“აპაჩმა” “ღამის მონადირეს” აჯობა “აპაჩმა” “ღამის მონადირეს” აჯობა />


  11:42:06     02-11-2011

“აპაჩმა” “ღამის მონადირეს” აჯობა

a11918.jpg

მიმდინარე კვირას, ინდოეთის თავდაცვის უწყებამ 22 დამრტყმელი შვეულმფრენის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ფინალისტი დაასახელა. ის ამერიკული “ბოინგი” და მისი შვეულმფრენი AH-64D Apache Longbow გახდა. ფინალში მან რუსული Ми-28НЭ “ღამის მონადირე” დაამარცხა, რომელმაც ტენდერის პირობების 20 პუნქტი ვერ დააკმაყოფილა.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ ტენდერი 2009 წელს გამოაცხადა და მასში მონაწილეობის სურვილი ხუთმა კომპანიამ გამოთქვა. მათ შორის ამერიკული Bell Helicopter და Boeing, ევროპული Eurocopter, იტალიური AgustaWestland და რუსული “როსობორონექსპორტი”. ინდურ მხარეს მათ შესაბამისად AH-1Z Viper, AH-64D Apache Longbow, Tiger HAD, A129 Mangusta და Ми-28НЭ-ს ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები შესთავაზეს. გამარჯვებული კი 22 შვეულმფრენში 1,4 მილიარდ დოლარს მიიღებდა.

“ბელ ჰელიკოპტერი” პირველი იყო, ვინც 2009 წლის ბოლოს ტენდერს გამოეთიშა. გასული წლის დასაწყისში კონკურსიდან საკუთარი სურვილით ევროპული კომპანიაც გამოვიდა. რამდენიმე თვეში კი მათ იტალიელებიც მიყვნენ. ამგვარად, კონკურსის ფინალში ამერიკული “ინდიელი” და რუსული “ღამის მონადირე” უმტკივნეულოდ მოხვდნენ. მათი საფრენოსნო გამოცდები 2010 წლის ბოლოს დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ინდური მხარე ამერიკული შვეულმფრენით უფრო მოიხიბლა. რუსულმა შვეულმფრენმა ამერიკელი “კოლეგა” ცუდ ამინდში გამოყენების შესაძლებლობით ვერ დაჯაბნა.

სავარაუდოდ, ეს მართლაც ასეა და პოლიტიკა აქ არაფერ შეუაშია. რუსული Ми-28Н (Ми-28НЭ მისი საექსპორტო ნიშნულია) შედარებით ახალი შვეულმფრენია. თავად რუსების მტკიცებით, ის “ტენიკის ბოლო სიტყვაა”. ჰაერში ის პირველად 1982 წელს აფრინდა. მუშაობა კი მასზე 10 წლით ადრე დაიწყო. შეიარაღებაში ის სულ რაღაც სამი წლის წინ მიიღეს. დღეისთვის 44 ცალი არსებობს. მაგრამ შვეულმფრენს ბევრი პრობლემები აქვს. მისი ელექტრონული კომპლექსი დღესაც არ არის მიყვანილი ბოლომდე. პრობლემას მასში გამოყენებული ტექნოლოგიების სწრაფი მოძველებაც წარმოადგენს. ამერიკული “ინდიელიც” საკამოდ ასაკოვანია (პირველი აფრენა 1975-ში). მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო მის მოდერნიზაციაში დიდ ფულს დებდა. სსრკ-ს დაშლამდე კი Ми-28Н პრაქტიკულად ერთ დონეზე რჩებოდა.

მოდიფიკაცია Ми-28Н, მილის ფირმამ თავისი რესურსებით შექმნა და მის სრულყოფას 10 წელზე მეტი მოანდომა.

რაც შეეხება ამერიკულ “ინდიელს” ის სერიულად 1986 წლიდან იწარმოება და რუსული შვეულმფრენისგან განსხვავებით არაერთი კონფლიქტი გამოიარა. 1989 წლის 20 დეკემბერს, როდესაც ამერიკელები პანამაში შიეჭრნენ 11 აუხლესი ამერიკული შვეულმფრენი მათ საცეცხლე მხარდაჭერას უწევდა.

 

თავისი შესაძლებლობები ამერიკულმა “ინდიელმა” ერთი წლის შემდეგ გამოავლინა. როდესაც ამერიკამ სადამ ჰუსეინის ქუვეითში შეჭრის საპასუხოდ, ერაყში სამხედრო კამპანია დაიწყო. 1991 წლის 17 იანვარს, რვა შვეულმფრენმა ერაყელების რადიოლოკაციურ სადგურებზე და მათ ელექტრომომარაგების საშუალებებზე მიიტანა იერიში. შეტევა 6 კმ-ის დისტანციიდან ხდებოდა. ამერიკელებმა ტყვია-წამალი არ დაზოგეს და მოწინააღმდეგეს 27 მართვადი და 100 უმართავი რაკეტა და 30 მმ-იანი ქვემეხის 4000 ჭურვი ესროლეს. რადარების განადგურების შედეგად წარმოქმნილ 27 კმ-იან დერეფანში ასამდე დამრტყმელი თვითმფრინავი შეფრინდა – გზა ბაღდათისკენ გახსნილი იყო.

“ინდიელის” შემთხვევაში, მაღალი ეფექტურობა პირველ რიგში მასში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიების ხარჯზე მიიღწევა. მაგალითად, მისი ავზები სპეციალური რეოგენტით გაჟღენთილი რეზინისგან მზადდება. მისი გახვრეტისას, რეოგენტი საწვავთან შეხებისას რეაქციაში მოდის და გახვრეტილ ადგილს ავსებს. დღეს ეს შვეულმფრენი თავის კლასში ყველაზე სრულყოფილი საფრენი აპარატია. ის მხოლოდ ერთ მიზანს – მოწინააღმდეგის აღმოჩენასა და მის განადგურებას ემსახურება.

2011 წლის აპრილიდან, აშშ სერიულად ამ შვეულმფრენის ბოლო მოდიფიკაციას AH-64D Block III აწარმოებს. მასში კომპოზიციური ნიჩბები და თანამედროვე ელექტრონიკა გამოიყენება. მას უპილოტო საფრენ აპარატებთან ურთიერთქმედება და მათი მართვაც კი შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ავიაპარკის 60 %-ს საბჭოური და რუსული თვითმფრინავები და შვეულმფრენები შეადგეგენ (უახლოეს მომავალში ინდოეთმა 80 შვეულმფრენი Ми-17В5 უნდა მიიღოს), რუსეთი ამ ქვეყანაში პოზიციების დათმობას იწყებს. არც ისე დიდი ხნის წინ, რუსულმა МиГ-35-მა, ინდოეთისთვის 126 გამანადგურებლის მიწოდებაზე გამოცხადებულ ტენდერში წააგო. მიზეზი კვლავ არასრულყოფილ ელექტრონიკაში მდგომარეობდა.

მაგრამ რუსეთს კიდევ აქვს შანსი. ამჟამად ინდოეთში, შვეულმფრენებთან დაკავშირებით კიდევ ორი ტენდერი მიმდინარეობს. პირველი – 12 მძიმე სატრანსპორტო, მეორე კი – 197 მსუბუქი შვეულმფრენის მიწოდებას ითვალისწინებს. პირველის შემთხვევაში, ფინალში რუსული Ми-26Т2 და ამერიკული CH-47F Chinook გავიდნენ, მეორე ტენდერში კი – რუსული Ка-226Т და Eurocopter AS550.

მსუბუქი შვეულმფრენების ტენდერში, რუსეთს გამარჯვების მინიმალური შანსი აქვს. ევროპელები თავიანთ შვეულფმრენს უკვე წლებია დიდი რაოდენობით უშვებენ. აი, სატრანსპორტოების შემთხვევაში კი, ფინალისტი წესით რუსეთი უნდა გახდეს. მის მიერ შემოთავაზებული Ми-26, სერიულად 1980-იანი წლებიდან იწარმოება და მსოფლიოში ყველაზე დიდი შვეულმფრენია. ის ავღანეთის და ჩეჩნეთის ომებში გამოიყენებოდა. რამდენიმე ცალს კი “ნატო” ავღანეთში ჩამოგდებული შვეულმფრენების, მათ შორის “ჩინუკების” ევაკუაციისთვის დღესაც იყენებს.

armada.ge

0

ავტორი: