იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი />


  15:11:27     27-10-2011

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი

a11717.jpg

1840 წლის 15 (ახალი სტილით 27 ოქტომბერს) სოფელ ვარიანში, გორთან ახლოს, დაიბადა დიდი ქართველი მოღვაწე, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში, პუბლიცისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი.

დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა გორის, შემდეგ ტფილისის სასულიერო სასწავლებელში, 1855 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წლიდან კი კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად ისმენდა ლექციებს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. 1863 წელს ჯანმრთელობის გამო იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო.

1864 წელს იაკობ გოგებაშვილი დაინიშნა ტფილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად. 1868 წლიდან კი ინსპექტორად. 1874 წელს მოხსნეს სამსახურიდან, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, ის ხომ მთელი სულითა და გულით ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში იყო ჩართული, ილიასა და აკაკის მხარდამხარ. ამის შემდგომ აღარ შესულა სახელმწიფო სამსახურში.

იაკობ გოგებაშვილმა მთელი სიცოცხლე ეროვნულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას შესწირა. დიდია მისი დამსახურება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში...

იაკობ გოგებაშვილს პუბლიკაცია ვუძვენით მისი გარდაცვალების დღეს, 14 ივნისს, სადაც მიმოვიხილეთ მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე. ვისაუბრეთ მის გენიალურ ნაწარმოებზე „იავნანამ რა ჰქმნა“. ერთი აბზაცი კი დღესაც გავიმეოროთ იმ პუბლიკაციიდან:

იაკობ გოგებაშვილი საუკუნეზე მეტია რაც თითოეული ქართვლისათვის მესამე მშობელივითაა, თითოეული ქართველის აღმზრდელია, პედაგოგია. მისი შედგენილი "დედა ენა" ჩვენი ცხოვრების აუცილებელი და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. სანამ საქართველო იარსებებს, იარსებებს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" და მისი ძვირფასი სახელი დიდი ილიასა და აკაკის სახელების გვერდით მოიხსენიება.

დღეს, დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი შესანიშნავი მოთხრობა „ცხრა ძმანი ხერხეულიძენი“ გავიხსენოთ. მასზე საუბარს სხვა დროს კიდევ განვაგრძობთ. იაკობ გოგებაშვილზე საუბარი არასდროს მოსწყინდება ქართველს, როგორც შვილს მშობელზე. ის ხომ მშობლიური „დედა ენის“ შემდგენელია...

ცხრა ძმანი ხერხეულიძენი 

თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე მდებარეობს მოზრდილი სოფელი მარაბდა. სამასი წლის წინათ ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახლებული იყო ზემო ქართლიდან და რომელსაც ცხრა ვაჟი ჰყავდა. მამა ამ ცხრა ვაჟისა იყო ერთგული მოყვარე თავისი ქვეყნისა და მხურვალე მამულიშვილი. ცოლად მას ჰყავდა ყოვლად ღირსეული ქართველი მანდილოსანი. ამის გამო ცხრა ძმანი ერთიერთმანეთზე უკეთესი ვაჟკაცები და მამულიშვილები დადგნენ. 

იმ ჟამად სპარსეთში მეფობდა შაჰი აბასი, მეტად აბეზარი მეომარი. მას ჰყავდა მრავალი ჯარი, გაწვრთნილი და გამოცდილი ლაშქრობაში. შაჰ-აბასმა დაიპყრო ბევრი ქვეყანა და ბოლოს საქართველოშიც შემოიჭრა. ქართველთა ჯარი მას გადაეღობა გზაზე თბილისის მახლობლად მარაბდის სამხრეთით. ატყდა საშინელი ბრძოლა. სამი დღის განმავლობაში სისხლი შეუწყვეტელ ნაკადულებად დიოდა. თუმცა სპარსელები ერთი-ათად მეტნი იყვნენ, მაგრამ მათ სამი დღის განმავლობაში ქართველს ჯარს ფეხი ვერ მოაცვლევინეს, რადგანაც ქართველი მეომარნი თავგანწირულად იბრძოდნენ სამშობლოს დაცვისათვის. მეტადრე საოცარ უშიშროებას, სამაგალითო ვაჟკაცობას და საარაკო თავდადებულობას იჩენდნენ ცხრა ძმანი ხერხეულიძენი, რომელნიც ერთად, მხარდამხარ ებრძოდნენ მტერსა, მათ სპარსელების არა ერთი იერიში უკუაქციეს, არა ერთხელ აქნევინეს ზურგი მტერსა, მაგრამ მეოთხე დღეს სპარსელებს ახალი ჯარი მოეშველა და დაღლილ-დაქანცულმა ქართველთა ლაშქარმა ვეღარ შეიკავა მტერი. ამ საშინელი წამის დროს ძმანი ხერხეულიძენი არამც თუ არ შედრკნენ, არამედ ლომებად გადაიქცნენ და უფრო მომეტებული თავის განწირვით იბრძოდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ: — ან გაემარჯვათ, ან ბრძოლის ველზე დახოცილიყვნენ ყველანი. და რადგანაც ქართველმა ჯარმა ვერ გაიმარჯვა, თავდადებულნი ძმანი, ერთიერთმანეთზე ზედ შეაკვდნენ მტერსა და თავისი გმირული სული დალიეს ბრძოლის ველზე. 

ხალხის თქმულებით, მათი დედაც ბრძოლის ველზე იყო, ამხნევებდა მათ და როცა ერთ მის ვაჟს, სასიკვდილოდ დაჭრილს, ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა, დედამ აიღო დროშა და თავის მეორე შვილს მისცა ხელში. 

მადლიერმა ქართველებმა ეს ცხრა ძმა იპოვნეს ბრძოლის ველზე მკვდართა შორის, თითოეული დიდი მოწიწებით დამარხეს ცალ-ცალკე მწკრივად და დაადვეს ცხრა დიდ-დიდი საფლავის ქვა, რომელიც დღემდის დაცულია.

0

ავტორი: