15:54:15     24-10-2011
ზურა ტარყაშვილის მკვლელებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

სპორტის აკადემიის სტუდენტი, ჩოგბურთელი, 23 წლის ზურა ტარყაშვილი, რომელსაც არაერთხელ აქვს მიღებული მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში საქართველოს სახელით, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ოჯახის წევრების თანდასწრებით სადისტურად მოკლეს. სამი შეიარაღებული პირი მას ლაღიძის ქუჩაზე, მის სახლთან მდებარე მარკეტიდან გამოსვლის შემდეგ დაედევნა. ტარყაშვილი რუსთაველის გამზირისკენ გაიქცა, ხალხმრავალ ქუჩაზე მკვლელები უდანაშაულო ახალგაზრდას სროლით გაჰყვნენ და თერთმეტი ჭრილობა მიაყენეს.
17 ოქტომბრის ქრონიკა
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 19 წლის დავით რუსიშვილი და ივერი გოგბერაშვილი ზურა ტარყაშვილს დილიდან უთვალთვალებდნენ. მკვლელობამდე რამდენიმე დღის წინ რუსიშვილმა ზურა პრობაციის ბიუროშიც მოიკითხა. 17 ოქტომბერს კი, მოთვალთვალე რუსიშვილმა ზურას მარკეტიდან გამოსვლის შესახებ ივერი გოგბერაშვილს ტელეფონით აცნობა, რის შემდეგაც გოგბერაშვილი ლაღიძის ქუჩაზე, 23 წლის ირაკლი აგლაძესთან ერთად შეიარაღებული მივიდა. როგორც რუსიშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, ზურა, ლაღიძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიქცა და სამივე დაედევნენ. რუსთაველის გამზირზე, უდანაშაულო ზურა ტარყაშვილს უცნობი პიროვნება წინ გადაუდგა და დაიჭირა, მას ზურა დაუსხლტა, მაგრამ შეფერხდა, რის გამოც მკვლელები წამოეწივნენ და სადისტურად მოკლეს.
რუსიშვილმა პირველმა ესროლა ზურას ფეხში, ზურა დაეცა, რის შემდეგაც 23 წლის ტარყაშვილს, რამდენიმე ჭრილობა კიდევ მიყენეს მან და აგლაძემ, 51 წლის ივერი გოგბერაშილმა კი ორჯერ ესროლა თავში. საკონტროლო გასროლის შემდეგ დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ზურა ტარყაშვილი, რომელსაც 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ადგილზე, დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა. მკვლელობა დაფიქსირებულია ახლოს მდებარე ვიდეო სათვალთვალო კამერებითაც. კადრებში ჩანს როგორ მისდევს უიარაღო ახალგაზრდას სამი შეარაღებული პირი. უიარაღო, წაქცეული, დაჭრილი ზურას სადისტურად მოკვლის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გარბიან.
შს სამინისტრომ დავით რუსიშვილი მკვლელობის მეორე დღეს დააკავა. მისი ჩვენებიდან ნათლად სჩანს, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი და დამნაშავეები მიზნის მისაღწევად ხალხმრავალ ადგილას ცეცხლის გახსნასაც არ მოერიდნენ, რითაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე დააყენეს საფრთხის ქვეშ.
მოტივი
ცხადია ასეთი სასტიკი მკვლელობის შემდეგ, რომელშიც 51 წლის კრიმინალმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრით გათავისუფლებულმა ივერი გოგბერაშვილმა, 19 და 23 წლის ახალგაზრდებიც ჩართო, ჩნდება კითხვა, რას უკავშირდებოდა ივერი გოგბერაშვილის სასტიკი ქმედება? რატომ გასწირა მან 23 წლის ზურაბ ტარყაშვილი და ასევე ის ორი პირი (რუსიშვილი, აგლაძე), რომელთაც სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ?
გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის 14 მარტს, ზურა ტარყაშვილი შემთხვევით, ქუჩაში შეხვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სანდრო გოგბერაშვილს, ხელი ჩამოართვა მას და თავზე ხელი გადაუსვა. გოგბერაშვილმა თავზე ხელის გადასმა შეურაცხყოფად მიიღო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფს ზურა ტარყაშვილი გაერიდა, თუმცა მას აღნიშნულის გამო შეხვედრა გოგბერაშვილმა მეორე დღეს დაუთქვა.
გამოძიების მიერ დადგენილია, რომ მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქუჩაზე, ერთ–ერთი ეზოს შესასვლელ თაღში, ძმები ლევან და დავით ჩაჩუები და ზურაბ ტარყაშვილი სანდრო გოგბერაშვილსა და მის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას შეხვდნენ. იმ საღამოს იყო ძლიერი წვიმა, რამაც ელექტრო-ენერგიის გათიშვა გამოიწვია. სანდრო გოგბერაშვილმა შუბლზე იარაღი დაადო ზურა ტარყაშვილს. ზურას მეგობრებმა, ლევან და დათო ჩიჩუებმა მას იარაღი დააწევინეს, რა დროსაც გოგბერაშილმა ორჯერ გაისროლა ასფალტის მიმართულებით.
გასროლის ხმაზე, თაღში შევარდა მაკაროვის მარკის პისტოლეტით შეიარაღებული გოგბერაშილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა (რომელიც, მოწმეების ჩვენებით თავდაპირველად „არკაში“ იმყოფებოდა, მაგრამ „არკიდან“ იარაღის გადატენის მიზნით გავიდა და იქვე მდებარე კაფეში შევიდა) მოახდინა რამდენიმე გასროლა, რომლის შედეგადაც ფეხსა და ხელში დაიჭრა ზურა ტარყაშვილი, გულმკერდის არეში ლევან ჩიჩუა, ხოლო ფეხში დავით ჩიჩუა.
თორნიკე კაჭარავას ტყვია მოხვდა მისივე მეგობარს, სანდრო გოგბერაშვილს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. კაჭარავა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ზურაბ ტარყაშვილსა და მის მეგობრებს კი მიმალვა არც უცდიათ, დაჭრილი მეგობრები ტარყაშვილმა მისი მეგობრის, ბაკა ლატარიას დახმარებით (მისი მანქანით) ,,არამიანცის’’ საავადმყოფოში გადაიყვანა. ზურაბ ტარყაშვილი და დავით და ლევან ჩიჩუები სამართალდამცავებმა ხულიგნობის ბრალდებით, იმავე დღესვე დააკავეს.
უტყუარი მტკიცებულებები
როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ათობით მოწმის დაკითხვისა და სხვა უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ სანდრო გოგბერაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა თორნიკე კაჭარავას მიერ მაკაროვის სისტემის იარაღიდან მიყენებული ჭრილობა.
სხვა ათობით მოწმესთან ერთად, გოგბერაშვილის მეგობარმა, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის შვილმა დაადასტურა, რომ თვითმხილველი იყო თუ როგორ გადატენა მაკაროვის ტიპის პისტოლეტი კაჭარავამ და გრიბოედოვზე მდებარე კაფიდან „არკის“ მიმართულებით გავარდა. გოგბერაშვილის მეგობარმა, ლოლაშვილის შვილმა თორნიკე კაჭარავა ოფიციალურად ამოიცნო...
ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ტყვიები, რომელიც ზურაბ ტარყაშვილს, ლევან და დავით ჩიჩუებს და სანდრო გოგბერაშვილს ჰქონდათ მოხვედრილი, იდენტური იყო თორნიკე კაჭარავას კუთვნილი იარაღიდან გასროლილი ტყვიისა. გასროლა განხორციელებული არ იყო ახლო მანძილიდან, რაც მკვლელობის სურათს ნათელს ხდის და მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნის შედეგების შეჯერებით, შემთხვევის ადგილზე მომხდარი სურათის აღდგენა სადაო აღარავისთვის იყო.
ზურა ტარყაშვილს ბრალი დაედო ხულიგნობაში, რომელშიც მან თავი დამნაშავედ სცნო და სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს ზურას მეგობრებს: ლევან და დავით ჩიჩუებს.
ხოლო მიმალვაში მყოფ თორნიკე კაჭარავას ბრალი წაუყენეს გოგბერაშვილის მკვლელობასა და ზურა ტარყაშვილის, ლევან ჩიჩუასა და დავით ჩიჩუას მკვლელობის მცდელობაში. ასევე ხულიგნობასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებაში.
თორნიკე კაჭარავას სასამართლო პროცესებს ესწრებოდა გარდაცვლილ გოგბერაშვილის მამაც, შესაბამისად, მან ზუსტად იცოდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში ზურა ტარყაშვილს ბრალი არ მიუძღოდა. იცოდა, რომ სანდრო გოგბერაშვილი თორნიკე კაჭარავამ მოკლა... ივერი გოგბერაშვილს საქმის მასალები პირადად გააცნეს მისივე ადვოკატმა და გამომძიებლებმა, თუმცა, როგორც ამბობენ, იგი მაინც იმუქრებოდა, რომ ყველას მოკლავდა, ვინც მისი შვილის მკვლელობის დღეს ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა.
ზურა ტარყაშვილს მეგობრები, კურსელები და მეზობლები დადებითად ახასიათებენ, მათი განცხადებით, ზურას ოჯახის წევრებმა დროებით საქართველოდან წასვლაც შესთავაზეს, თუმცა იგი არ დათანხმდა, რადგან ამბობდა, რომ დასამალი არაფერი სჭირდა.
ზურა ტარყაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება, მკვლელობამდე ორი კვირით ადრე დატოვა და გოგბერაშვილის მამასთან შეხვედრასა და დალაპარაკებას გეგმავდა.
თუმცა არ დასცალდა, გოგბერაშვილმა, ორ ახალგაზრდასთან ერთად, 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობა ვანდალურად განახორციელა. ის თანამზრახველ აგლაძესთან ერთად, ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. ჯერჯერობით სამიდან მხოლოდ ერთი - დავით რუსიშვილია დაკავებული, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მკვლელობაში მონაწილე სამივე პირს, განზრახ მკვლელობისთვის (დამამძიმებელ გარემოებაში), რომელიც ჯგუფურად, წინასწარ იქნა დაგეგმილი და განხორციელებული და რამაც ათობით ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე, ასევე იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებისა და ხულიგნობისთვის ბრალი უკვე წაეყენათ, მათ სასჯელს ამძიმებს ისიც, რომ სამივე მათგანი პირობითი მსჯავრით იყვნენ გათავისუფლებული, ასეთი დანაშაულისთვის კი საქართველოს კანონმდებლობა სამუდამო (უვადო) პატიმრობას ითვალისწინებს.
პ.ს: ზურა ტარყაშვილი, მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა 22 ოქტომბერს სახლიდან ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს და იმავე დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ზურას, ოჯახის წევრებთან ერთად, ასობით თვალცრემლიანი ადამიანი აცილებდა. მათ შორის იყვნენ სრულიად უცნობებიც, რომლებიც წუხილსა და ცრემლს ვერ მალავდნენ უდანაშაულო ახალგაზრდის მკვლელობის გამო. მათი ერთადერთი იმედი ახლა მკვლელების მთელი სიმკაცრით დასჯაა.
0