ნატომ ლიბიის ომი დასრულებულად გამოაცხადა ნატომ ლიბიის ომი დასრულებულად გამოაცხადა />


  08:29:57     01-11-2011

ნატომ ლიბიის ომი დასრულებულად გამოაცხადა

a11867.jpg

ნატოს გენერალურმა მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ლიბიის დედაქალაქს, ტრიპოლის ესტუმრა. რასმუსენმა ალიანსის მიერ მუამარ კადაფის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის შედეგები შეაჯამა. მისი განცხადებით, ნატომ ურთულესი საბრძოლო მოქმედებები, რომელიც მეტად ეფექტური და ზუსტი აღმოჩნდა, საკმაოდ მოკლე ხანში დაასრულა. რასმუსენი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი ლიბიელი ხალხისთვის გაკეთდა, რათა ძალაუფლება და ქვეყნის მართვის სადავეები მათ თავად აიღონ ხელში. ალიანსის მეთაურის თქმით, ის ამაყია იმით, რომ არის იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას კადაფის არმიას.   

ნატოს სამხედრო ოპერაცია ლიბიაში წუხელ, 23:59 წუთზე ტრიპოლის დროით, ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა. მცირე ხნით ადრე, ლიბიის მმართველმა, გარდამავალი ეროვნული საბჭოს წევრებმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას ამ ოპერაციის გარკვეული ვადით გაგრძელება სთხოვეს. მათი განცხადებით, ლიბიაში ჯერ კიდევ არიან მუამარ კადაფის მხარდამჭერები, რომელთაც ახლა მისი ვაჟი, სეიფ ალ-ისლამი ხელმძღვანელობს. თუმცა, ნატოს მეთაურობამ თხოვნა არ გაითვალისწინა.

ლიბიის ომის დასრულების პარალელურად, ირკვევა, რომ ნატო ახალი ოპერაციის დაწყებას სირიაში არ აპირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რასმუსენმა განცხადება, ასევე, ტრიპოლიში, პრესკონფერენციის დროს გააკეთა. ნატოს მეთაურმა აღნიშნა, რომ სირიის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სანქციები ამუშავდება, მაგალითად, ქვეყანა გამოცხადდება არასაფრენ ზონად, რაც მშვიდობიან მოსახლეობასაც და ოპოზიციონერებსაც ხელისუფლების ძალადობისაგან დაიცავს.

სირიის არასაფრენ ზონად გამოცხადების თხოვნით, დასავლეთს სწორედ ადგილობრივმა ოპოზიციამ მიმართა. მათი განცხადებით, ბაშარ ასადი ქვეყანაში ტერორს ახორციელებს, მათ შორის, ავიადარტყმებს, მის წინააღმდეგ ჩატარებული მანიფესტაციების მისამართით. რაც შეეხება სირიის ხელისუფლებას, მისი წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ახორციელებენ ოპერაციას შეიარაღებული ყაჩაღების წინააღმდეგ, ხოლო დასავლეთის ქმედებები მათ მხარდასაჭერად, სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევაა. ამან კი, ახლო აღმოსავლეთი კიდევ უფრო დიდ არასტაბილურობამდე შეიძლება მიიყვანოს...      

0

ავტორი: