10:48:23     25-10-2011
ZBD 2000 – ჩინური საბრძოლო მანქანა
ZBD 2000 წარმოადგენს ჩინური წარმოების ამფიბურ ქვეითთა საბრძოლო მანქანას. სულ შექმნილია მისი სამი მოდიფიკაცია: 105 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებული მსუბუქი ტანკი, 30 მმ-იანი ქვემეხითა და HJ-73C-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით შეიარაღებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა და დაჯავშნული ლოჯისტიკური მანქანა. ZBD 2000 შექმნილია მოძველებული Type 63A ტიპის მსუბუქი ტანკის ალტერნატივად. მისი წარმოება 2006 წლიდან დაიწყო. უახლესი ჩინური ამფიბიური ქვეითთა საბრძოლო მანქანა შესაძლოა შევადაროთ ამერიკულ Expeditionary Fighting Vehicle-ს, იგივე EFV-ს.
ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანა საზოგადოებამ პირველად 2006 წელს იხილა. მისი შემუშავება სპეციალურად ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის საზღვაო ქვეითებისთვის მოხდა.
ZBD 2000-ების წყალში გადასროლა სადესანტო გემებიდან ხდება, ნაპირიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით. ამ მანძილზე ქვეითთა საბრძოლო მანქანებს ძალიან მაღალი სიჩქარით შეუძლიათ ცურვა. ZBD 2000-ის ცურვის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 45კმ/სთ-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეითთა საბრძოლო მანქანა ამფიბიურია ცურვითი შესაძლებლობებით ის ამერიკულ EFV-ს შესაძლოა ვერ შეედაროს.
ZBD 2000 შეიარაღებულია 30 მმ-იანი ქვემეხით. ქვემეხი ახალი დიზაინისაა, თუმცა ის შესაძლოა უკრაინული ქვემეხის ასლს ან ლიცენზიურად წარმოებულ ვარიანტს წარმოადგენდეს. ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე ასევე დამონტაჟებულია HJ-73C-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მარვადი რაკეტების გაშვები დანადგარი. დამხმარე შეიარაღების სახით ZBD 2000-ს 1 x 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი გააჩნია.
ამფიბიური ქვეითთა საბრძოლო მანქანის ეკიპაჟი სამი კაცისაგან შედგება, ხოლო დესანტის სახით 6-დან 10-მდე სრულად აღჭურვილი საზღვაო ქვეითის ტრანსპორტირება შეუძლია. დესანტს მანქანაში შესვლა და მისი დატოვება, როგორც უკან განლაგებული სადესანტო კარის, ასევე ლუკების მეშვეობით შეუძლია.
ZBD 2000-ის შუბლა ჯავშანი 12.7 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვაზეა გათვლილი, ხოლო კორპუსის ჯავშანი სხვა ნებისმიერ ადგილას 7.62 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს.
ქვეითთა საბრძოლო მანქანის ცურვის შესაძლებლობას ორი წყალმტყორცნი უზრუნველყოფს და ისინი სპეციალურად მაღალი სიჩქარით ცურვის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი. ZBD 2000-ის ძალური დანადგრის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი ძრავა დიზელისაა და ის კორპუსის წინა ნაწილში მდებარეობს.
მახასიათებლები:
შეიარაღებაში მიიღეს - 2006 წელს
ეკიპაჟი - 3 კაცი
დესანტი - 6 – 10 კაცი
ქვემეხი - 30 მმ-იანი ქვემეხი
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა - HJ-73C
ტყვიამფრქვევი - 1 x 7.62 მმ-იანი
ძრავა - დიზელის
მაქსიმალური სიჩქარე - 65 კმ/სთ
ცურვის სიჩქარე - 45 კმ/სთ
სვლის მარაგი - 500 კმ
წყლიანი დაბრკ. გადალახვა - ამფიბიური
army.ge