12:03:27     29-10-2011
სუნ ძი - ომის ხელოვნება
სუნ ძი (ჩინ., 孫子) ჩინელი მხედართმთავარი, სტრატეგი და მოაზროვნე (ძ.წ. VI ან IV საუკუნე). სუნ ძი-ს ნამდვილი სახელი იყო უ. იგი დაიბადა ცი-ს სამეფოში. იგი იყო მთავარ ხო ლიუიუ-ს დაქირავებული მხედართმთავარი უ-ს სამეფოში. უ-ს ჯარებმა მისი ხელმძღვანელობით გაანადგურეს ჩუ-ს ძლიერი სამეფო და ხელში ჩაიგდეს მისი დედაქალაქი ინ-ი. გაანადგურეს სამეფოები ცი და ძინი.Aამ გამარჯვებების შედეგად უ-ს სამეფო იმდენად გაძლიერდა, რომ შევიდა ცივილიზებული ჩინეთის იმ სამეფოთა რიცხვში, რომლებსაც მართავდნენ ჩჯოუ-ს დინასტიის მეფეები, ხოლო მთავარი ხო ლიუიუ შევიდა “ჩჯუხოუ”-ს (ოფიციალურად აღიარებული დამოიკიდებელი სამფლობელოების მმართველები) შემადგენლობაში. სუნ ძი-ს, როგორც მხედართმთავრის პროფესიონალიზმზე ყველაზე კარგად მეტყველებს ვეი ლაო ძი-ს (ძ.წ. IV საუკუნე) შემდეგი სიტყვები: “იყო ადამიანი, რომელსაც ჰყავდა სულ 30 000-იანი ჯარი, და ცისქვეშეთში მას ვერავინ შეედრებოდა. ვინ არის ეს? ვპასუხობ: სუნ ძი”.
მთავარ ხო ლიუიუ-ს თხოვნით სუნ ძი-მ დაწერა ტრაქტატი სამხედრო ხელოვნების შესახებ “ომის ხელოვნება” (ჩინ., 孫子兵法,). ეს არის ძველი ჩინეთის ყველაზე ცნობილი ტრაქტატი, რომელიც ეძღვნება პოლიტიკასა და სამხედრო სტრატეგიას. იგი წარმოადგენს “სამხედრო ფილოსოფიის სკოლის”(ბინ-ძია-ს) ძირითად ტექსტს. შედგება 13 თავისაგან: (1. წინასწარი გათვლები; 2. ომის წარმოება; 3. სტრატეგიული თავდასხმა; 4.Fფორმა; 5. ძლევამოსილება; 6. სისავსე და სიცარიელე; 7. ბრძოლა ომში; 8. ცხრა სახეცვალება; 9. ლაშქრობა; 10. ადგილის ფორმები; 11. ცხრა ადგილი; 12; საცეცხლე თავდასხმა; 13. ჯაშუშების გამოყენება.)
სუნ ძი-ს ზოგადი მეთოდოლოგია აერთიანებს თავის თავში სოციალური ჰომეოსტაზის შენარჩუნების კონფუციანურ საფუძვლებსა და სამყაროსეული დაო-ს დაოსისტურ დიალექტიკას, ინ-იან-ის სკოლის კოსმიურ ციკლიზმს, ლეგისტურ პოლიტიკურ მეცნიერებასა და მო-ისტების მართველობით პრაგმატიზმს.Mმოცემული სინთეზი, რომელიც წარმოადგენს ომს (ბინ-ს), ერთის მხრივ, როგორც “სახელმწიფოს დიად საქმეს”, “სიკვდილისა და სიცოცხლის ნიადაგს, არსებობისა და დაღუპვის გზას (დაო-ს)”, და მეორეს მხრივ “მოტყუების გზა”-ს, განზოგადებულია 5 პრინციპში:
• “გზა” (ხალხისა და მმართველის ერთსულოვნება);
• “ცა” (დროის შესატყვისობა);
• “მიწა” (ადგილის შესატყვისობა);
• “სარდალი” (სწორი ხელმძღვანელობა, ეს კი არის გონი (ჭკუა), მიუკერძოებლობა (სამართლიანობა), ჰუმანურობა, ვაჟკაცობა, სიმკაცრე);
• “კანონი” (ორგანიზებულობა და დისციპლინა).
მოცემულ ცნებებს გაიაზრებენ და მათ რეალიზებას ახდენენ შემდეგი 7 გათვლით:
• ფლობს თუ არა მმართველი “დაო”-ს (გზას);
• გააჩნია თუ არა მხედართმთავარს უნარი;
• “ცისა” და “მიწის” თავისებურებების გაცნობიერება;
• კანონებისა და ბრძანებების შესრულებადობა;
• ჯარის სიძლიერე;
• მეთაურებისა და ჯარისკაცების გაწვრთნის (განსწავლულობის) ხარისხი;
• დაჯილდოებისა და დასჯის სამართლიანობა.
1782 წელს ტრაქტატი ითარგმნა ფრანგულ ენაზე ფრანგი იეზუიტი მისიონერის, ისტორიკოსისა და ასტრონომის ჟან ჟოზეფ მარი ამიოს (1718-1793) მიერ.
1910 წელს ტრაქტატი ითარგმნა ინგლისურ ენაზე ბრიტანელი მკვლევარის, სინოლოგისა და მთარგმნელის ლაიონელ გილესის (1875-1958) მიერ.
შინაარსი
1. წინასწარი გათვლები (始計,始计)
2. ომის წარმოება (作戰,作战)
3. სტრატეგიული თავდასხმა (謀攻,谋攻)
4.Fფორმა (軍行,军行)
5. ძლევამოსილება (兵勢,兵势)
6. სისავსე და სიცარიელე (虛實,虚实)
7. ბრძოლა ომში (軍爭,军争)
8. ცხრა სახეცვალება (九變,九变)
9. ლაშქრობა (行軍,行军)
10. ადგილის ფორმები (地形)
11. ცხრა ადგილი (九地)
12. საცეცხლე თავდასხმა (火攻)
13. ჯაშუშების გამოყენება (用間,用间)
თავი I
წინასწარი გათვლები
სუნ ძიმ თქვა: ომი ეს არის დიდი საქმე სახელმწიფოსათვის, ეს არის სიცოცხლისა და სიკვდილის საფუძველი, ეს არის გზა არსებობისა და გზა დაღუპვის. ეს უნდა გავიცნობიეროთ.
ამიტომ მის საფუძველში ჩადებულია 5 ცნება (მას გაიაზრებენ 7 გათვლით და ამით განსაღვრავენ მდგომარეობას):
პირველია – გზა, მეორე – ცა, მესამე – მიწა, მეოთხე – სარდალი, მეხუთე – კანონი.
გზა – ეს არის, როცა მიაღწევენ იმას, რომ ხალხის და მმართველის აზრები ერთმანეთს ემთხვევა. როცა ხალხი მზადაა მასთან ერთად მოკვდეს, მასთან ერთად იცოცხლოს, როცა მას არც არაფრის ეშინია და არც არაფერს უყურებს ეჭვის თვალით.
ცა – ეს არის ნათელი და ბნელი, სიცივე და სიცხე; ეს არის დროის კანონები.
მიწა – ეს არის შორეული და ახლობელი, სწორი და უსწორო, ფართო და ვიწრო, სიკვდილი და სიცოცხლე.
სარდალი – ეს არის გონი (ჭკუა), მიუკერძოებლობა (სამართლიანობა), ჰუმანურობა, ვაჟკაცურობა, სიმკაცრე.
კანონი – ეს არის სამხედრო წყალობა, სარდლობა და უზრუნველყოფა.
არ არსებობს სარდალი, რომელსაც არ გაეგოს ამ ხუთი მცნების შესახებ, მაგრამ მათგან იმარჯვებს ის, ვინც მათ შეითვისებს, ის კი, ვინც მას არ შეითვისებს ვერ გაიმარჯვებს.
ამ ვითარებიდან გამომდინარე ომს განსზღვრავენ 7 ცნებით
რომელი ხელმწიფე ფლობს ამ გზას? რომელ სარდალს ჰყავს ტალანტები? ვინ გამოიყენა ცა და დედამიწა? ვინ ასრულებს წესებს და ბრძანებებს? ვის ჰყავს უფრო ძლიერი ჯარი?ვისი ჯარისკაცები და ოფიცრები არიან უკეთესად გაწვრთნილნი(განსწავლულნი)? ვისთან აჯილდოებენ და სჯიან სამართლიანდ?
ყოველივე ამით, მე გავიგებ ვინ გაიმარჯვებს და ვინ დამარცხდება.
თუ სარდალი გამოიყენებს ჩემს წესებს, ისე, რომ შეითვისებს კიდევაც მათ, ის უსათუოდ გაიმარჯვებს – მე ვრჩები მასთან. თუ სარდალი გამოიყენებს ჩემს წესებს ისე, რომ არ შეითვისებს მათ, იგი უსათუოდ დამარცხდება – მე გავეცლები მას. თუ იგი შეითვისებს მათ სარგებლობის მიზნით, ეს წესები შექმნიან პოტენციას, რომელიც ყველას დაეხმარება.
პოტენცია – ეს არის ტაქტიკის გამოყენების უნარი სარგებლობის მიზნით (აზრით).
ომი – ეს არის მოტყუების გზა.Aამიტომ, თუ შენ რაიმე შეგიძლია, მოაჩვენე მოწინააღმდეგეს, რომ არ შეგიძლია;თუ რაიმეთი სარგებლობ, მოაჩვენე, თითქოს შენ ამით არ სარგებლობ;იქნებ შენ ხარ ახლოს, – მოაჩვენე თითქოს შორსა ხარ; იქნებ შენ შორსა ხარ,- მოაჩვენე, თითქოს ახლოს ხარ; გაიტყუე იგი თითქოს სარგებლობით; დაშალე ან დააყენე ცუდ ხასიათზე; დაიპყარი; თუ მას ყველაფერი აქვს, – იყავი მზად; თუ ის ძლიერია, აარიდე თავი; გამოიწვიე მისი განრისხება, გახადე უმართავი, მოაჩვენე თავი მორჩილად, აიძულე გახდეს თავის თავზე დიდი წარმოდგენის. თუ მას ახალ-ახალი ძალები აქვს, მოქანცე იგი, თუ შეკრულნი არიან, დააცალკევე; თავს დაესხი, როცა ის მზად არა; გაილაშქრე როცა არ ელოდება.
ყოველივე ეს უზრუნველყოფს მეომრის გამარჯვებას, ოღონდ წინასწარ რჩევის მიცემა დაუშვებელია.
ვინც ჯერ კიდევ ბრძოლის დასაწყისში იმარჯვებს გათვლებით, მას დიდი შანსი აქვს: ვინც ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე ვერ იმარჯვებს გათვლებით, მას ბედი ნაკლებად უღიმის; ვისაც ბედი უღიმის, – იმარჯვებს; ვისაც ბედი ცოტათი უღიმის – ვერ იმარჯვებს; მით უმეტეს ვერ იმარჯვებს ის, ვისაც შანსი საერთოდ არ აქვს. ამიტომ ერთ-ერთი მათგანის დანახვისთანავე, ჩემთვის უკვე ნათელია გამარჯვება და დამარცხება.
თავი II
ომის წარმოება
სუნ ძიმ თქვა: ომის წარმოების წესი ასეთია:
შენ გაქვს ათასი მსუბუქი და ათასი მძიმე ეტლი, გყავს ათი ათასი ჯარისკაცი, სურსათსანოვაგე უნდა გააგზავნო ათასი მილის მანძილზე, მაშინ საშინაო და საგარეო ხარჯები, ხარჯები სტურების მისაღებად, მასალა წებოსა და ლაქისთვის, ეტლების და შეიარაღების აღჭურვა; ყველაფერი ამისთვის დღეში ათასი ოქრო იხარჯება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ასი ათასიანი ჯარის ამოქმედება.
თუ ომი მიმდინარეობს და გამარჯვება ჭიანურდება, მაშინ იარაღი ჩლუნგდება, ფუჭდება; თუ ალყა ციხესიმაგრეზე ხანგრძლივია, მაშინ ძალები სუსტდება; თუ ძალებს ბრძოლის ველზე დიდი ხნით დატოვებენ – სახელმწიფოს სახსრები არ ეყოფა.
როცა იარაღი ჩლუნგდება და ფუჭდება, ძალები სუსტდება და სახსრები ილევა, თავადები შენს სისუსტეს გამოიყენებენ და შენს წინაარმდეგ წამოვლენ. ამ დროს რომც გყავდეს ჭკვიანი მსახურები – მაინც ვერაფრის გაკეთებას შეძლებ.
ამის გამო, ომის დროს, როცა იგი სწრაფია, თუნდაც გაუწაფავად, მაგრამ მაინც უძღვებიან მას და რაღაც მცირე მიღწევებიც აქვთ, მაგრამ თუ იგი გაჭიანურდება, რაგინდ კარგად არ გამოიყენონ სამხედრო ხელოვნება, წარმატებას ვერ მიაღწევენ.
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ომის დიდხანს გაგრძელებას რაიმე სარგებლობა მოეტანოს სახელმწიფოსათვის. ამიტომ, ის, ვისაც ბოლომდე არ ესმის, თუ რამდენად მავნეა ომი, იმასაც ვერ მიხვდება ბოლომდე, თუ რა სარგებლობა შეიძლება მივიღოთ ომისგან.
ის, ვინც იცის ომის წარმოება, ორჯერ გაწვევას არ ახდენს, სურსათსაც სამჯერ არ ტვირთავს, აღჭურვილობას თავის სახელმწიფოში იღებს, სურსათს მოწინაარმდეგესთან იღებს. ამიტომაც მას ყოფნის საკვები ჯარისკაცებისათვის.
ომის დროს სახელწიფო ღარიბდება იმიტომ. რომ სურსათს შორს აგზავნიან; როცა სურსათი შირს იგზავნება, ხალხი ღარიბდება
ის, ვინც არმიასთან ახლოსაა, ძვირად ჰყიდის ყველაფერს; და როცა ისინი ძვირად ჰყიდიან, ხალხს სახსრები ელევა; როცა სახსრები ელევა, ბეგარის გადახდა ძნელდება.
ძალები სუსტდება, სახსრები ილევა და სახლებსა და ქვეყანაში სიცარიელეა, ხალხის ქონება მცირდება 0.7-ით; მმართველის ქონება – საბრძოლო ეტლები დამტვრეულია, ცხენები დაუძლურებული, მუზარადები, თორ-აბჯარი, მშვილდ-ისარი, ოროლები და მცირე ფარები, შუბები და დიდი ფარები, ხარები და ოთხვთვალები, – ყველაფერი ეს მცირდება 0.6-ით.
ამიტომ ჭკვიანი მხედართმთავარი ცდილობს იკვებებოდეს მოწინააღმდეგის ხარჯზე, ამ დროს მოწინაარმდეგის ერთი გირვანქა, საკუთარი საკვების 20 გირვანქას უთანაბრდება; ერთი ფუთა ქატო და თივა მოწინაარმდეგისა, უტოლდება საკუთარი საკვების 20 ფუთას.
მოწინააღმდეგეს კლავს გააფთრება (ჩვენი); მის სიმდიდრეს ხელთ იგდებს სიხარბე (ჩვენი).
თუ ბრძოლის დროს ხელთ იგდებ 10 ან მეტ ეტლს, დაურიგე ისინი საჩუქრად მათ, ვინც პირველებმა იგდეს ხელთ ეს ეტლები და შეუცვალე მათ ალმები, შეურიე ეს ეტლები საკუთარ ეტლებში და იარე ასე. ტყვე ჯარისკაცებს კი მოექეცი კარგად, იზრუნე მათზე. სწორად ამას ჰქვია გაიმარჯვე მტერზე და გაზარდე შენი ძალა.
ამიტომ სარდალი, რომელმაც იცის ომის არსი არის ხალხის ბედის მჭედელი, არის სახელმწიფოს უსიშროების ბატონ-პატრონი.
თავი III
სტრატეგიული თავდასხმა
სუნ ძიმ თქვა: ომის წესების მიხედვით ყველაზე უკეთესია მოწინააღმდეგის სახელმწიფო შეინარჩუნო მთელად (მთლიანად), მეორე ადგილზეა, დაამხო ეს სახელმწიფო. საუკეთესოა შეინარჩუნო მოწინააღმდეგის არმია მთლიანად, მეორე ადგილზეა – გაანადგურო იგი. საუკეთესოა – შეინარჩუნო მოწინააღმდეგის ბრიგადა, მეორე აგდილზეა გაანადგურო იგი. საუკეთესოა შეინარჩუნო მოწინააღმდეგის ბატალიონი მთლიანად, მეორე ადგილზეა – მოსპო ის. საუკეთესოა შეინარჩუნო მოწინააღმდეგის ასეული მთლიანად, მეორე ადგილზეა – გაანადგურო იგი. საუკეთესოა შეინარჩუნო მოწინააღმდეგის ოცეული მთლიანად, მეორე ადგილზეა გაანდგურო იგი. ამიტომ, ასჯერ შეებრძოლო და ასჯერ გაიმარჯვო – ეს არ არის საუკეთესო. ყველაზე უკეთესია დაამარცხო სხვისი არმია უბრძოლველად.
ამიტომ, ყველაზე უკეთესი ომი არის მოსპო მოწინააღმდეგის ჩანაფიქრი; მეორე ადგილზეა, მოსპო მისი მოკავშირეები, შემდეგია, მოსპო მისი ჯარები. ყველაზე უკეთესია ციხესიმაგრის ალყაში მოქცევა. სიმაგრეების ალყის წესების მიხედვით. ასეთი ალყა მაშინ უნდა ხდებოდეს, როცა იგი გარდაუვალია. დიდი ფარების, საალყო ეტლების მომზადებას, მიწაყრილების მოწყობას, აღჭურვილობის მომზადებას სამი თვე დასჭირდება; მაგრამ სარდალი, რომელსაც არ შეუძლია თავისი მოუთმენლობა დაძლიოს, თავის ჯარს, როგორც ჭიანჭველებს, აგზავნის იერიშზე; ამ დროს ჯარისკაცებისა და ოფიცრების ერთი მესამედი იღუპება, სიმაგრე კი აუღებელი რჩება; ასეთია ალყის დამღუპველი შედეგები.
ამიტომ ის, ვინც იცის ომის წარმოება, უბრძოლველად ინარჩუნებს სხვის არმიას; ალყის გარეშე იღებს სხვის სიმაგრეებს; ანადგურებს სხვის სახელმწიფოს ისე, რომ თავის ჯარებს დიდი ხნით არ აკავებს. იგი უსათუოდ ინარჩუნებს ყველაფერს მთელად და იბრძვის, რათა სრული უფლებები მოიპოვოს ცისქვესეთში. ამიტომ, იარაღის დაჩლუნგების გარეშე შეიძლება ნახო სარგებელი: სწორედ ეს არის სტრატეგიული თავდასხმის წესი.
ომის წარმოების წესი გვეუბნება: თუ შენი ძალები ათჯერ აღემატება მოწინააღმდეგისას, შემოეწყვე მას ყოველი მხრიდან: თუ შენი ძალები ხუთჯერ აღემატება მოწინააღმდეგისას – თავს დაესხი მას; თუ ძალები თანაბარია, შესძელი შებრძოლება; თუ ძალები ნაკლები გაქვს – შესძელი მისგან თავის დაცვა; თუ შენ თუნდაც რაიმე მცირე გაქვს უარესი – შესძელი თავი აარიდო მას; ამიტომ, ის ვინც მცირე ძალებით იბრძვის ჯიუტად, ძლიერი მოწინააღმდეგის ტყვე ხდება.
სარდალი სახელმწიფოსათვის იგივეა, რაც სამაგრი ოთხთვალაზე; თუ სამაგრი მჭიდროდ და კარგად არის მორგებული, სახელმწიფო უსათუოდ ძლიერია. თუ სამაგრი მოიშალა – სახელმწიფო უსათუოდ დასუსტდება…
ამიტომ არმია თავის სახელმწიფოსაგან იჩაგრება სამ შემთხვევაში:
- როცა მან არ იცის, რომ არმია არ უნდა ამოქმედდეს და მაინც უბძანებს მას გაილაშქროს; როცა მან არ იცის, რომ არმიამ უკან უნდა დაიხიოს და უბრძანებს უკუიქცეს – ნიშნავს, რომ იგი არმიას ბოჭავს.
- როცა მან არ იცის რას წარმოადგენს არმია, იგი მას იმავე წესებით მართავს, რომლითაც მართავს სახელმწიფოს; მაშინ მეთაურები არმიაში იბნევიან.
- მაშინ, როცა მან არ იცის, თუ რა არის ტაქტიკა არმიაში, ის დასანიშნავად იყენებს იმავე მეთოდებს, რომელსაც სახელმწიფოში იყენებენ; ამ დროს არმიაში მეთაურთა აღელვება იწყება.
როცა არმიაში აღელვება და დაბნეულობა იწყება, უბედურება მოდის თავადებიდან, ეს კი ნიშნავს: საკუთარი არმიის რღვევას და მოწინააღმდეგისათვის გამარჯვების გადაცემას.
ამიტომ ცნობილია, რომ გამარჯვება მოდის 5 შემთხვევაში: იმარჯვებენ, როცა შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც დიდი, ასევე მცირე ძალები: იმარჯვებენ იქ, სადაც უფროსებსა და უმცროსებს ერთი და იგივე სურვილები აქვთ: იმარჯვებენ მაშინ, როცა თვითონ ფრთხილნი არიან და მოთმინებით ელოდებიან გაუფრთხილებლობა მოწინაარმდეგის მხრიდან: იმარჯვებს ის, ვისაც ნიჭიერი მხედართმთავარი ჰყავს და ხელმწიფე არ ხელმძღვანელობს მას. ამ ხუთი დებულების ცოდნა იმის საფუძველია, თუ რომელი გზა მოიტანს გამარჯვებას.
ამიტომ ამბობენ: თუ იცნობ მოწინააღმდეგეს და იცნობ საკუთარ თავსაც, იბრძოლებ თუნდაც ასჯერ, – საფრთხე არ მოგელის; თუ იცნობ საკუთარ თავს და მოწინააღმდეგეს არ იცნობ, გაიმარჯვებ ერთხელ, მეორედ დამარცხდები; თუ არც თავს იცნობ და არც მას, – როცა კი იბრძოლებ ყოველთვის დამარცხდები.
(გაგრძელება იქნება) armada.ge
0