16:04:17     29-10-2011
ნატოს მისია ლიბიაში 31 ოქტომბერს დასრულდება
გაერომ და ნატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლიბიაში სამხედრო ოპერაციას 31 ოქტომბერს შეწყვეტენ. რუსეთმა, რომელიც ნატოს მიერ გატარებულ პოლიტიკას, მუამარ კადაფის წინააღმდეგ მუდამ აკრიტიკებდა, მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ ალიანსის მთავარი მიზანი ამ მომენტისათვის, დემოკრატიული ლიბიის შენება და ამ დემოკრატიის შენარჩუნებაა. თუმცა, ნატოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ალიანსს, შესაძლოა, უკანასკნელად არ მოუწია დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა ლიბიაში.
„ოპერაცია ლიბიაში 31 ოქტომბერს დასრულდება. ჩვენი სამხედრო მისია დამთავრებულია“, – ერთ–ერთ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა. ეს ყოველივე კი, ბრიუსელის სამიტის დასრულებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დაფიქსირდა. სწორედ ამ სამიტზე იქნა მიღებული გადაყვეტილება, სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ნატოს გადაწყვეტილება, გასულ ხუთშაბათს გაეროს სამიტზე მიღებულ დასკვნას მოჰყვა, რომლის მიხდვითაც, ლიბიაში საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია 31 ოქტომბრის 23:59 საათზე, ადგილობრივი დროით, უნდა შეწყდეს.
სამხედრო ოპერაციის დასრულების ინიციატივა კი სასწრაფოდ მოსკოვმა მიიწერა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული ყრილობა რუსეთის ინიციატივით ჩატარდა: “შედეგად, ის ცვლილებები, რაც ლიბიაში მოხდა, რუსეთის ფედერაციის დამსახურებაა. სწორედ ჩვენ შევთავაზეთ საერთაშორისო ძალებს სამხედრო ოპერაცია შეეწყვიტათ. ჩვენი ინიციატივა გაეროს სხვა წევრებმაც მოიწონეს. საბოლოოდ კი, ინიციატივა დასკვნად იქცა“, – განაცხადა დიპლომატმა.
ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ კონსესუსი მას შემდეგ იქნა მიღწეული, რაც გასულ კვირას, ლიბიის ყოფილი ლიდერი, მუამარ კადაფი, ნატოს ყოველგვარი ჩაურევლობის გარეშე, ამბოხებულებმა მოკლეს. ნატო ოფიციალურად უარყოფს, რომ კადაფის ლიკვიდაცია სამხედრო ოპერაციის ერთ–ერთი მთავარი მიზანი გახლდათ.
რაც შეეხება რუსეთს, ის ნატოსთან და საერთაშორისო კოალიციის წევრებთან, აქტიურად განიხილავს სრულიად სხვა საკითხსაც, – ლიბიის სცენარის განმეორებას სხვა ქვეყნებში. „ჩვენთვის ეს დისკუსიები, უბრალოდ, რიტორიკული ამოცანები არ არის. ჩვენ ამ დიალოგს იმიტომ არ ვაწარმოებთ, რომ ნატოს გაკრიტიკების სურვილი გვაქვს, არამედ მთავარია იმის გაგება, ნატოს მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ლიბიაში, არის თუ არა მისი მასშტაბური გეგმის პირველი ეტაპი, ანუ დასაწყისი“, – აცხადებს რუსი დიპლომატი, რომელიც მონაწილეობას ნატოსთან მოლაპარაკებებში იღებდა.
აღსანიშნავია, რომ ნატო, მისი მიმართულებით არსებულ ყოველგვარ პრეტენზიას უარყოფს. ალიანსის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა. „ჩვენ ვთვლიდით, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საფრთხეს კადაფი წარმოადგენდა. შედეგად, იგი გავანადგურეთ“, – აღნიშნულია ნატოს ერთ–ერთ მიმართვაში.
0