10:46:50     25-10-2011
ამერიკული საბრძოლო ტანკი M60 Patton
ამერიკული ტანკი M60 Patton-ი წარმოადგენს პირველი თაობის ძირითად საბრძოლო ტანკს. ტანკი პირველად 1960 წლის დეკემბერში გამოჩნდა. M60 Patton-ი ფართოდ გამოიყენებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და „ნატოს“ წევრი სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების მიერ. ტანკი ამჟამადაც რჩება რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში. მათგან ყველაზე მეტი დაახლოებით 1700 ერთეული მოდერნიზებული M60A3 ტიპის ტანკი ეგვიპტის არმიის შეიარაღებაში იმყოფება. მეორე დიდი ოპერატორი თურქეთია და მის შეიარაღებაში 900 ერთეულზე მეტი „პატონი“ იმყოფება. ხოლო მესამე ისრაელია დაახლოებით 700 ტანკით, რომლებიც მოდერნიზებული და გაუმჯობესებულია.
M60 Patton-ი არის პირველი ძირითადი საბრძოლო ტანკი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში აიგო. M60 „პატონზე“ მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1957 წელს დაიწყო. ტანკი შეიქმნა, რათა აუცილებლობის შემთხვევაში წინააღმდეგობა გაეწია საბჭოთა წარმოების T-54-ისა და T-55-ის ტიპის საშუალო ტანკებისთვის, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებითა და მახასიათებლებით, ყველა ასპექტში, მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ იმდროინდელ ამერიკულ M48 „პატონის“ ტიპის საშუალო ტანკებს. ტანკის პირველი ვარიანტები 1959 წლისთვის აიგო. თავდაპირველად კომპანია „კრაისლერთან“ კონტრაქტი 180 ერთეული ამ ტიპის ტანკის მიწოდებაზე დაიდო. M60 „პატონი“ სერიულ წარმოებაში 1960 წელს ჩაეშვა და მისი და მისი სხვა მოდიფიკაციების წარმოება 1987 წლამდე გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში სულ 15 000 ერთეული M60 „პატონი“ და მისი სხვა მოდიფიკაციები აიგო.
M60 „პატონი“ M26-ის, M46-ის, M47-ისა და M48-ს ტიპის ტანკების ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ტანკის კომპონენტების საკმაოდ დიდი ნაწილი M48A2-ის ტიპის საშუალო ტანკიდან არის გადმოტანილი. მიუხედავად ამისა, M60-ს გაცილებით უკეთესი ჯავშანდაცვა, უფრო ძლიერი შეიარაღება და ძრავა აქვს.
ძირითადი საბრძოლო ტანკი M60 „პატონი“ შეიარაღებულია ბრიტანული L7-ის ტიპის 105 მმ-იანი ქვემეხით, რომელიც ლიცენზიურად იწარმოებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, როგორც M68. საჭიროების შემთხვევაში ქვემეხის შეცვლა საველე პირობებშიც კი ადვილადაა შესაძლებელი. M60-იდან ნასროლ ჭურვს შეუძლია გაარღვიოს 120 მმ-ის სისქის ჯავშანი 2000 მეტრის სიშორეზე. ტანკის საბრძოლო კომპლექტი ხუთი ტიპის 60 ჭურვისაგან შედგება.
დამხამრე შეიარაღების სახით „პატონი“ 1 x 7.62 მმ-იანი შეწყვილებული და დისტანციურად მართვადი 1 x 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევით არის შეიარაღებული.
“პატონის“ კორპუსი და კოშკურა მონოლითური ფოლადის ჯავშნთაა დაცული. ჯავშნის მაქსიმალური სისქე 155.6 მმ-ს შეადგენს.
ძირითად საბრძოლო ტანკ M60 „პატონზე“ ძალური დანადგარის სახით Continental AVDS-1790-2-ის ტიპის დიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც 750 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ძრავის საველე პიობებში შეცვლას 4 საათი ესაჭიროება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ M60 „პატონი“ იყო ამერიკაში წარმოებული პირველი ტანკი, რომელზედაც დიზელის ძრავა იყო დამონტაჟებული. მანამდე წარმოებულ ტანკებზე, ჩვეულებრივ, ბენზინის ძრავებს აყენებდნენ.
M60-ის სერიული წარმოება მხოლოდ ორ წელიწადს გრძელდებოდა, 1962 წლიდან ის გაუმჯობესებული M60A1-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკით ჩანაცვლდა.
ძირითადი საბრძოლო ტანკი M60 „პატონი“ ექსპორტზე მრავალ ქვეყანაში გავიდა. ტანკის უცხოური ოპერატორებიდან აღსანიშნავია ისრაელი, ეგვიპტე, თურქეთი, იტალია, ავსტრალია და სხვა.
M60 „პატონმა“ მონაწილეობა ხუთ ომში: ექვსდღიან, იომ კიპურის, ირან-ერაყის, ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალსა“ და დასავლეთ საჰარას ომში მიიღო.
M60-ები და M60A1-ის ტიპის ტანკები აქტიუად გამოიყენებოდა ისრაელის არმიის მიერ 1973 წლის იომ კიპურის ომში, როგორც სინაის, ისე გოლანის სიმაღლეებზე. ამერიკის შეერთებულმა შტატები ისრაელს M60-ის ტიპის ტანკებთ, როგორც ომამდე, ისე ომის მიმდინარეობისას ამარაგებდა. ამის შემდეგ ისრაელის არმიის შეიარაღებაში უამრავი ამ ტიპის ტანკი გამოჩნდა. ისრაელამ მათ მოდერნიზაცია ჩაუტარა. ტანკების მოდერნიზება ახალ მუხლუხებსა და დინამიკური დაცვის ელემენტბით აღჭურვას მოიცავდა. ტანკის ამ ვარიანტს „მაგაჩი“ ეწოდა. ეს ტანკები გამოიყენებოდა 1982 წლის ლიბანის ომში. „მაგაჩების“ მოდერნიზება ამის შემდგომაც გაგრძელდა, მოგვიანებით ისინი უახლესი ცეცხლის მართვის სისტემებითა და დამატებითი ჯავშნითა აღიჭურვა. „მაგაჩის“ უკანასკნელი მოდელი „მაგაჩ“ 7 დღემდე გამოიყენება ისრაელის არმიის მიერ.
M60A1-ის ტიპის ტანკები ასევე გამოიყენებოდა ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალში“, 1991 წელს. M60A1-ებზე დამონტაჟებული იყო დინამიკური დაცვის ელემენტები. ქუვეითში „პატონებმა“ მონწილეობა მიიღეს აეროპორტისთვის გამართულ ორდღიან ბრძოლაში, სადაც მხოლოდ ერთი მათგანი დაზიანდა.
მახასიათებლები:
შეიარაღებაში მიიღეს - 1960 წელს
ეკიპაჟი - 4 კაცი
წონა - 52.6 ტ
სიგრძე (ქვემეხით - 9.44 მ
კორპუსის სიგრძე - 6.95 მ
სიგანე - 3.63 მ
სიმაღლე - 3.27 მ
ქვემეხი - 105 მმ-იანი
ტყვიამფრქვევები - 1 x 7.62 მმ-იანი, 1 x 12.7 მმ-იანი
ჭურვები - 60
ვაზნები - 6 000 x 7.62, 900 x 12.7
ძრავა - Continental AVDS-1970-2 დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 750 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 48 კმ/სთ
სვლის მარაგი - 480 კმ
დახრილობა - 60%
გვერდითი დახრილობა - 30%
ვერტიკალური წინაღობა - 1.2 მ
თხრილი - 2.7 მ
წყლიანი დაბრკოლების გადალახვა - 1.3 მ
army.ge
0