რუსული ობიექტები აფხაზეთის  „პრეზიდენტისთვისაც“ კი აკრძალული ზონაა... რუსული ობიექტები აფხაზეთის „პრეზიდენტისთვისაც“ კი აკრძალული ზონაა... />


  23:51:58     28-10-2011

რუსული ობიექტები აფხაზეთის „პრეზიდენტისთვისაც“ კი აკრძალული ზონაა...

a11784.jpg

აფხაზი ჟურნალისტები რუსი სამხედროებისა და რუსეთის ბაზების ხელშეუხებლობის დაკანონებით უკმაყოფილონი არიან. ცოტა ხნის წინ, რატიფიცირებული შეთანხმება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ, რუსულ მხარეს ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე აბსოლუტურად დამოუკიდებელი და სუვერენული წარმონაქმნების ჩამოყალიბების უფლებას აძლევს, რომელზეც ადგილობრივი „იურისდიქციები“ არ ვრცელდება.

აფხაზური გაზეთი „ნუჟნაია“ ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს და წერს, რომ აფხაზეთში „დახურული ზონების მოედანი იზრდება.“ ანუ, რუსეთის ბაზები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები თავად აფხაზეთის „პრეზიდენტისთვისაც“ კი აკრძალული ზონაა.

დღესდღეობით, აფახზეთში 11 რუსული სასაზღვრო „გარადოკია“ აშენებული და კიდევ 28-ის აგება იგეგმება. მცირე ხნის წინ, ერთ-ერთი მათგანი სოფელ ცანდრიფშშიც გაიხსნა, რომელიც გაგრის რაიონს ეკუთვნის.

აფხაზი ჟურნალისტი ვიტალი შარია ადგილობრივ  განწყობილებებზე  წერს  და  ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილისთვის გასაგებია, თუ რატომ შენდება სასაზღვრო ქალაქები „საქართველო-აფხაზეთის საზღვრის“ სიახლოვეს - სოფელ თაგლანში, ფიჩორში, ოტობაიასა და ოქუმში. თუმცა გაუგებარია, რა საჭიროა ანალოგიური სამხედრო ობიექტების აგება რუსეთის საზღვრის სიახლოვეს – ახალ ათონსა და ცანდრიფშში.

გაზეთ „ნუჟნაიაში“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფოტოს მინაწერი იუწყება: „აქ, სოხუმის პლაჟის რაიონში, ზღვიდან 50 მეტრში შენდება ელიტური სახლი აფხაზეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისათვის.“ მეორე მინაწერი: „მიწის ნაკვეთი, რომელზეც უკვე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. სინოპის მცხოვრებლებისათვის უცნობია, რა აშენდება ამ ჰექტრებზე.“

იქვე გაზეთი წერს, რომ რუსეთთან დადებული შეთანხმებების შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები (სამხედრო მოსასახურეთა ოჯახის წევრები) აფხაზეთის მოქალაქეებისგან აბსოლუტურად განსხვავებულ და პრივილეგირებულ უფლებებს იძენენ. ასე, მაგალითად, რუსეთის სასაზღვრო განყოფილება აფხაზეთის სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ სრული იმუნიტეტით სარგებლობს. მისი უძრავი ქონება, მათ შორის, დაკავებული მიწის ნაკვეთები, ხელშეუხებელია, ხოლო აფხაზეთის ხელისუფლებას არ აქვს უფლება ფეხი შედგას ამ ნაკვეთებსა და უძრავი ქონების საზღვრებში.

უფრო კონკრეტულად კი, სასაზღვრო სამმართველოს უძრავი და მოძრავი ქონება, საჰაერო ხომალდები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები რუსეთისა, დროებით მყოფნი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე, სასაზღვრო განყოფილების საბანკო ანგარიშები, სარგებლობს იმუნიტეტით და არავის აქვს იქ არათუ შესვლის, არამედ ჯარისკაცის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი, რაიმე პროცედურის ჩატარების უფლება.

თავად აფხაზები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ „ნებისმიერ რუს ჯარისკაცს შეუძლია ჩაიდინოს დანაშაული, მკვლელობა, გაუპატიურება, ჩაცხრილოს არასრულწლოვანი... მოკლედ, გააკეთოს ის, რაც უნდა.“ ხოლო თუ მას მაინცდამაინც ფაქტზე და შემთხვევის ადგილზე არ წაასწრებენ, მოწმის სტატუსითაც კი მისი დაკითხვა შეუძლებელია.

„როცა მე აღვშფოთდი, რომ აფხაზეთის პრეზიდენტს სასაზღვრო განყოფილების ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე არ შეუძლია წავიდეს და ნახოს, როგორაა დაცული საზღვარი, ვიღაცეებმა თქვეს, რომ ჩემი პოზიცია ანტირუსული იყო“ – წერს აფხაზი ავტორი.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ აფხაზეთში მიმდინარე ამ პროცესებს ადგილობრივთა ნაწილი სხვა თვალითაც უყურებს. ვიტალი შარია წერს, რომ ერთ-ერთი აფხაზი მხატვარ-კარიკატურისტი ზურაბ გიცბა, როცა რუსული მხარის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს ისმენდა, ამბობდა, - „რა შავი უმადურობაა. ამათ კარგი ურთიერთობის არაფერი ესმით. სურთ, რომ რუსეთმა შეინახოს, დაიცვას უსაფრთხოება და თანაც სთავაზობენ მათ, უბრალოდ მინდორში, კარვებში იცხოვრონ. ან რატომ არ უნდა იცხოვრონ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა ელიტურ სახლებში, რომლებსაც თავად რუსები აშენებენ?...“

თუმცა ზურაბ გიცბა, რომელიც თავის პოზიციებს ადგილობრივ გაზეთებში კარიკატურებით გამოხატავს, ერთ რეალობას მაინც ვერ სცდება. იმას, რომ აფხაზეთში სახეზეა რუსეთისადმი უკმაყოფილება, რაც ასევე კარიკატურით გამოხატა: ზღარბი (აფხაზეთი) ჯუნგლებში მოგზაურობს, მტაცებელი ცხოველების გარემოცვაში, და ისე, რომ სპილოს (რუსეთს) ზურგზე აზის. სპილო კი ოხრავს – „ოჰ, რა ეკლიანი მგზავრია“...

0

ავტორი: