11:41:32     28-10-2011
„ვაშინგტონ თაიმსის“ ცნობით, ირანს უკვე აქვს ატომური იარაღი...
გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსის“ ინფორმაციით, ირანს უკვე აქვს ატომური იარაღი. გამოცემა წერს, რომ ზეწოლა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და მთლიანად დასავლეთი ისლამურ რესპუბლიკაზე ახორციელებდა, ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგ, წყალში ჩაიყარა. ირანს არა მხოლოდ აქვს უკვე ბირთვული იარაღი ყოფილი საბჭოთა კავშირისგან, არამედ საკმარისი გამდიდრებული ურანიც გააჩნია ახალი იარაღის საწარმოებლად.
როგორც ცნობილია, ირანი უკვე წლების განმავლობაში ირწმუნება, რომ გამდიდრებული ურანი მას მშვიდობიანი მიზნებისათვის სჭირდება. რამდენიმე ხნის წინ, ურანის საწარმოებელი ქარხნები ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ უფრო საიმედო ადგილას, მთებში გადაიტანა, სადაც მათი მიგნება და დაბომბვა, როგორც იმედოვნებენ, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, გართულდება.
გამოცემის ცნობითვე, გასულ კვირას, მეთიუ ნასუტიმ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საჰაერო ძალების ყოფილი კაპიტანია და ერაყში მსახურობდა, განაცხადა, რომ 2008 წლის მარტში, ირანმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ერთი თუ რამდენიმე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნისგან შეიძინა. ამერიკული სამხედრო წყაროები იუწყებიან, რომ ამჟამად ირანი ორ მუშა ბირთვულ ქობინს ფლობს.
„ვაშინგტონ თაიმსი“ იმასაც იხსენებს, რომ ირანულმა გაზეთმა „Kayhan“–მა, რომელიც ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის აპარატის პირდაპირი დაკვირვების ქვეშაა, გასულ წელს, საგაზეთო სტატიაში ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა. კერძოდ, წერილში ნათქვამი იყო, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკული ქალაქები ბირთვულ აფეთქებებს უნდა ელოდონ.
ამერიკელები ამჟამად აღიარებენ, რომ ობამას პოლიტიკამ, ისლამურ რესპუბლიკაზე დაწესებული სანქციების სახით, არ გაამართლა. მან ვერ შეძლო ირანელები ბირთვული პროგრამის შეჩერებაში დაერწმუნებინა. მსოფლიოს ატომური ენერგიის სააგენტოს მონაცემებით კი, ირანს დღეისათვის იმ რაოდენობის გამდიდრებული ურანი აქვს, რომელიც სრულიად საკმარისია ექვსი ატომური ბომბის შესაქმნელად.
აშშ–ის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების და ექსპერტების განცხადებით, აუცილებელია რადიკალური მოქმედების დაწყება. თავად ირანელი ხალხი, რომელიც მოლების დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ უკვე წლებია გამოდის, ამას თავად დიდი ხანია ითხოვს. ათასობით ადამიანი წირავს თავის სიცოცხლეს, რომ ამ რეჟიმის ნამდვილი ბუნება გვიჩვენოს. ამიტომ, აცხადებენ ამერიკელები, მოქმედებაა საჭირო, ვიდრე უკვე ძალიან გვიან არ იქნება.
0