ერსკინ კოლდუელის „კენდი ბიჩემი“ ერსკინ კოლდუელის „კენდი ბიჩემი“ />


  15:35:31     25-10-2011

ერსკინ კოლდუელის „კენდი ბიჩემი“

a11638.jpg

ცნობილი ამერიკელი მწერალი ერსკინ პრესტონ კოლდუელი (Erskine Preston Caldwell) დაიბადა 1903 წლის 17 დეკემბერს უაიეტ ოუკში, ჯორჯიის შტატში, პრესბიტერიანელი მღვდლის ოჯახში. არა ერთი პროფესია გამოსცადა. სისტემატური განათლება არ მიუღია, თუმცა ერთ ხანს უნივერსიტეტშიც სწავლობდა.

სამწერლო კარიერა დაიწყო 1931 წელს, როდესაც გამოაქვეყნა ნოველების კრებული „ამერიკის მიწა“. ამას მოჰყვა მისი რომანები „თამბაქოს გზა“ (1932) და „უფალი ღმერთის აკრი“ (1933), ასევე ნოველების კრებულები „ ჩვენ ცოცხლები ვართ“ (1933), „სამხრეთის ჩვევები“ (1938), რომანი „მთელი ღამე“ (1942)... მწერალი პოპულარული გახდა, თუმცა ცნობილი ჟურნალისტის სახელიც ჰქონდა. მას უთქვამს: "იყო ჟურნალისტი - ნიშნავს, აღწერო ყოველი დღე. მე არ მეგულება ამაზე უკეთესი საქმიანობა. მუშაობა ჟურნალისტისგან უნდა ისწავლო!"

1937 წელს მხატვარ ქალ მარგარეტ ბურკ-უაიტთან ერთად გამოსცა ფოტოალბომი You Have Seen Their Faces. მათ იქორწინეს კიდეც 1939 წელს, თუმცა 1942 წელს დაშორდნენ.

თავის ნაწარმოებებში ხატავდა ჩაგრული ადამიანების, მათ შორის ზანგების აუტანელ მდგომარეობას. მისი ნაწარმოებები რეალისტურია, ხშირად ირონიით გადმოცემული. რეალისტური, ექსპრესიულია წინამდებარე მოთხრობაც, რომელიც გვიხატავს ერთი ახალგაზრდა ზანგის ტრაგიკულ ბედს. შავკანიანი კენდი ბიჩემი ყვითელკანიან სატრფოსთან მიიჩქარის, მაგრამ ღამის პოლისმენის, „თეთრი ბატონის“ ტყვიას კი ემსხვერპლება, სრულიად დაუმსახურებლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ზანგია - „ყოველი შემთხვევისათვის“...

ჩვენ ვხედავთ, სულ ტყუილად კლავენ ახალგაზრდა ადამიანს. მოთხრობის დასაწყისიდანვე წინათგრძნობა რაღაც ცუდს გვეუბნება და მერე უცბათ ახდება, სამწუხაროდ. იმის მაგივრად, რომ სიყვარულს, ახალგაზრდობას ეზეიმა. რა მწარე ბედის ირონიაა...

ალბათ, არა ერთხელ გვინახავს ამ მოთხრობის მთავარი გმირის მსგავსი სიცოცხლით სავსე ადამიანი, ასევე ხშირია „თეთრი ბატონის“ მსგავსნი.

ნოველა „კენდი ბიჩემი“ (Candy-Man Beechum) გამოქვენდა კრებულში „მუხლმოყრილი მზის ამოსვლის წინაშე“ (1953).

ერსკინ კოლდუელი გარდაიცვალა 1987 წლის 11 აპრილს, არიზონაში.

კენდი ბიჩემი

ეს პატარა მოთხრობა ვამჯობინე სამასგვერდიანი რომანის დაწერას.

 

ოგიჩის ჭაობებიდან და სახერხი ქარხნიდან მთის ქედამდე ათი მილი მაინც იქნებოდა. მაგრამ კენდისათვის ეს მხოლოდ ერთ დიდ ნაბიჯს უდრიდა. ნეტავი შეგეხედათ, როგორ მარდად გადარბოდა ხევიდან ხევზე, რომლებიც ასე მრავლადაა შუაგულ ჯორჯიაში.

- სად მიდიხარ კენდი?

- გზა მომეცით სატრფოსთან მიმეჩქარება, მოუთმენლად მელის, თითის წვერებზე შემდგარი. 

დაფეთებული კურდღლები ხის ფუღუროებში იმალებოდნენ, რომ კენდის მძიმე ფეხებს გადარჩენოდნენ.

- ფრთხილად კენდი, რომელიმე თეთრკანიანს არ დაადგა ფეხი, - შენიშნა პატარა ბომ, - ხომ იცი, თეთრკანიანი  პირველი კაცია დედამიწაზე.

კენდიმ ისე მსუბუქად გადააბიჯა მესერს, თითქოს მესერი თოხის ტარი ყოფილიყო. წუთით შეჩერდა და შავკანიან ბიჭს დააცქერდა, უკვე ბნელდებოდა, გასასვლელი კი ათი მილი ჰქონდა.

- რა მესაქმება თეთრებთან, - უპასუხა კენდიმ, - ნეტა თვითონაც არ მაწუხებდნენ. მე ვატყავებ მათ ჯორებს და ვუზიდავ კვიპაროსის მორებს, მთავრდება სამუშაო დღე და თვალითაც ვეღარ მხედავენ.

ბუები ამოძრავდნენ ხეებზე, მზის ჩასვლა უხაროდათ.

ბაკში მომუშავე შავკანიანმა ბიჭმა კეფა მოიფხანა და ცამავალ მზეს გახედა. ჯორებს საჭმლის მიცემა რომ არ სჭირდებოდეთ და ჯიბეში ათცენტიანი მონეტა მაინც ჰქონდეს, ისიც წავიდოდა კენდისთან ერთად. დღეს შაბათია და ქალაქში, ალბათ, სავსე ტაფებით თევზს წვავენ. კარგია პირის ჩაგემრიელება სვიით, რომელსაც ასეთი სასიამოვნო სუნი აქვს.

- დამაცადე, - თქვა პატარა ბომ, - ჩქარა მეც მეყოლება სატრფო.

- ჩემს სატრფოს არ შეეხო, სხვებთან კი მე თვითონ დაგეხმარები.

კენდიმ მეორე ფეხიც გადაატარა მესერზე და აღმა აუყვა ფერდობს. ათი მილის გავლაა საჭირო ჭაობიდან მთის ქედამდე და მიზანიც მიღწეულია. ბუჩქებს თითქოს მისი გაწკეპვლა უნდოდათ, მაგრამ ვერ ასწრებდნენ. სად ეცალა დალოდებოდა, როდის შეეხებოდნენ მის ფეხებს ეს ჭაობის ბუჩქები. კენდი ბიჩემი მიდიოდა სოფლის შარაგზით, შემდეგ მინდვრით, ერთბაშად აბიჯებდა სიმინდის სამ რიგს და მიიწევდა წინ, სულ წინ.

რამოდენიმე ზანგის ბიჭი მიაბიჯებდა გზატკეცილზე. კენდი ისე სწრაფად დაეწია მათ, რომ თავების მობრუნება ვერ მოასწრეს.

- გზა, გზა მომეცით! - დაიყვირა მან, - გესმით, კენდი მოდის.

- სად მიდიხარ, კენდი?

ისინი იძულებული იყვნენ ერბინათ, რათა მას არ ჩამორჩენოდნენ, ძნელი კი იყო მისი დაწევა, კენდის თითოეული ფეხი ხომ სიგრძით ოთხი ფუტი იყო. სირბილისგან ქოშინიც კი აუტყდათ.

- ვიღაცა მეკითხებოდა სად მივდივარ, - თქვა კენდიმ, - ყვითელკანიან სატრფოსთან მივდივარ, მინდა ცოტა გავეარშიყო.

- გიჯობს ბუკი დაუკრა. სანამ მის კარს შეაღებდე, ყვითელ ქალიშვილებს არ უყვართ მოულოდნელი სიურპრიზები.

- შენ კარგად უკრავ, მაგრამ სრულიად უადგილოდ. ჩემი სატრფო ყოველთვის კართან მელოდება.

შაბათ საღამოს ყველა ახალგაზრდას ეჩქარება. ცდილობენ, ყველაფერი მოასწრონ, ვიდრე ორშაბათ დილით საყვირი ისევ სამუშაოს დაწყებას არ შეატყობინებს.

ყმაწვილები ჩამორჩნენ კენდის, თან ქშინავდნენ და მძიმედ სუნთქავდნენ. ხუმრობა ხომ არ არის ასეთი გრძელფეხას დაწევა, ისიც შაბათ საღამოს, როდესაც ის სატრფოსთან მიიჩქარის.

დიდი გზა კენდის ძალზე მიხვეულ-მოხვეული ეჩვენებოდა. ამიტომ პირდაპირ მინდვრებზე მიდიოდა, იქითკენ მიიჩქაროდა, სადაც მთელი ტაფა შემწვარი თევზი ელოდებოდა. ქალაქის მაშხალები ისე მორბოდნენ მის შესახვედრად, თითქოს ციცინათელების გუნდიაო. რვა მილი ქალაქამდე, მერე კიდევ ორი და ის სატრფოს კარებზე დააკაკუნებს.

ქალაქთან კენდი ისევ გზაზე გამოვიდა. აქ უკვე გზა სწორი იყო. მოხუცები ორთვალებით მოდიოდნენ, ახალგაზრდები კი ფეხით მოსეირნობდნენ, მაგრამ კენდის ყველა გზას უთმობდა. შებმული ჯორები, კოხტა ყმაწვილები, რომლებიც შარაგზაზე მოაბიჯებდნენ, ყვალანი ცდილობდნენ გაეტარებინათ კენდი.

- სად მიგეჩქარება ასე, კენდი?

- გზა დამითმეთ ზანგებო, თუ არ გინდათ მტვერი გაყლაპოთ. კენდი მოდის.

- სად მიდიხარ, კენდი?

- სატრფოსთან, იგი ახლა კართან მელოდება, არ უყვარს, როდესაც ალოდინებენ.

- წყნარად, კენდი, ცოტა ფეხი შეანელე, თეთრების ქალაქში მიდიხარ, მათ კი არ უყვართ, როცა ზანგები ფეხებს ადგამენ.

- როცა მზე ჩადის, მე თვითონ ვარ ჩემი თავის პატრონი, სად მცალია იმის გასარჩევად, ვინ თეთრია და ვინ არა.

მოხუცები ჯორებს უწყრებოდნენ, ჯორებიც ჩორთით გარბოდნენ. მოხუცებს არ მოსწონდათ უზარმაზარი ზანგი ბიჭის ლაპარაკი.

- ჩვენც წაგვიყვანე შენთან ერთად, კენდი, - სთხოვდნენ ახალგაზრდა ყმაწვილები, - ჩვენც გვინდა შენი საქათმედან წიწილა ამოვირჩიოთ.

- საქათმეში ერთი მამალი ვარ და ყველა უცხოს დეზებს ვკრავ. გამეცალე შავო ბიჭო, გამეცალე.

სულ წინ, წინ მიიწევდა კენდი, მიაბიჯებდა თითქმის შუა ქვაფენილზე. რა დაატევს ტროტუარზე, როცა ასე ეჩქარება. ახლა ერთ თეფშ შემწვარ თევზს გაათავებს და ისევ გზას გაუდგება. ყვითელი სატრფო ელოდება, დასაკარგი დრო სადა აქვს, რვა მილი გაიარა, ორი მილი დარჩა. ალბათ სამხერხაოს ოსტატს ორშაბათ დილით მისი გაღვიძება საყვირით მოუწევს. შემწვარი თევზის სუნმა პირდაპირ სასაუზმის კართან მიიყვანა. შეიძლება კეფალი იწვებოდა, მაგრამ სუნი მაინც კარგი იყო. ახლა არა აქვს დრო სპეციალური კერძის შესაკვეთად. ხელით კარის რაზა მოსწია, მხოლოდ ივახშმებს და ისევ გზას გაუდგება. უკვე ხედავს სატრფოს, რომელიც ელოდება. სულ ორი მიიღა აშორებს მთის მწვერვალიდან.

მაგიდას ახალგაზრდები უსხდნენ. ოთახი სავსე იყო ხალხით და ყველას ისევე შიოდა, როგორც კენდის. ღუმელის თავი სავსე იყო შემწვარი თევზით, კასრი ნახევრად ცარიელი. აქ ასამდე დამშეული ადამიანის დანაყრება შეიძლებოდა. ხელი ისევ კარის რაზაზე ედო და ცხვირით პაერს ისუნთქავდა. მასზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელ კასრ სვიას იყიდდა, ისე გაათვებდა, რომ ნამცეცსაც არ დატოვებდა.

- სად მიდიხარ, კენდი?

- ძალიან ცოტა დრო დამრჩა, თეთრო ბატონო, გამისტუმრე, თუ შეიძლება.

ღამის პოლისმენმა ხელბორკილები გახსნა და კენდისაკენ გაიწია. კენდიმ უკან დაიხია.

- იცი, კენდი, უნდა დაგაპატიმრო, ასე ჯობია, თორემ მომბეზრდა მთელ ქალაქში მოჩხუბარი ზანგების დევნა.

- მთელ სიცოცხლეში თითიც არავისათვის დამიკარებია, თეთრო ბატონო. მე არასოდეს ვჩხუბობ. ალბათ, ვიღაც სხვაში შეგეშალეთ, თეთრო ბატონო, რომელიმე სხვა ზანგში. მე სატრფოსთან მივდივარ და ქალაქში არ ვჩერდები.

- მე მაინც დაგაპატიმრებ, ყოველი შემთხვევისათვის, ორშაბათ დილით ისევ გამოგიშვებ. აბა, მომეცი ხელები, ზანგო.

კენდიმ ნაბიჯი უკან გადადგა. იგი თავის ყვითელ სატრფოზე ფიქრობდა, სულაც არ უნდოდა სატრფო ციხეზე გაეცვალა. ნელ-ნელა უკან იხევდა.

- გესვრი, შავკანიანო, კიდევ ერთი ნაბიჯი და გესვრი.

- თეთრო ბატონო, ძალიან გთხოვ გამიშვა. არც კი ვივახშმებ, ისე წავალ ქალაქიდან. სატრფო ორშაბათ დილამდე უნდა მოვინახულო.

კენდიმ უკან დაიხია. ღამის პოლისმენმა მიწაზე დაანარცხა ხელბორკილები და რევოლვერი ამოიღო. ჩახმახი შეაყენა და გაისროლა. კენდი დაეცა.

– რატომ გააკეთე ეს, თეთრო ბატონო? მე ხომ მხოლოდ უზარმაზარი შავი ზანგი ვარ, რომელსაც ფეხები ექავება და ადგილზე დგომას სიარული ურჩევნია.

ხალხი შეგროვდა, ერთნი მალევე მიბრუნდნენ და თავის გზას გაუდგნენ, სხვები გაჩერდნენ, შესცქეროდნენ, როგორ იყურებოდა კენდი ფეხებზე და ამოწმებდა მათ, ისევ შეძლებდნენ თუ არა მის ტარებას. მას ხომ კიდევ ორი მილის გავლა სჭირდებოდა, ვიდრე მთის მწვერვალზე ავიდოდა.

ხალხი მატულობდა. ღამის პოლისმენმა შეინახა რევოლვერი. კენდიმ ადგომა სცადა. ყვითელი სატრფო ხომ კართან ელოდა, მოუთმენლობისაგან თითის წვერებზე სემდგარი.

- რატომ მესროლე, თეთრო ბატონო. მე ხომ არასდროს არ ვეხები თეთრებს, მაშ ჩემთან რა გინდოდა. მაგრამ რადგან ასეთი რამეები ხდება ქვეყანაზე, ცხოვრებაც აღარ ღირს. ალბათ მომიწავს სანთლის ჩაქრობა და თქვენგან წასვლა, მომეცით სუდარა, რათა ძვლები დავიფარო.

- თუ ბევრს ილაპარაკებ, ზანგო, - თქვა თეთრმა ბატონმა, - იძულებული ვიქნები ამოვიღო რევოლვერი და შენი წასვლა დავაჩქარო.

ხალხი განზე გადგა. ღამის პოლისმენმა რევოლვერს დაადო ხელი.

- რას იზამ, რაკი ასეთი საქმეებიც ხდება, გზა მომეცით, კენდი ბიჩემი მოდის.

0

ავტორი: