რუსული  „სიმამაცის  გაკვეთილები” და დათრგუნული მოზარდები... რუსული „სიმამაცის გაკვეთილები” და დათრგუნული მოზარდები... />


  18:00:14     24-10-2011

რუსული „სიმამაცის გაკვეთილები” და დათრგუნული მოზარდები...

a11603.jpg

რუსეთში 2000 წლიდან განახლებული საბჭოური “სიმამაცის გაკვეთილების” ტრადიცია მოსწავლეთათვის კოშმარად იქცა. მოზარდებს სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიზნით, ომის საშინელებებზე უყვებიან, საფლავებსა და კუბოებს ათვალიერებინებენ და საკონცენტრაციო ბანაკებში გამოყენებულ წამების მეთოდებს დეტალურად უხსნიან.

სექტემბერში, როცა სასწავლო წელი დაიწყო, „პრესა.გე“ წერდა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, პირველი, რითაც სკოლებში სწავლის დაწყება აღინიშნა, ე.წ. “სიმამაცის გაკვეთილები” იყო, რომელსაც რეგიონის მასშტაბით, რუსეთის “ფსბ”-ს სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენლები ატარებდნენ.

როგორც ირკვევა, “სიმამაცის გაკვეთლები” მხოლოდ ცხინვალისთვის არ მოუგონიათ და ის დიდი ზარ-ზეიმით ტარდება თავად რუსეთის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში. თუმცა მთლად სისტემატური ხასიათი ამ სამხედრო-აღმზრდელობით კურსს არ აქვს და გაკვეთილებს განსაკუთრებული დღესასწაულების დროს, მათ შორის პირველ სექტემბერს და სწავლის დასრულების დღეს ატარებენ.

რა მიზანი აქვს “სიმამაცის გაკვეთლებს” და რა პრინციპებს ეფუძნება რუსული სამხედრო-პატრიოტული აღზრდა?

გაკვეთილის აუცილებელი ატრიბუტია დაღუპული საბჭოთა მებრძოლის ძეგლი და სამამულო ომის ცოცხალი ვეტერანი, რაც “საზეიმო მწყობრში” ჩამდგარ მოსწავლეებზე, იდეის ავტორთა თქმით, “ძლიერ ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს.”

“სიმამაცის გაკვეთილების” არსის განმარტებაში კი ვკითხულობთ:

“სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მასობრივ პრაქტიკაში დადებითია მომავალ მებრძოლთა კლუბების როლი. მათი მუშაობის გეგმაშია – ლენინური კითხვა, თეორიული კონფერენციები, საბრძოლო დიდების თემატური საღამოები, საზეიმო შეკრებები, რომლებიც ისტორიულ თარიღებს ეძღვნება და საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ცხოვრებას უკავშირდება. ასევე, სამხედრო-პატრიოტული თემატიკის ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოები, სამხედრო-სპორტული თამაშები და შეჯიბრები, მასობრივ-თავდაცვითი წრეების მუშაობა, ომის თემატიკაზე შექმნილი ფილმების დემონსტრირება, ტურისტული მსვლელობები გმირ ქალაქებში...”

“სიმამაცის გაკვეთილები” საბჭოთა სკოლებში 1970-1980-იან წლებში ტარდებოდა. რუსეთში ის 2000 წლიდან აღადგინეს. მართალია, ამ გაკვეთილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში “ფსბ” ატარებს, მარამ თავად რუსეთში, ხშირად ადგილობრივ პედაგოგებსა და მათ ფანტაზიებსაც ენდობიან.

რას აყურებინებენ რუსეთის სკოლებში მოზარდებს და როგორია 2011 წლის ერთ-ერთი “სიმამაცის გაკვეთილის” სცენარი?

“ნახევრად ჩამონგრეული აგურის კედელზე წითელი ნაჭერია გადაჭიმული, აგურებზე შავად წერია რიცხვები – დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა. ცენტრში რომელიღაც გმირის მიწიდან ამოწვდილი ხელი მოჩანს, რომელსაც მარადიული ცეცხლი უპყრია. ცაში წეროების გუნდი დაფრინავს. მწკრივში ჩაწყობილია 3 დიდი მასრა, რომლებშიც ბოლოს ყვავილებს აწყობენ.”

გაცილებით თავზარდამცემი სანახაობა სკოლაში მისულ მოსწავლეებს  გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ “სიმამაცის გაკვეთილზე” ელით. ზარის ნაცვლად, ისმის გამყინავი ხმა, რომელიც იტყობინება, რომ “დღეს 1941 წლის 22 ივნისს დილის 4 საათზე, ყველანაირი წინასწარი პრეტენზიის გარეშე, გერმანიის რეგულარული არმია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს...”

ახლა კი ვნახოთ, რას წერენ “სიმამაცის გაკვეთილების” შესახებ თავად მოსწავლეები. ამ თემაზე გამოხმაურებებს ინტერნეტში უხვად ნახავთ:

“დღეს პრეობრაჟენსკის სასაფლაოზე ვიყავით. 185 საფლავი ვნახე. მეშინია. აქ 18 000 ადამიანი ერთმანეთზე წევს.”

“მოგვიყვნენ, როგორ აწამებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში. ყველაზე მეტად მეშინია, რომ იქ არ მოვხვდე. ადამიანს ხორცი მოაჭრეს, ტყავი ააცალეს და მისგან ხელთათმანები გააკეთეს.”

“ძალიან ძველი კუბოები ვნახე და შემეშინდა.”

“სიმამაცის გაკვეთილზე” გვაყურებინეს ტელევიზორს. ლუჟკოვი ვიღაც ბავშვებთან იჯდა და დაზეპირებულ ისტორიებს ყვებოდნენ.”

“დღეს გადასარევ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ მე-3 გაკვეთილი “სიმამაცის გაკვეთილი” გვქონდა და მთელი დღე ცრემლი მაღრჩობდა”...

სკოლის მოსწავლეებზე მოხდენილ ამ “ეფექტს” მოგვიანებით, რუსული ჯარის სპეციფიკაც ემატება და ფსიქოლოგია, რომელიც მხოლოდ ამ 2 ფაქტორის გათვალისწინებით ყალიბდება, ალბათ, არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ აგრესიული და საშიშია.

0

ავტორი: