გიორგი ლეონიძის ესე - „მცხეთა“ გიორგი ლეონიძის ესე - „მცხეთა“ />


  15:12:03     27-10-2011

გიორგი ლეონიძის ესე - „მცხეთა“

a11718.jpg

ახლახანს ჩვენ ვიდღესასწაულეთ მცხეთობა-სვეტიცხოვლობა. სვეტიცხოვლის მნიშვნელობა საქართველოსთვის არ შეიძლება ვინმემ გადაჭარბებულად წარმოაჩინოს. 

ბევრს დაუწერია მცხეთაზე თუ სვეტიცხოველზე. უამრავი რამ თქმულა მის შესახებ. ხშირად გავიგონებთ, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, ანუ ამქვეყნიური ცენტრი ქრისტიანობისა. 

მაგრამ, გიორგი ლეონიძემდე და მის მერეც, ასე მოკლედ, ასე ხატოვნად, გასაგებად და ლაკონურად არავის უთქვამს, არავის გამოუხატავს მცხეთის წარსული, მცხეთის მნიშვნელობა - წარმართული იერუსალიმი. თუ გინდათ ვინმე უცხოელს უთარგმნეთ ეს ფრაზა, თუ ოდნავ განათლებულია, და ის უმალ მიხვდება რა არის ჩვენთვის მცხეთა. იერუსალიმი - რელიგიურ-კულტურული ცენტრი ისრაელისა, მცხეთა - რელიგიურ-კულტურული და ეთნიკური ცენტრი ქართველობისა, ყოველ დროში და ყოველი რელიგიის აღმსარებლობისას. ამას გვეუბნება სწორედ ჩვენი დიდი პოეტი.

როგორც ისრაელის იერუსალიმში დაიწყო ახალი ერა, ის ახალი ერა დაიწყო ჩვენს წარმართულ იერუსალიმში, მცხეთაში, და არა მარტო ჩვენთვის...

საქართველო რომ გაიგო, მხოლოდ მისი ისტორიის შესწავლა არ არის საკმარისი, თუმცა აუცილებელია. საჭიროა, ვიცოდეთ როგორ განიცდიდნენ სამშობლოს მისი შვილები, რომლებსაც განცდის სიტყვიერად, კალმით გადმოცემაც შეეძლოთ, მოკლედ, ლაკონურად, დამუხტული, მრავალგვარად დატვირთული სიტყვებით - დიდოსტატურად. თანაც, თუ მათი განცდა ნასაზრდოები იყო შინაგანი ჭვრეტით, წარსულის სურათების გამოცხადებით მიღებული შთაბეჭდილებების  შედეგად...

დღეს უნდა წავიკითხოთ, გავიხსენოთ გიორგი ლეონიძის შესანიშნავი ესე „მცხეთა“, რომელიც გამოქვეყნდა 1920 წელს გაზეთ „ნაციონალისტში“. ის არის ქართული იდეოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი...

მცხეთა

მცხეთა სურნელია სიძველის და საქართველოს დამწვარი ქიმერა. მისი დამქრალი სუნთქვა დღესაც აცოცხლებს რელიგიურ არსს; საქართველოს ტახტებს და მაღალ ბრწყინვალებას...

მცხეთაში მრავალი რალიგია დაიფერფლა და მრავალი ამაყი ღმერთი დაეცა. მისმა ტაძარმა დიდი სახელები დაჰკარგა, მაგრამ მათმა სიწმინდემ აკურთხა იგი...

მცხეთა იყო წარმართული იერუსალიმი. აქ იყვნენ ღმერთები, რომლებზედაც ქართული მატიანე რელიგიური თრთოლვით ლაპარაკობს...

ძველი მწერლები ლაპარაკობენ კიდევ ძველ მისტერიებზე, რომელნიც დუმილით იფარება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქართული მისტერიები იყო სკოლა სულის უკვდავების.

აქ იყო ყველა ის მისტიური კარნავალები და პროცესები, რომელნიც „არალეს“-ს ძახილით აღვიძებდნენ ყველა გარდასულ სულებს, რომელთა ღვთიური წარმოშობა და რელიგიური არსობა აუკვდავებდა იბერიელს...

და მერე კი... ამ ორი მდინარის კიდეზე დაინაცრა წარმართული საქართველო...

მაგრამ აქვე ნორჩ ვაზზე ნინოს ცხელი თმებიც ასურნელდა...

მერე აქ აღმოცენდა სვეტი ცხოველი და მან დაჰფარა ქართული გენია და ქართული რასსაც.

მთელი საქართველო მან შეიწირა: თავისი რაინდების ზღვა ჯარებით, სიმდიდრით და კეთილდღეობით.

ამიტომ თითოეული ქვა ამ ტაძრის ამოვლებულია საქართველოს სისხლში.

ეს გაუგებარი ტაძარი განაგებდა საქართველოს, როგორც დიდი მონარხი დირიჟორი და მთელ საქართველოს უმორჩილებდა ერთს ზნეობრივ ხელმწიფებას. ერთს რწმენას და წესწყობილების განმტკიცებას...

რადგან ქრისტიანული რელიგია იყო საქართველოსთვის არა მარტო ზნეობრივი სისტემა, არამედ ძალაც ღვთიური, სამუდამო და ვის არ უგრძვნია საუკუნეებში დამდგარ ტაძარში შესვლისას ის საღვთო შიში, რომელზეც ბერძნები ლაპარაკობენ...

თანამედროობის იჭვებით დაქანცული, თქვენ ისვენებთ ამ მეფური ქვების ჩრდილში, როგორც მსხვილი მუხის ქვეშ. ძველი სიმშვიდე და სურნელი შედის თქვენში და ჰგრძნობთ საქართველოს სხეულის შეხებას. სულში მყარდება ზომიერება და სინათლე.

საქართველოს მარადიული სული მაღალი და ფანტასტიური კიდევ არ გამქრალა!..

გიგანტური ლანდები დაჰქრიან ირგვლივ, ღვთის განცხრომის სახლში და აჰყეხართ საქართველოს სიმაღლესთან...

„ნაციონალისტი“ # 14, 1920 წელი.

0

ავტორი: