სიძეს ქორწილის გადახდა სამწლიან პატიმრობად დაუჯდა სიძეს ქორწილის გადახდა სამწლიან პატიმრობად დაუჯდა />


  16:59:33     28-10-2011

სიძეს ქორწილის გადახდა სამწლიან პატიმრობად დაუჯდა

a11765.jpg

ქორწილის გადასახდელად რესტორნის დარბაზის გათავისუფლება სასიძოს სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა დაუჯდა. რადგან მან დაკავებული დარბაზის გათავისუფლება საკმაოდ უცნაური ხერხით მოიფიქრა.  

დამნაშავე სასიძოს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ ახლახანს დაასრულა.  წარსულში ნასამართლევ ლაშა გაგნიძეს ბრალი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში ედებოდა.

საქმის მასალების მიხედვით: ლაშა გაგნიძემ ქორწილის გადახდა, 2011 წლის 30 აპრილს, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან ,,სენატში” გადაწყვიტა. ამავე წლის 24 აპრილს,  ლაშა გაგნიძე და რესტორნის მენეჯერი შეთანხმდნენ, რომ ლ. გაგნიძე ორი დღის განმავლობში ,,ბე”-ს სახით წინასწარ 2000 ლარს გადაიხდიდა. ფულადი თანხის გადახდის მიზნით, ის მართლაც მივიდა ზემოაღნიშნულ რესტორანში, თუმცა რესტორან ,,სენატში” საქორწინო დარბაზები უკვე დაკავებული იყო, რის გამოც მან ვერ მოახერხა საქორწინო სუფრის შეკვეთა.

ამ დროისათვის, ლაშა გაგნიძეს სტუმრები, რესტორან ,,სენატში” უკვე დაპატიჟებული ჰყავდა. მას მოერიდა მათთვის განმარტების მიცემა და გადაწყვიტა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება განეხორციელებინა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ შეტყობინება გამოიწვევდა სრულ ქაოსს და ის მოახერხებდა სტუმრებისთვის რეალური მიზეზის დამალვას.

ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 30 აპრილს, ლაშა გაგნიძე სტუმრებთან ერთად აღნიშნულ რესტორანში მივიდა. დაახლოებით 17:50 წუთზე მან მისი მეუღლის სარგებლობაში არსებული სილქნეტის უკაბელო ტელეფონიდან საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რადიოსადგურ ,,022” –ის ოპერატორთან განახორციელა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, თითქოსდა რესტორან ,,სანატში” იყო ბომბი.

სასამართლო განხილვისას ლაშა გაგნიძემ სრულად აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული. გარდა ლაშა გაგნიძის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, სატელეფონო საუბრების კრებსებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დაკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და ლაშა გაგნიძეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 2 წელსა და 6 თვეს მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

0

ავტორი: