექსი „ეპიტაფია“ (ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი)
ივანე (ვანო) ზაალის ძე ბარათაშვილი დაიბადა 1842 წელს. ის გახლდათ ჟურნალ „ცისკრის თანამშრომელი“. ლექსებს აქვეყნებდა 1863 წლიდან. ცნობილია, რომ მისი მამა, ზაალ ბარათაშვილიც წერდა ლექსებს
1863 წელს „ცისკრის“ მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა ვანო ბარათაშვილის ლექსი „ეპიტაფია“, რომელიც ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილს. ლექსში პოეტინიკოლოზ ბარათაშვილს უწოდებს თავისუფლების მოყვარულს. ლექსითვე ვიგებთ, რომ ნიკო ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“ პოპულარული ყოფილა საქართველოში და მასზე მსჯელობა მიმდინარეობდა საზოგადოებაში. საერთოდ, როგორც ლექსიდან ჩანს, მიმდინარეობდა მსჯელობა საქართველოს ბედზე. ვანო ბარათაშვილი პატრიოტი ადამიანი ყოფილა.
ვანო ბარათაშვილს ლექსი „ეპიტაფია“ 1863 წლის მარტში გაუგზავნია ილია ჭავჭავაძისთვის „საქართველოს მოამბეში“ დასაბეჭდად. მაგრამ ილიას არც გამოუქვეყნებია და არც უკან დაუბრუნებია ავტორისთვის ხელნაწერი. შემდეგ ვანო ბარათაშვილს ლექსი „ცისკრისათვის“ მიუცია და ივანე კერესელიძისათვის ილია ჭავჭავაძეზე სამდურავიც მიუწერია, არც ლექსი დამიბეჭდა და არც რამე შემატყობინა და არც უკან გამომიგზავნაო. როგორც ვთქვით, „ეპიტაფია“ დაიბეჭდა „ცისკრის“ 1863 წლის მეშვიდე ნომერში, ივლისში.
ვანო ბარათაშვილს სხვა ნაწარმოებებიც აქვს გამოქვეყნებული ჟურნალ „ცისკერში“ (ლექსები: „სიზმარი“, „რევაზი და ნინო“, „პოეტი და მე“, „რომანსი“, „ქართული ნანიდამ“, „ყვედრება“; ვოდევილი „სხვა რიგი სიყვარული“). მასვე დაუწერია კომედია „სიმართლე თავისას გაიტანდა“, რომელიც ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებულა.
მისი „სხვა რიგი სიყვარული“ იდგმებოდა განახლებულ ქართულ თექტრში 1879 წლის შემდეგ და ცნობილ მსახიობს, ნატო გაბუნია-ცაგარელისას ხშირად მიუღია მონაწილეობა მის წარმოდგენაში.
ვანო ბარათაშვილი სრულიად ახალგაზრდა გარდაცვლილა. შემთხვევით გადმოვარდა თურმე საოლქო სასამართლოს მესამე სართულიდან, როგორც იტყობინებოდა გაზეთი დროება“ 1871 წლის 22 ივნისს (# 3). ოცდაათი წელიც არ შესრულებოდა.
ეპიტაფია
(თ. ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზედ ნათქვამი)
მირბის დროება და მწუხარება,
შენი ლექსები არ გვავიწყდება.
შორით მამესმა ნაზი ბულბულის ხმა მშვენიერი,
გზაზედ დავდექი, უნდა მეკითხა: შენ ვის დამღერი?
მაგრამ დამასწრო და გააგრძელა ტკბილი გალობა;
ოხ! შემაწუხა სევდიანმა, მიმტაცა გრძნობა;
თითქმის ნაცნობი იყო სიმღერა და მამაგონდა,
ხმა და ჭიკჭიკი „სულო ბოროტოს“ ემსგავსებოდა,
ვერ გასძლო გულმან და მივახლოვდი მე იმ ადგილსა,
უნდა შემეტყო ვის დამღეროდა, რომელსა გვარსა,
საფლავს მივედი, უბრალი ქვაზედ ვნახე წერილი:
„აქა მარხია საწყალი ნიკო ბარათაშვილი“.
რომ წავიკითხე, გული დამეწო და დაჩოქილი
ქვას ვეხვეოდი, ბევრსა ვტიროდი, როგორც ყმაწვილი.
- დროს ძილია, ჩემო პოეტო, მითხარი დარდი,
რა მიზეზია უდროვოთ, რომ გახმა კოკობი ვარდი?!
ადექ, პოეტო! აგვიხსენ შენი „ბედი ქართლისა“,
თორემ არიან მრავალნი კაცნი, ვერ მიხვდნენ აზრსა;
შენს ლექსებიდან სჩანს, რომ გიყვარდა თავისუფლება
და იმიტომ გაქვს შენ კაცისგან დიდი ღირსება -
რამ დაგაჭლექა შენ ეგრე მალე, ყმაწვილი კაცი?
ოჰ! საქართველოს უბედურებამ, განა არ ვიცი!
შენ ხარ საწყალი, სული ობოლი, ამოწყვეტილი,
ღმერთმა მოგხედა, გამოაჩინა შენი სახელი.
მშვიდობით ძმაო! და მოგშორდები. მე მეწვის გული,
ჩემ მაგიერათ გასიამოვნებს ნაზი ბულბული.
1863 წელი
0