15:44:37     27-10-2011
მორიგი სამხედრო ეშელონი სოჭიდან აფხაზეთში…
აფხაზეთში სამხედრო ტექნიკა სარკინიგზო ეშელონებით შედის. ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო-მასალა, რომელშიც ნაჩვენებია სოჭის სარკინიგზო სადგური, სადაც ტანკებითა და სხვა საშუალებებით დატვირთული ღია და დახურული ვაგონები მოძრაობენ (http://privetsochi.ru/blog/news_sochi/13528.html).
ეშელონი, როგორც სოჭის ერთ-ერთ ინტერნეტ-ფორუმზე თავად ამ მასალის ავტორი აღნიშნავს, აფხაზეთისკენ მიემართება, მაგრამ რისთვის?
ამ კითხვას, თავად ფორუმის მონაწილეები სვამენ, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, სოჭში
სამხედრო ტექნიკის გადაადგილება უჩვეულო ამბავი არ უნდა იყოს, მაგრამ ამ
შემთხვევამ, როგორც ჩანს, მათი ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრო. მათი თქმით,
როტაცია, აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე ჩვეულებრივი
ამბავია, თუმცა ტექნიკა არა ასე ღიად, არამედ დახურული ვაგონებით გადააქვთ, თანაც
ღამით. ვიდეო-რგოლის ავტორი კი აღნიშნავს,
რომ არტილერია და ტანკი, როგორც წესი არა თავდაცვის, არამედ შეტევითი საშუალებებია
და „რისთვის სჭირდებათ ის აფხაზეთში“?
ვიდეო 26 ოქტომბერსაა გადაღებული. მისი ავტორი კი ფორუმის სხვა მონაწილეთა მხრიდან
კრიტიკის ობიექტი გახდა, - როგორც რუსეთის სამხედრო საიდუმლოების გამცემი.
ფორუმზე სხვა საინტერესო მოსაზრებებიცაა გამოთქმული. ავტორები ვარაუდობენ, რომ ტანკები და სამხედრო ტექნიკა საქართველო-აფხაზეთის საზღვართან განლაგდება. თუმცა, აი, კიდევ რაზე ლაპარაკობენ რუსეთში:
„აფხაზებმა გაფართოება გადაწყვიტეს.“
„უცნაურია, როგორც წესი, ასეთ ტექნიკას რაღაცას აფარებენ.“
„რა საჭიროა სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ წერა.“
„თავად აფხაზები ლაპარაკობენ ყოველ შემხვედრთან. გუდაუთაში ასეთი ტანკები
თავზესაყრელი იყო. ომის დროს კი მთელმა აფხაზეთმა იცოდა, ვინ რა დახმარებას
უწევდა, - ენას კბილს ვერ აჭერდნენ.“
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ალბათ, ხშირი სტუმარი იქნება ამ გვერდისა.
სოჭელებს არცერთი სამხედრო ეშელონი არ გაეპარებათ და აქაურ აგენტურაზეც შეიძლება
ეკონომიის გაკეთება. შემოვლენ საიტზე და ყველაფერს გაიგებენ.“
„20 წლის წინ ასეთი მასალის გადაღებისთვის ვიღაცეებს სჯიდნენ, დღეს კი ტანკებს ზეწარიც კი არ გადააფარეს. სრული ბარდაგია ჩვენს არმიაში.“
„ტანკები, - ეს კარგია. ე.ი. მალე უნდა
ველოდოთ ოპერაციას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.“
„ენგურჰესთან ახლოს ტანკები მიწაში ლულებიანადაა ჩაფლული, ეს თავდაცვაა თუ
თავდასხმა?“
„რისთვის წერთ ამეებს. მტრებისთვის…
სამხედრო პერიოდში შპიონაჟისთვის დაგხვრეტდნენ.“